ფეხბურთი

21:24 | 7.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

კაშიას და ბერიძის უქულო დღე

ჰოლანდიის ერედივიზიონის XXXIII ტურში არნემის „ვიტესი“ „უტრეხტს“ ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. ტრადიციულად 90 წუთი გაისარჯა არნემელთა კაპიტანი გურამ კაშია. „ვიტესი“ ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მეექვსე ადგილზეა და მის წინ „ალკმაარია“, რომელსაც ქულით მეტი აქვს. ისე, „ვიტესს“ ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში უკვე განაღდებული აქვს, რადგან მოგეხსენებათ, ერთი კვირის წინ ჰოლანდიის თასი მოიგო.

დანიის ჩემპიონატში მორიგი თამაში წააგო და ფაქტობრივად გავარდნის პირასაა მათე ვაწაძის „ვიბორგი“ (0:1). ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 72 წუთამდე ითამაშა. სამაგიეროდ მოიგო „სილკებორგმა“ გასვლაზე „ოლბორგთან“, მაგრამ მთელი თამაში სათადარიგო სკამზე გაატარა დავით სხირტალძემ. არადა, იყო პერიოდი, როცა ქართველი გუნდის ლიდერი იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში თამაში იშვიათად უწევს.

სლოვაკეთის ფორტუნა ლიგის 28-ე ტურში სახლში წააგო გიორგი ბერიძის „ტრენჩინმა“ ტრნავას „სპარტასთან“ 3:4. 90 წუთი იყო მოედანზე ქართველი შემტევი, რომელიც გუნდის გამორჩეული ფიგურაა, მაგრამ დღეს თავი დიდად არ გამოუჩენია. „ტრენჩინს“ 41 ქულა აქვს და მეხუთე პოზიციაზე იმყოფება.

საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ეს უიქ-ენდი ქართული ლეგიონისთვის ძალზე წარმატებული გამოდგა. გოლებით გამოირჩნენ ლაშა დვალი და ვალდიმერ დვალიშვილი ყაზახეთში, გიორგი ქვილითაია ავსტრიაში, ელგუჯა ლობჯანიძე რუსეთში, ვაკო გვილია ბელარუსში, ნიკა კაჭარავა კვიპროსზე და ირაკლი სირბილაძე ფინეთში. პოლონეთში გიორგი მერებაშვილმა საგოლე პასი მიითვალა - ამ ყველაფრზე რა თქმა უნდა, აქამდე უკვე გიამბეთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112606