ფეხბურთი

18:21 | 22.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

"სამტრედია" - სავარაუდო მეტოქეები ივლისისთვის
ხორვატიაში ზაგრების "დინამოს" ჰეგემონია დაემხო

როგორც იცით, "სამტრედია" წლეულს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. საქართველოს ჩემპიონი მეორე ეტაპიდან დაიწყებს და ნამდვილად რაც ვიცით, განთესილი არ იქნება. სულ 34 გუნდი ითამაშებს მეორე ეტაპზე: 17 განთესილი 17 განუთესავთან.

უფრო კონკრეტულად, პირველ ეტაპზე ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე 10 ქვეყნის ჩემპიონი ითამაშებს და 5 წყვილი შედგება, 5 გამარჯვებული გადავა მეორე ეტაპზე და შეუერთდება იმ 29 ჩემპიონს, რომლებიც პირდაპირ მეორე ეტაპიდან დაიწყებენ.

მეორე ეტაპის შეხვედრები 11-12 და 18-19 ივლისსს გაიმართება, ხოლო მესამე ეტაპისა - 25-26 ივლისსა და 1-2 აგვისტოს.

თითქმის ყველა ქვეყანაში გაირკვა ჩემპიონის ვინაობა. დრამატული სიტუაციაა პოლონეთში. იქ ორი ტური დარჩა და წარმოიდგინეთ, ოთხ გუნდს აქვს ოქროს მედლების შანსი: "ლეგიას", "ლეხს", "იაგელონიასა" და "ლეხიას". "ლეგია" (ან "ლეხი") უეჭველად განთესილებში მოხვდება მაღალი რეიტინგის გამო, "იაგელონია" (ან "ლეხია") კი პირიქით - განუთესავებში.

დაახლოებით იგივე ხდება მონტენეგროში, იქ სამ გუნდს აქვს შანსი და ერთი ტური დარჩა: "ბუდუჩნოსტი", "ზეტა" და "მლადოსტი" იბრძვიან. თუმცა "სამტრედიას" ეს ნაკლებად ეხება - ვინც არ უნდა გახდეს ჩემპიონი, განუთესავი იქნება.

უნგრეთში ან "ჰონვედი" გაჩემპიონდება, ან "ვიდეოტონი". თანაბარი ქულები აქვთ და ბოლო ტურში ერთმანეთს ხვდებიან...

მოლდოვაში 30 მაისს "ოქროს მატჩი" უნდა გაიმართოს "შერიფსა" და "დაჩიას" შორის. მათ თანაბარი ქულები დააგროვეს.

ბოსნიაშიც გასარკვევია ჩემპიონი: "შიროკი ბრიგი", "ჩელიკი", ან "მლადოსტი", თუმცა განთესილებში ვერცერთი ვერ იქნება და "სამტრედიას" მეორე ეტაპზე ვერ გადაეყრებიან.

აუცილებლად განთესილთა შორის იქნებიან და "სამტრედიას" შეიძლება შეხვდნენ: "სელტიკი" (შოტლანდია), "ზალცბურგი" (ავსტრია), "კოპენჰაგენი" (დანია), ლუდოგორეცი" (ბულგარეთი), ბატე (ბელარუსი), აპოელი (კვიპროსი), "მარიბორი" (სლოვენია), "ყარაბახი" (აზერბაიჯანი), "მალმიო" (შვედეთი), "ასტანა" (ყაზახეთი), "პარტიზანი" (სერბეთი) და "რიეკა" (ხორვატია).

შესაძლოა, განთესილებში მოხვდეს კიდევ ხუთი გუნდი: "რუსენბორგი" (ნორვეგია), "ჰაპოელ ბერ-შევა" (ისრაელი), "ჰაფნარფიორდური" (ისლანდია), "ჟილინა" (სლოვაკეთი) და "ჟალგირისი" (ლიტვა). ეს გააჩნია, თუ ვისი გამარჯვებით დასრულდება ჩემპიონატები პოლონეთში, მოლდოვასა და უნგრეთში.

ცნობისთვის, პირველი და მეორე ეტაპების წილისყრა 19 ივნისს გაიმართება.

"რიეკას" მიღწევა

ჩამოთვლილ სიაში ყველაზე მოულოდნელია ხორვატიის "რიეკას" გამოჩენა. ამ გუნდმა ნამდვილი სასწაული მოახდინა და ზაგრების "დინამოს" 11-წლიანი ჰეგემონია დაამხო. ერთი ტურია დარჩენილი და 5 ქულით გაუსწრო ზაგრებელებს.

"რიეკა" ისტორიაში პირველად გახდა ხორვატიის ჩემპიონი. გუნდს სლოვენიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი მატიაჟ კეკი თავკაცობს, ხოლო ლიდერები არიან ნახევარმცველი ფრანკო ანდრიაშევიჩი და შვეიცარიელი ფორვარდი მარიო გავრანოვიჩი ("შალკეშიც" თამაშობდა).

"რიეკა" ორჯერ გავიდა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ყველაზე საამაყო მატჩი კი 1984 წელს აქვს ჩატარებული, როცა მადრიდის "რეალს" შინ 3:1 მოუგო. გავარდა, მაგრამ მოგება ისტორიას შემორჩა.

Loading...
სტატისტიკა
0.264763