ფეხბურთი

12:23 | 12.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" - "რეალი": ისტორიის კვალდაკვალ

საფეხბურთო სამყარო ჩემპიონთა ლიგის ფინალის მოლოდინშია: „იუვენტუსი“ „რეალის“ წინააღმდეგ - ეს, ის თამაშია, რომელსაც ყოველთვის დიდი ინტრიგა ახლავს და რომელსაც დიდი ისტორია გააჩნია.

აქამდე, ამ გუნდების გზები 18-ჯერ გადაკვეთილა და სრული თანაფარდობაა: 8-8 მოგება და 2 ფრე. ერთი ეგაა, ბურთების შეფარდებაში მცირე უპირატესობას „იუვენტუსი“ ფლობს. აღსანიშნავია, რომ მათი ყველა დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგას (თასს) მოიცავს. ორჯერ „რეალისა“ და „იუვეს“ შეხვედრა ჯგუფურ ეტაპზე შედგა, ერთხელ ფინალში, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში საპლეი-ოფო სტადიაზე. აღსანიშნავია, რომ „იუვენტუსს“ „რეალი“ პლეი-ოფიდან გამოთიშული4-ჯერ ჰყავს, ხოლო „რეალმა“ იგივე ორჯერ გააკეთა. სამაგიეროდ, იმ ერთადერთ ფინალში გამარჯვება ესპანელებს დარჩათ. ვნახოთ, რა იქნება მეორე ჯერზე, თუმცა იქამდე, მოკლედ გავიხსენოთ აქამდე გამართული ყველა დაპირისპირება.

ჩემპიონთა თასი, 1/4 ფინალი, 1961-1962 წლების სეზონი

„იუვენტუსი“ – „რეალი“ 0:1

„რეალი“ – „იუვენტუსი“ 0:1

„რეალი“ – „იუვენტუსი“ 3:1 (გადათამაშება)

მადრიდის „რეალისა“ და ტურინის „იუვენტუსის“ გზები პირველად 1961-1962 წლების სეზონში, ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში გადაიკვეთა. პირველი შეხვედრა ტურინში შედგა და „სამეფო კლუბმა“ ალფრედო დი სტეფანოს გოლით მოიგო, მაგრამ საპასუხო შეხვედრაში სტუმრად მოგება უკვე „იუვენტუსმა“ მოახერხა ომარ სივორის გოლით. ვინაიდან მაშინ, დამატებითი დრო და პენალტების სერია არ წყვეტდა ორმატჩიანი რაუნდის ბედს, დაინიშნა გადათამაშება, რომელშიც ესპანური გუნდი უფრო ძლიერი გამოდგა: პარიზში გამართულ მატჩში ანგარიში ფელომ გახსნა, სივორიმ გაათანაბრა, ხოლო ლუის დელ სოლისა და ხუსტო ტეხადას გოლებმა ყველაფერი „რეალისკენ“ გადაწონა.

ჩემპიონთა თასი, მეორე ეტაპი, 1986-1987 წლების სეზონი

„რეალი“ – „იუვენტუსი“ 1:0

„იუვენტუსი“ – „რეალი“ 1:0 (მადრიდელებმა პენალტების სერიაში იმარჯვეს - 3:1)

მეორედ „რეალისა“ და „იუვეს“ გზები 25 წლის შემდგომ, 1986-1987 წლების სეზონში გადაიკვეთა ჩემპიონთა თასის მეორე ეტაპზე. მადრიდში მასპინძლებმა ემილიო ბუტრაგენიოს გოლით იმძლავრეს, ხოლო ტურინშიც იგივე ანგარიში დაფიქსირდა - ანტონიო კაბრინის მეცხრე წუთზე გატანილი გოლი ერთადერთი გამოდგა. ყველაფერი პენალტების სერიამ გადაწყვიტა, რომელშიც „რეალმა“ 3:1 მოიგო. გადამწყვეტი აღმოჩნდა იტალიელთა მხრიდან ლიონელო მანფრედონიასა და ლუჩანო ფავეროს გაცუდებული პენალტები.

