ჭიდაობა

23:42 | 6.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

გოგიბერაშვილი და არაბული ევროპოდიუმზე ავიდნენ

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე ევროპირველობაზე, პოდიუმის მესამე საფეხურზე გოგა გოგიბერაშვილი (66 კგ) და ლევან არაბული (130 კგ) ავიდნენ. დღეს ბერძნულ-რომაულში საპრიზო სამეულები ოთხ წონით კატეგორიაში შეივსო.

გოგა გოგიბერაშვილი პირველსავე შეხვედრაში მომავალ ჩემპიონს - რუს არტემ სურკოვს დაეჭიდა და პირველ პერიოდში ტოლსწორად ებრძოლა - ორივე მოჭიდავემ 4-4 ქულა აიღო. მეორეში სამწუთეულში კი საქართველოს ნაკრების წევრმა მეტოქისგან განსხვავებით თავის მონაგარს ვეღარაფერი შემატა და 4:7 წააგო.

მას შემდეგ, რაც სურკოვმა ფინალის საგზური გაინაღდა, გოგიბერაშვილი რეპეშაჟში გადაერთო და ბრინჯაოს გზაზე ორი მოწინააღმდეგე ჩამოიშორა: პოლონელი მატეუშ ბერნატეკი (4:3) და თურქი ატაკან იუკსელი (6:3).

ლევან არაბული (130 კგ) საქმეში მერვედფინალიდან ჩაერთო და პირველ მეტოქეს – ნორვეგიელ ოსკარ მარვიკს ადვილად აჯობა (9:0). მეოთხედფინალში კი მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონ (2011 და 2015) და ოლიმპიური თამაშების ვერცხლისა (2016) და ბრინჯაოს (2012) პრიზიორთან - თურქ რიზა კაიაალპთან 1:3 წააგო. პირველ პერიოდში ევროპირველობის უმთავრესი ფავორიტი (და მომავალი ჩემპიონი) 3:0 დაწინაურდა. შესვენებისშემდგომი სამი წუთი კი ქართველი მძიმეწონოსნის უპირატესობით ჩაჭიდავდა, მაგრამ არაბულს აქტიურობა მხოლოდ ერთი ქულის ასაღებად ეყო.

რეპეშაჟის ნახევარფინალში ლევან არაბულმა სლოვაკ ტამას სოოსს წუთსა და 15 წამში მოუმთავრა საქმე (8:0). გადამწყვეტ ბრძოლაში კი გერმანელ კრისტიან იონთან 8 ქულის (8:0) მოსაგროვებლად 4 წუთი და 25 წამი დასჭირდა.

დღესვე, საქართველოს სახელით ევროკონკურენციაში ლერი აბულაძე (59 კგ) და კუკური კირცხალიაც (98 კგ) ჩაებნენ, მაგრამ შეჯიბრებას დილის პროგრამაში გამოეთიშნენ.

აბულაძემ ჩემპიონატი ბელარუსი მაქსიმ კაჟარსკის ძლევით გახსნა (2:1). მეოთხედფინალში კი ხორვატ ივან ლიზატოვიჩთან ვეღარას გახდა (1:5) და ჯერ ოქრო-ვერცხლის გზა ჩაეკეტა, ხოლო ცოტა ხანში ბრინჯაოსიც, რადგან ფინალს ვერც ლიზატოვიჩმა უწია.

კუკური კირცხალია ევროხალიჩაზე ერთადერთხელ გავიდა - მერვედფინალში ესტონელ არდო არუსაარს დაუპირისპირდა და 1:4 დამარცხდა.

ხვალ ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მედლების ბოლო ოთხი კომპლექტი გათამაშდება. საქართველოს ნაკრების წევრთაგან კი საქმეში გოგა აფრიამაშვილი (71 კგ), გელა ბოლქვაძე (75 კგ), ზურა დათუნაშვილი (80 კგ) და რობერტ კობლიაშვილი (85 კგ) ჩაებმებიან.

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

ევროპის ჩემპიონატი

ნოვი სადი. სერბეთი

6 მაისი

59 კგ

1 კრისტიან ფრისი (სერბეთი)

2 ივო სერაფიმოვ ანგელოვი (ბულგარეთი)

3 ივან ლიზატოვიჩი (ხორვატია)

3 მინგიან სემენოვი (რუსეთი)

66 კგ

1 არტემ სურკოვი (რუსეთი)

2 დავორ შტეფანეკი (სერბეთი)

3 გოგა გოგიბერაშვილი (საქართველო)

3 სოსლან დაუროვი (ბელარუსი)

98 კგ

1 ფელიქს ბალდაუფი (ნორვეგია)

2 ალექსანდრ ჰრაბოვიკი (ბელარუსი)

3 ბალაზ კიში (უნგრეთი)

3 არტურ ალექსანიანი (სომხეთი)

130 კგ

1 რიზა კაიაალპი (თურქეთი)

2 ბალინტ ლამი (უნგრეთი)

3 ლევან არაბული (საქართველო)

3 ვიტალი შჩური (რუსეთი)

0.11575