ძიუდო

19:48 | 27.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოისტებმა მინისტრს უმასპინძლეს

პრესტიჟული უცხოური შეჯიბრებებიდან დაბრუნებულ საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების წევრებთან შესახვედრად შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ესტუმრა. აკადემიის ეზოში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობამაც მიიღო.

20-23 აპრილს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ინდივიდუალურ პირველობაზე სამივე სინჯის თითო მედალი მოიპოვა. გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ევროპის ჩემპიონი გახდა, ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) ვერცხლს დაეუფლა, ხოლო ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) – ბრინჯაოს.

ევროპის ჩემპიონატი ტრადიციულად გუნდური შეჯიბრებით დაგვირგვინდა და კონტინენტის უძლიერესი ნაკრების ტიტული საქართველოს ნაკრებმა მეცხრედ მოიპოვა.

ახალგაზრდა ძიუდოისტები კი სანქტ-პეტერბურგში გამართული "ევროპის თასიდან” 8 მედლით დაბრუნდნენ. შალვა გაზაშვილი (66 კგ) ჩემპიონი გახდა. ჯაბა პაპინაშვილს (55 კგ), ბაგრატ ნინიაშვილს (66 კგ), ტატო გრიგალაშვილს (73 კგ), ლუკა მაისურაძესა (81 კგ) და ნიკა სიდამონიძეს (90 კგ) პოდიუმის უმაღლეს საფეხურამდე თითო მოგება დააკლდათ. ნიკა ალხაზაშვილმა (55 კგ) და გიგა გიგაურმა (73 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

„ჩვენმა ეროვნულმა და ასაკობრივმა ნაკრებებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ ძიუდო საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული სახეობაა და სტაბილურად წარმატებებს აღწევს. დღევანდელი შეხვედრის მიზეზი, ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების მიერ მიღწეული წარმატებებია. მინდა მივულოცო ძიუდოისტებს ვარშავასა და სანქტ პეტერბურგში მოპოვებული მედლები. ძიუდოს მიმართ მთავრობის სრული მხარდაჭერა, რა თქმა უნდა გაგრძელდება, ძიუდოს ფედერაცია ასევე წარმატებით განაგრძობს დასახული რეფორმების განხორციელებას. სპორტსმენები კი, დარწმუნებული ვარ, კიდევ არაერთხელ გაგვახარებენ” – განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარში აღნიშნა, რომ ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანი სტიმულია სპორტსმენებისთვის და სპორტის მინისტრს მადლობა გადაუხადა.

"სამინისტროს მხრიდან დაფასება და გვერდში დგომა არ გვაკლია, თუმცა ასეთ გარემოში შეხვედრა წარმატების მილოცვა და აზრების გაცვლა განსაკუთრებით სასიხარულოა” – დასძინა ქევხიშვილმა.

0.146039