ჩემპიონთა ლიგა, 1/4 ფინალი, 1995-1996 წლების სეზონი

„რეალი“ – „იუვენტუსი“ 1:0

„იუვენტუსი“ – „რეალი“ 2:0

პირველი ორრაუნდიანი დაპირისპირება, რომელშიც გამარჯვება „იუვენტუსს“ დარჩა. 1995-1996 წლების სეზონის მეოთხედფინალურ ეტაპზე „ბებერმა ქალბატონმა“ „სამეფო კლუბის“ ბარიერი დაძია. „სანტიაგო ბერნაბეუზე“ რაულ გონსალესის ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა ყველაფერი, თუმცა „დელე ალპიზე“ მარჩელო ლიპის გუნდმა სასურველ შედეგს მიაღწია. ალესანდრო დელ პიერომ და მიკელე პადოვანომ ესპანელებს ორი გოლი გაუტანეს. აღსანიშნავია, რომ გუნდებმა მატჩი 10-10 ფეხბურთელით ჩაამთავრეს: ჯერ 72-ე წუთზე რაფაელ ალკორტა, ხოლო მერე, 79-ე წუთზე მორენო ტორიჩელი გააძევეს. საბოლოოდ, იმ სეზონში „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

ჩემპიონთა ლიგა, ფინალი, 1997-1998 წლების სეზონი

„იუვენტუსი“ – „რეალი“ 0:1

ამ ორ ტიტანს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში 1998 წელს ჩატარდა - ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რომელსაც „ამსტერდამ არენამ“ უმასპინძლა „სამეფო კლუბმა“ მეტოქეს აჯობა. მატჩის ერთადერთი გოლი 66-ე წუთზე პრედრაგ მიატოვიჩმა გაიტანა და მაშინ ფავორიტად შერაცხული „იუვე“ თასის გარეშე დატოვა. აღსანიშნავია, რომ „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის მოგება 32 წლიანი პაუზის მერე პირველად მოახერხა.

ჩემპიონთა ლიგა, 1/2 ფინალი, 2002-2003 წლების სეზონი

„რეალი“ – „იუვენტუსი“ 2:1

„იუვენტუსი“ – „რეალი“ 3:1

„იუვენტუსმა“ რევანში ხუთი წლის შემდეგ აიღო - ამჯერად უკვე ნახევარფინალურ ეტაპზე. პირველ შეხვედრას მადრიდმა უმასპინძლა და ვისენტე დელ ბოსკეს გუნდმა რონალდოსა და რობერტო კარლოსის გოლებით მოიგო. შუალედში კი, დავიდ ტრეზეგემ გაიტანა სტუმართა მხრიდან. თუმცა, „დელე ალპიზე“ მარჩელო ლიპის გაწვრთნილმა „იუვემ“ საოცარი ფეხბურთი აჩვენა. ალესანდრო დელ პიერომ, დავიდ ტრეზეგემ და პაველ ნედვედმა მეტოქეს ფინალისკენ გზა გადაუღობეს. ექსიუვენტუსელი ზინედინ ზიდანის გოლი კი, ძალზე გვიანი და მხოლოდ პრესტიჟისა გამოდგა 87-ე წუთზე.

ჩემპიონთა ლიგა, 1/8 ფინალი, 2004-2005 წლების სეზონი

„რეალი“ – „იუვენტუსი“ 1:0

„იუვენტუსი“ – „რეალი“ 2:0 (დამატებითი დრო)

იგივე სცენარი ვიხილეთ ორი წლის მერეც, ოღონდ უკვე მერვედფინალში. ჯერ იყო და, მადრიდში ივან ელგერას 31-ე წუთზე გატანილი გოლით „სამეფო კლუბმა“ მოიგო, თუმცა, ტურინში ისევ მარცხი ელოდა. დავიდ ტრეზეგემ 75-ე წუთზე გახსნა ანგარიში და შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა. იქ კი, მარსელო ზალაიეტას ლამაზი გოლით შემდეგი ეტაპის საგზური იტალიურ გრანდს დარჩა. 113-ე წუთზე გუნდები კაცნაკლულნი დარჩნენ: რონალდო და ალესიო ტაკინარდი მთავარმა მსაჯმა მოედნიდან გააძევა.

ჩემპიონთა ლიგა, ჯგუფური ეტაპი, 2008-2009 წლების სეზონი

„იუვენტუსი“ – „რეალი“ 2:1

„რეალი“ – „იუვენტუსი“ 0:2

ეს წელი სულაც არ ყოფილა „იუვენტუსისთვის“ დასამახსოვრებელი. საფეხბურთო სკანდალის შემდეგ ეს იყო „ბებერი ქალბატონის“ პირველი დაბრუნება ევროპაში, თუმცა „რეალთან“ ისევ დიდებულად ითამაშა. ამჯერად, ჯგუფურ ეტაპზე. ტურინში „იუვენტუსმა“ 2:1 მოიგო - ანგარიში ალესანდრო დელ პიერომ დიდებული გოლით გახსნა, ხოლო ამაურიმ სხვაობა მეორე ტაიმში გააორმაგა. რუუდ ვან ნისტელროიმ პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხა. მადრიდში, მასპინძლები აშკარა ფავორიტად მიიჩნეოდნენ, თუმცა „იუვემ“ მიუხედავად შესუსტებული შემადგენლობით თამაშისა, მეტოქეს იოტისოდენა შანსი არ მისცა: შეხვედრის გმირი ალექს დელ პიერო გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა და თამაშის ბოლოს „სანტიაგო ბერნაბეუს“ პუბლიკა მას ფეხზე აპლოდისმენტებით წამოუდგა.

