ფეხბურთი

10:34 | 23.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ელ კლასიკო: “ბარსელონას” ბოლო შანსი

ესპანეთის ჩემპიონატის 33-ე ტურის ცენტრალური მატჩი მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღების ცენტრშია. “სანტიაგო ბერნაბეუზე” ადგილობრივი კლუბი პრინციპულ მეტოქეს “ბარსელონას” დაუხვდება და ეცდება, რომ ჩემპიონობისკენ გიგანტური ნაბიჯი გადადგას.

სატურნირო მდგომარეობა

კლუბების ამჟამინდელი სათამაშო ფორმების გათვალისწინებით, დღევანდელ მატჩში ფავორიტი “რეალია”. მადრიდელებმა შუა კვირაში მძიმე ბრძოლა გადაიტანეს “ბაიერნთან”, თუმცა ყველაფერი მათთვის სასიკეთოდ დასრულდა და მოახლოებულ ჯახს მშვენიერ ხასიათზე ხვდებიან.

სამაგიეროდ, ეს კვირა ცუდი გამოდგა “ბარსელონასთვის”, რომელმაც “იუვენტუსს” შინაც ვერაფერი დააკლო და ჩემპიონთა ლიგას ზედიზედ მეორე სეზონია 1/4 ფინალში ეთიშება.

32 ტურის შემდეგ “რეალი” ლა ლიგას ლიდერობს და მის უახლოეს მდევარ “ბარსელონას” 3 ქულით უსწრებს. თანაც, მადრიდულ გრანდს ერთი შეხვედრა რეზერვში აქვს და დღეს მოგების შემთხვევაში, შეუძლია ყველაფერს ნათელი მოჰფინოს და ესპანეთის ჩემპიონობა ფაქტობრივად გაინაღდოს.

საინტერესო ფაქტები

“ბარსელონას” უკანასკნელი ოთხმა მწვრთნელი (ფრენკ რაიკაარდი, ხოსეპ გვარდიოლა, ტიტო ვილანოვა და ხერარდო მარტინო) თავიანთ ბოლო ელ კლასიკოში დამარცხდნენ.

ელ კლასიკოს ისტორიაში ყველაზე მეტი, 21 გოლი ლიონელ მესის აქვს გატანილი, თუმცა არგენტინელმა “რეალს” ბოლოს სამი წლის წინ გაუტანა.

ეს კლუბები ოფიციალურ მატჩებში ერთმანეთს 233-ჯერ შეხვედრიან: 93-ჯერ “რეალმა” მოიგო, 91-ჯერ “ბარსელონამ”, ხოლო 49 მატჩი ფრედ დასრულდა.

“სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართულ ელ კლასიკოში ყველაზე მეტი, 13 გოლი ალფრედო დი სტეფანოს აქვს გატანილი, ხოლო შემდეგ ლიონელ მესი და რაული მოდიან – 12-12 გოლით.

ყველაზე მეტჯერ ელ კლასიკოში მანუელ სანჩისს (43-ჯერ), ფრანცისკო ხენტოს (42-ჯერ) და ხავის (42-ჯერ) უთამაშიათ, ხოლო მოქმედ ფეხბურთელთაგან ამ მხრივ გამორჩეულები ანდრეს ინიესტა (34), ლიონელ მესი (33) და სერხიო რამოსი (33) არიან.

ორივე ამ გრანდის მაისური სულ 33 ფეხბურთელს აქვს მორგებული. აქედან 21 მოთამაშე (17 პირდაპირ, ხოლო 4 ჯერ სხვა კლუბში იყო და შემდეგ მადრიდს მიაშურა) “ბარსელონადან” “რეალში” გადავიდა, ხოლო 12 ფეხბურთელი (3 პირდაპირ და 9 სხვა კლუბში გადასვლის შემდგომ) მადრიდიდან კატალონიაში გადაბარგდა.

აღსანიშნავია, რომ “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე, “ბარსელონაში” სწორედ “რეალიდან” გადავიდა.

ელ კლასიკოში ყველაზე მეტი, 13 საგოლე გადაცემა მესის აქვს გაკეთებული.

ელ კლასიკოს ისტორიაში ყველაზე მეტი, ორ-ორი ჰეთ-თრიკი ლიონელ მესის და ფერენც პუშკაშს აქვთ შესრულებული.

დანაკლისი

რეალი – ტრავმირებულნი: ვარანი, პეპე

ბარსელონა – ტრავმირებულნი: ვიდალი, რაფინია. დისკვალიფიცირებული: ნეიმარი. თამაში საეჭვოა: მატიე

ბოლო ურთიერთშეხვედრები

03.12.2016 ბარსელონა – რეალი 1:1
02.04.2016 ბარსელონა – რეალი 1:2
21.11.2015 რეალი – ბარსელონა 0:4
23.05.2015 ბარსელონა – რეალი 2:1
25.10.2014 რეალი – ბარსელონა 3:1

22:45 რეალი – ბარსელონა

მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”

სავარაუდო შემადგენლობები

რეალი (4-3-3): ნავასი, ნაჩო, რამოსი, კარვახალი, მარსელო, კროოსი, კასემირო, მოდრიჩი, ბეილი, რონალდუ, ბენზემა.
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, პიკე, უმტიტი, ალბა, რობერტო, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ინიესტა, მესი, დენის სუარესი, ლუის სუარესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი

შენიშვნა – შემადგენლობები დაწერილია ესპანური გამოცემის AS-ის მიხედვით

0.116738