ძიუდო

10:53 | 20.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევროტატამი გაშლილია - 5 ქართველი იწყებს

დღეს, ვარშავაში ძიუდოში ევროპის 2017 წლის ჩემპიონატი იწყება. ოთხდღიანი შეჯიბრების პირველ დღეს მედლების 5 კომპლექტი უნდა გათამაშდეს. მამაკაცებში 60 და 66 კილოგრამ წონით კატეგორიებში შეივსება საპრიზო სამეულები, ქალებში - 48, 52 და 57 კილოგრამებში.

საქართველოს სახელით ევროკონკურენციაში ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (ორივე 60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ოლღა ალადოშვილი (48 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) ჩაებმებიან.

60 კილოგრამის სატურნირო ბადეში სულ 25 ძიუდოისტი ჩაეწერა. 28 წლის ამირან პაპინაშვილი მათ შორის მეორე ნომრადაა განთესილი. ევროპის 2013 წლის ჩემპიონი და 3-გზის პრიზიორი საქმეში მეორე წრიდან - მერვედფინალიდან ჩაებმება. იქამდე კი მისი სავარაუდო მეტოქეები - ფრანგი სედრიკ რევოლი და სომეხი ჰოვანეს დავთიანი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. მეოთხედფინალის სავარაუდო მეტოქეთაგან ბრიტანელი ეშლი მაკკენზი უნდა გამოვარჩიოთ. ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში კი პაპინაშვილი შესაძლოა ესპანელ ფრანსისკო გარიგოსს ან ბულგარელ იანისლავ გერჩევს დაეჭიდოს.

ევროპის ჩემპიონატზე უმსუბუქეს წონით კატეგორიაში პირველ ნომრად აზერბაიჯანელი ორხან საფაროვია განთესილი. სატურნირო ბადეში სწორედ მის მხარეს მოხვდა საქართველოსა და თბილისის გრან პრის ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი. მათი გზები ნახევარფინალში იკვეთება. იქამდე კი ქართველმა ძიუდოისტმა ორი ბარიერი უნდა დაძლიოს.

პაპინაშვილის მსგავსად, ჩხვიმიანიც მერვედფინალით დაიწყებს, სადაც ებრაელ დანიელ ბენ დავიდსა და ესტონელ მარკ ცირკინს შორის უძლიერესს შეხვდება. მეოთხედფინალში კი დიდი შანსია, საქართველოს ნაკრების ყოფილ წევრს - ბეთქილ შუკვანს დაუპირისპირდეს, რომელიც ბოლო წლებში თურქეთისა ბექირ ოზლუს სახელით გამოდის.

66 კილოგრამში სულ 31 ძიუდოისტი შეიკრიბა და მათგან 30 ევროკონკურენციაში მეთექვსმეტედფინალიდან ჩაებმება. პირველ წრეში მხოლოდ ებრაელი ტალ ფლიკერი დაისვენებს, რომელიც ჩემპიონატზე პირველ ნომრადაა განთესილი.

ევროპის მოქმედი ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილი სწორედ ფლიკერის ბადეში მოხვდა და შესაძლოა, ფინალის საგზურის ბედი მათ უშუალო დაპირისპირებაში გაირკვეს. ნახევარფინალამდე კი მარგველაშვილს სამი ბრძოლა აქვს მოსაგები. შეჯიბრებას ესპანეთის ნაკრების წევრ გარ ურიარტესთან შეხვედრით გახსნის. თუ აჯობებს, მერვედფინალში სლოვაკი მატეჟ პოლიაკისა და კვიპროსელი ანასტასიოს კესიდისის წყვილიდან გასულს დაეჭიდება. მეოთხედფინალის სავარაუდო მეტოქეთაგან კი პირველ ყოვლისა პორტუგალიელი სერგიუ ოლეინიჩი უნდა გამოვარჩიოთ.

ოლღა ალადოშვილი პირველ წრეში დაისვენებს და ევროპირველობას მერვედფინალში ებრაელ ნოა მინსკერთან შეხვედრით გახსნის. ეთერ ლიპარტელიანს კი მეთექვსმეტედფინალში მეტოქედ უნგრელი იბოლია შიროკი ერგო.

წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 12:55 საათზე დაიწყება.

0.133982