თბილისის "დინამომ" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო ეროვნულ ლიგაში და თანაც, ამ შვიდ შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლი აქვს გაშვებული. კახა კაჭარავას გუნდმა დღეს ქობულეთში 3:0 სძლია ფოთის "კოლხეთს", რომელიც ბოლოსწინა ადგილზეა და მეოთხე ტურის შემდეგ არ გაუმარჯვია.
35-ე წუთი იყო, როცა ბაჩანა არაბულმა ტექნიკური პასით მოძებნა ბექა მიქელთაძე და მანაც ახლოდან დასწრებაზე ზუსტად დაარტყა - 0:1.
შესვენებამდე ერთი წუთით ადრე თბილისელებმა სახიფათო კონტრშეტევა წამოიწყეს. გიორგი პაპუნაშვილმა არაბული მეკარესთან გაიყვანა, მაგრამ ბაჩანა თამაზ ჟიშკარიანმა წესების დარღვევით შეაჩერა და მსაჯმაც ავტომატურად წითელი ბარათი უჩვენა ფოთელს - ბოლო იმედის ჯარიმისთვის. ამ საჯარიმოს გოლი მოჰყვა... ლაშა თოთაძემ ხარიხას მოარტყა ბურთი, დასწრებაზე კი გიორგი ზარიამ იმარჯვა და 0:2.
მესამე გოლი კი ისევ არაბულის მონაწილეობით გავიდა. მან ვერა, მაგრამ 17 წლის გიორგი ჩაკვეტაძემ კი ახლოდან ცარიელ კარში გაიტანა - 0:3.
"დინამო" ლიდერია, სტაბილურად კარგად თამაშობს გუნდი. შემდეგი ტური იქნება საინტერესო - "ლოკომოტივს" დაუპირისპირდება.
კოლხეთი (ფოთი) - დინამო (თბილისი) 0:3 (0:2)
კოლხეთი: სიკაჩი, გ.კილასონია, გოგონაია, კერძევაძე, კაკულია, დაფე (ბუხაიძე 68), ოტიენო (კორობკა 24), ჯანელიძე (ბოლქვაძე 64), ჟიშკარიანი, კოვტალიუკი, ვ.კილასონია
დინამო: ლიტოვჩენკო, მიშენკო, გველესიანი (პაპუნაშვილი 17), ლოჩოშვილი, თოთაძე, კიტეიშვილი, ზარია (ნინუა 85), თევზაძე, მიქელთაძე, ჩაკვეტაძე, არაბული (მესხი 76)
გოლები: 0:1 მიქელთაძე (35), 0:2 ზარია (45), 0:3 ჩაკვეტაძე (59)
გაფრთხილება: კოვტალიუკი, ჟიშკარიანი,ბოლქვაძე - მიშენკო
გაძევება: ჟიშკარიანი (44)
მსაჯი: გ. ვადაჭკორია







