ეროვნული ლიგა

20:34 | 28.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

პირველი წრის ბოლო ტურის წინ

29 და 30 აპრილს ეროვნული ლიგის პირველი წრის ბოლო ტურის მატჩები გაიმართება. ერთადერთი, ქობულეთის "შუქურა" ჩამორჩა, თორემ დანარჩენ გუნდებს შორის ქულათა დიდი სხვაობა არაა. მთლიანობაში, ჩემპიონატი დაძაბულად მიმდინარეობს. გამორჩეულ მატჩს რაც შეეხება, ის კვირას ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გველის. "ტორპედო" თბილისის "დინამოს" უმასპინძლებს.

ორივე კლუბი ამაღლებულ განწყობაზეა. კახა კაჭარავას გუნდმა ზედიზედ 5 მატჩი მოიგო და საერთოდაც, ყველაზე ცოტა (4) გოლი აქვს გაშვებული, ქუთათურებმა კი მიჯრით 3-ჯერ იმარჯვეს. "ტორპედომ" პირველ ტურში წააგო "საბურთალოსთან", მას შემდეგ კი კახა ჩხეტიანის გაწვრთნილები არ დამარცხებულან.

"დინამო" და "ტორპედო" ეროვნულ ჩემპიონატში 63-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ბალანსი ასეთია: 32-ჯერ მოიგეს თბილისელებმა, 15-ჯერ - ქუთათურებმა, 16 მატჩი კი ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება - 108:60.

ბოლოს ეს გუნდები შარშან შემოდგომაზე, "დინამო არენაზე" სათასო ნახევარფინალში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. "ტორპდომ" 3:2 იმარჯვა, ფინალში გავიდა და შემდეგ თასიც მოიპოვა.

აი, უშუალოდ ჩემპიონატში კი "ტორპედოს" დინამოელები, კარგა ხანია, არ დაუმარცხებია: ბოლოს 2012 წლის მაისში, თბილისში 2:1 აჯობა.

რაც შეეხება ბოლო ქუთაისურ დაპირისპირებას, შარშან, 26 ნოემბერს, ჩემპიონატის მატჩში "დინამომ" 1:0 იმარჯვა გიორგი ზარიას გოლით.

ტური იხსნება ასევე ლიდერთა ჯგუფში მყოფი გუნდების დაპირისპირებით. გიორგი დევდარიანის "ლოკომოტივი" სოსო ფრუიძის "ჩიხურას" დაუხვდება. "ლოკო" ყველაზე შედეგიანი გუნდია (18 გოლი), საჩხერელებს კი ბევრი ვერ გააქვთ. თბილისელებს მესამე ტურის შემდეგ არ წაუგიათ, აი, "ჩიხურა" კი არასტაბილურად თამაშობს, თუმცა ზემოიმერლებს ნამდვილად აქვთ მომატების პოტენციალი და ვფიქრობთ, წლეულს ჩემპიონობისთვისაც იბრძოლებენ.

"საბურთალო" აუტსაიდერ "შუქურას" ეთამაშება. ზღვისპირელებს მოგების გრაფაში ნული უწერიათ, საბურთალოელებს კი ბოლო ტურებში გაუჭირდათ, ოთხი მატჩიდან სამში წააგეს. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ფავორიტია.

"დილა" - "სამტრედია". გორელებს უკვე 5 ფრე დაუგროვდათ, სამტრედიელებს კი წლეულს უცნაურობა დასჩემდათ - შინ ხუთი მატჩიდან ერთიც ვერ მოიგეს, სტუმრად კი სამი თამაშიდან სამივეში გაიმარჯვეს. დაძაბული თამაში იქნება.

ფოთის "კოლხეთმა" ჩემპიონატი კარგად დაიწყო, მაგრამ ბოლო 4 ტურში მხოლოდ ერთი ქულა აიღო და ბოლოსწინა ადგილზეა. ბათუმის "დინამოც" ვერ ყოჩაღობს, ბოლო სამი მატჩიდან სამივე წააგო. ეს გუნდები კვირას ერთმანეთს შეხვდებიან.

29 აპრილი

16:00. თბილისი. მიხეილ მესხი 2. ლოკომოტივი - ჩიხურა

20:00. თბილისი. მიხეილ მესხი. საბურთალო - შუქურა

30 აპრილი

13:30. ქობულეთი. ჩელე არენა. კოლხეთი - დინამო ბთ

15:30. გორი. თენგიზ ბურჯანაძე. დილა - სამტრედია

17:30. ქუთაისი. რამაზ შენგელია. ტორპედო - დინამო თბ

ბომბარდირები

სიხარულიძე (ლოკომოტივი) - 8, მამია გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) - 6, კოვტალიუკი (კოლხეთი), არაბული (დინამო თბ) - 5

0.110301