ჩემპიონთა ლიგა, ჯგუფური ეტაპი, 2013-2014 წლების სეზონი

„რეალი“ – „იუვენტუსი“ 2:1

„იუვენტუსი“ – „რეალი“ 2:2

მორიგი დუელიც ჯგუფურ ეტაპზე შედგა, ამჯერად უკვე „რეალი“ უკეთ გაისარჯა: მადრიდში, კრიშტიანუ რონალდუმ დუბლი შეასრულა, ხოლო „იუვეს“ ფერნანდო ლორენტეს გოლი არ ეყო. ამ მატჩი „იუვენტუსს“ ჯორჯო კიელინი ჯერ კიდევ პირველ ტაიმში გაუძევეს. „იუვენტუს სთედიუმზე“ გამართულ თამაშში კი, ფრე დაფიქსირდა: არტურო ვიდალმა (4-2ე წუთი) თავიდან იტალიის ჩემპიონი დააწინაურა, მერე კრიშტიანუ რონალდუმ (52-ე წუთი) და გარეტ ბეილმა (მე-60 წუთი) წინ ესპანელები გაიყვანეს, ხოლო ფერნანდო ლორენტეს გოლმა (65-ე წუთი) „იუვეს“ ქულა გადაურჩინა.

ჩემპიონთა ლიგა, 1/2 ფინალი, 2014-2015 წლების სეზონი

„იუვენტუსი“ – „რეალი“ 2:1

„რეალი“ – „იუვენტუსი“ 1:1

ბოლო დაპირისპირება კი, 2015 წლის მაისით თარიღდება: ნახევარფინალში გამარჯვებული „იუვენტუსი“ გამოვიდა - ტურინში, მასპინძელთაგან ალვარო მორატამ და კარლოს ტევესმა გაიტანეს, ხოლო სტუმართაგან ანგარიში დროებით, კრიშტიანუ რონალდუმ აღადგინა. „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „რეალის“ შანსი უფრო ფასობდა, მაგრამ 13 მაისს, „იუვეს“ დღე იყო - მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმი „სამეფო კლუბმა“ რონალდუს პენალტითი მოიგო და ამ შედეგით ფინალშიც გადიოდა, ყველაფერი „რეალის“ აკადემიის აღზრდილმა, მორატამ გადაწყვიტა, რომელმაც მაშინ ყოფილ კლუბს კვლავ გაუტანა, ფრე 1:1 დაფიქსირდა და „იუვენტუსი“ ფინალში გავიდა.

ახლა უკვე წინ ფინალური მატჩია - როგორც ხედავთ, სარევანშოდ საქმე ორივე გუნდს აქვს: ბოლო პერიოდში, პლეი-ოფის სტადიაზე მუდმივად „იუვე“ ახერხებდა „რეალის“ ძლევას, ხოლო აქამდე გამართულ ერთადერთ ფინალში გამარჯვება „სამეფო კლუბს“ დარჩა. ვნახოთ, რა მოხდება კარდიფის ფინალში...

აქვე სრული სტატისტიკაც:

მთლიანობაში: 18 თამაში, 8 მოგება „რეალი“, 8 მოგება „იუვენტუსი“, 2 ფრე, 18 გატანილი გოლი „რეალი“, 21 გატანილი გოლი „იუვენტუსი“.

მადრიდში: 8 თამაში, 5 მოგება „რეალი“, 1 ფრე, 2 მოგება „იუვენტუსი“, ბურთების ბალანსი: 8:6 („რეალის“ სასარგებლოდ).

ტურინში: 8 თამაში, 6 მოგება „იუვენტუსი“, 1 ფრე, 1 მოგება „რეალი“, ბურთების ბალანსი: 14:6 („იუვენტუსის“ სასარგებლოდ).

ნეიტრალურ მოედანზე (პარიზსა და ამსტერდამში): 2 თამაში, 2 მოგება „რეალი“, 0 ფრე, 0 მოგება „იუვენტუსი“, ბურთების ბალანსი: 4:1 („რეალის“ სასარგებლოდ).

მომდევნო მატჩი: 3 ივნისი, კარდიფი, „მილენიუმი“, ჩემპიონთა ლიგის ფინალი

0.113995