ფეხბურთი

23:38 | 20.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი არაბიძე: "ბომბარდირობის დიდი სურვილი მაქვს"

საქართველოს ნაკრების შემტევი გიორგი არაბიძე ჩინებულ ფორმაშია - მართალია, 19 წლის ფეხბურთელს ჯერჯერობით პაულუ ფონსეკა „შახტარის“ ძირითად გუნდში არაფრის დიდებით არ აძლევს შანსს, მაგრამ ფაქტია, რომ 21-წლამდე გუნდში გიორგი გამორჩეულია.

ბოლო ორ ტურში მან დუბლი ორჯერ გაიფორმა და დაამტკიცა, რომ შარშან მირჩა ლუჩესკუ ხშირად შემთხვევით არ აწინაურებდა პირველ გუნდში.

არაბიძემ ამჯერად „ოლიმპიკის“ კარი აიღო ორჯერ - ჯერ პენალტი გაიტანა (პანენკას სტილში), მერე - ჯარიმიდან მოათავსა ბურთი კარში. აღსანიშნავია, რომ ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი ახალგაზრდული ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზე გადავიდა - 14 გოლით. მატჩის შემდეგ არაბიძემ დონბასელთა ოფიციალურ ვებგვერდს მცირე კომენტარი მისცა:

„ყველა ფეხბურთელი კმაყოფილები ვართ - ბოლო დროს კარგ ფორმაში ვართ, რადგან ბოლო ორ თამაშში გავიტანეთ რვა გოლი და კარი მშრალად შევინახეთ. ახლა „დინამოსთან“ მატჩისთვის მშვიდად ვემზადებით. რა თქმა უნდა, მომწონს, რომ ზედიზედ მეორე მატჩში გავიტანე გოლები, მაგრამ მთავარია, რომ „შახტარმა“ გაიმარჯვოს - ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

თუმცა, თუ საუკეთესო ბომბარდირი გავხდები, კარგი იქნება. ამის ძალიან დიდი სურვილი მაქვს“, - უთხრა არაბიძემ „შახტარის“ ოფიციალურ ვებგვერდს.

შეგახსენებთ, გიორგი არაბიძე „შახტარში“ 2015 წლის ზაფხულში გადავიდა და გასულ სეზონში სამჯერ მთავარ გუნდშიც ითამაშა. თუმცა, მიმდინარე სეზონში ფონსეკა მას არ სწყალობს და ამიტომაც, 21-წლამდელებში უწევს თამაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103895