ფეხბურთი

10:29 | 22.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

მაკარიძემ "პორტუ" დაამარცხა და პორტუგალიის ჩემპიონატში ადგილი შეინარჩუნა (+VIDEO)

გიორგი მაკარიძე მომავალ სეზონში ისევ პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში ითამაშებს. მისმა კლუბმა, „მორეირენსემ“ ჩემპიონატის ბოლო ტურში გამარჯვება მოახერხა და ელიტაში ადგილი შეინარჩუნა. არადა, რომ წაეგო, გავარდებოდა.

„მორეირენსეს“ მეტოქე სერიოზული ჰყავდა - „პორტუ“. „დრაკონებისთვის“ ეს თამაში არსებითად არაფერს წყვეტდა, მაგრამ მაინც გამოსარჩევია, რომ მასპინძლებმა მრისხანე მეტოქეს ტოლი არაფერში დაუდეს და აჯობეს კიდეც - 3:1.

ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა მაკარიძემ - ქართველი 90 წუთი გაისარჯა და 6 სეივით დაასრულა მატჩი. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში „მორეირენსემ“ „პორტუ“ მეორედ დაამარცხა: პირველად პორტუგალიის ლიგის თასზე, იანვარში. აქვე გეტყვით, რომ წინა ტურში "მორეირენსე" სტუმრად "ბელენენსეშს" დაუზავდა და მოპოვებულ ქულაშიც დიდი წვლილი მიუძღოდა გიორგის - მეორე ტაიმში პენალტი მოიგერია. ამჯერად, უკვე "პორტუსთან" დაიცვა საკუთარი კარი მედგრად...

საბოლოოდ, მაკარიძემ და მისმა გუნდმა 33 ქულით მე-15 ადგილზე დაასრულეს. რაც შეეხება თავად გიორგის, მან პრიმეირა ლიგაში 33 თამაში ჩაატარა. ამასთან, სამჯერ პორტუგალიის ლიგის თასზეც ითამაშა და აღნიშნული თასიც მოიგო.

0.122348