8 მაისს კახეთმა ზედიზედ მეოთხედ უმასპინძლა ყველაზე მასშტაბურ საქველმოქმედო ღონისძიებას სპორტის ისტორიაში - მსოფლიო რბენას Wings for Life. გარბენი ტრადიციულად ლოპოტის გადასახვევიდან, კავკასიონის ქედის გასწვრივ გაიმართა.
წლევანდელი Wings for Life საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით Check in Georgia Sport-ის ფარგლებში განხორციელდა. გარბენის მზარდამჭერები იყვნენ ფედერაცია „სპორტი ყველასათვის" და რედ ბულის წარმომადგენლობა.
საქართველოში ვაჟთა შორის გიორგი შეკრელიძემ გაიმარჯვა - „ფინიშ მანქანა" მას 35,43 კილომეტრის დაფარვის შემდეგ წამოეწია. გოგონებში პირველი ნინო მიქაძე იყო. მან 29,23 კილომეტრი გაირბინა. ორივე ჩემპიონი თავად აირჩევს თუ სად იასპარეზებს 2018 წელს. ეს Wings for Life-ის გამარჯვებულთა მთავარი პრიზია.
მსოფლიო რბენის წლევანდელი გლობალური გამარჯვებული ვაჟთა შორის შვედი არონ ანდერსონი გახდა, რომელმაც დუბაიში 92,14 კილომეტრი დაფარა. გოგონათა შორის პოლონელმა დომინიკა სტელმახმა გაიმარჯვა. ჩილეში, სანტიაგოში გამართულ რბენაში „ფინიშ მანქანა" მას 68,21 კილომეტრზე წამოეწია.
წლეულს საქველმოქმედო მსოფლიო რბენა ექვს კონტინენტზე, 58 ქვეყნაში, 110 ადგილზე გაიმართა. ორგანიზატორთა ინფორმაციით, ღონისძიებაში ასი ათასზე მეტი ადამიანი ჩაერთო. მათ შორის გახლდათ უხუცესი მორბენალი, 94 წლის შოთა სამუშია, რომელმაც კახეთში იასპარეზა.
საქართველოში ხუთი ათასი ადამიანი დარეგისტრირდა. მონაწილეთა ლიმიტის ამოწურვის გამო, რეგისტრაცია ექვსი დღით ადრე დასრულდა. საქველმოქმედო გარბენში საქართველოში Wings for Life-ის კეთილი ნების ელჩებიც მონაწილეობდნენ: მოთხილამურე ივა წიკლაური, პარალიმპიელი მოფარიკავე ირმა ხეცურიანი და ვეტერანი მოცურავე ჰენრი კუპრაშვილი. „ფინიშ მანქანას" კიდევ ერთი კეთილი ნების ელჩი, ავტომრბოლი მევლუდ მელაძე მართავდა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური







