სხვა

11:15 | 16.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ხურციძისა და სონდერსის დაპირისპირების თარიღი ოფიციალურად გამოცხადდა (+VIDEO)

WBO-ს ვერსიით საშუალო (72,6კგ) წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულზე ბილი ჯო სონდერსის და ავთანდილ ხურციძის ორთაბრძოლის თარიღი ოფიციალურად გამოცხადდა. მომავალმა მეტოქეებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ცნობილი გახდა, რომ 38 წლის ქართველისა და 27 წლის ინგლისელის დაპირისპირება 8 ივლისს, ლონდონში, Copper Box Arena-ზე ჩატარდება.

ბრიტანული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, გუშინდელმა პრესკონფერენციამ, წინასგან განსხვავებით, როცა მოკრივეებმა ლამის საპრესკონფერენციო დარბაზში დააპირეს მუშტებით ურთიერთობის გარკვევა, მშვიდად ჩაიარა და მკაცრი გამოხედვების გაცვლის შემდეგ სონდერსი ხურციძეს გადაეხვია კიდეც.

ავთანდილ ხურციძის მომავალი მეტოქე პროფესიონალურ კრივში 2009 წლიდან ასპარეზობს, კარიერაში ჩატარებული 24 ბრძოლიდან 12 ნოკაუტით აქვს მოგებული და დღემდე დაუმარცხებელია. WBO-ს ვერსიით საშუალო წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მან 2015 წლის დეკემბერში მოიპოვა, როცა ირლანდიელი ენდი ლი დაამარცხა. ტიტულის დასაცავად ბრძოლა გასული წლის დეკემბერში რუსეთის წარმომადგენელ არტურ აკავოვთან მოუწია და იდეალურად არ გამოიყურებოდა, თუმცა საბოლოოდ მაინც აჯობა მეტოქეს.

შეგახსენებთ, ხურციძემ (37 ბრძოლა, 33 მოგება (22 ნოკაუტით), 2 მარცხი, 2 ფრე) გასულ თვეში, ლესტერში, სონდერსის თანამემამულე ტომი ლანგფორდი ნოკაუტით დაამარცხა, მსოფლიოს ჩემპიონის დროებითი ტიტული მოიპოვა და სონდერსის გამოწვევაც მიიღო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112771