ფეხბურთი

3:15 | 19.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზღაპრის ღირსეული დასასრული (+VIDEO)

“კინგ პაუერ სთედიუმზე” მოსალოდნელი შედეგი დაფიქსირდა: “ატლეტიკომ” კლასის და გამოცდილების ხარჯზე, ინგლისის მოქმედ ჩემპიონთან სასურველი სცენარით ითამაშა და ზედმეტი გაჭირვების გარეშე მოიპოვა 1/2 ფინალური ეტაპის საგზური.

“ატლეტიკოს” მადრიდში საყვარელი ანგარიშით 1:0 ჰქონდა მოგებული და ასეთ დროს დიეგო სიმეონესთან ჭიდილი არავისთვისაა სასიამოვნო. არგენტინელმა სპეციალისტმა საკმაოდ მკაცრი, დაცვითი შემადგენლობა აირჩია და ჩამშლელ ნახევარმცველად ნომინალური ცენტრალური მცველი ხოსე მარია ხიმენესი დააყენა, ხოლო შეტევაში ანტუან გრიზმანს ფერნანდო ტორესის ნაცვლად, იანიკ ფერეირა კარასკო შეუწყვილა, ფლანგებზე კი, კოკეს და საულს დაავალა თამაში. “ჩოლოს” გათვლებმა აბსოლუტურად გაამართლა და მადრიდელებმა ორრაუნდიანი დაპირისპირების ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს.

საწყისი 45 წუთი აბსოლუტურად თანაბარი გამოდგა. “როხიბლანკო” მეტოქეს წესიერად შეტევის საშუალებას არ აძლევდა, ხოლო თავად საკუთარ შანსს ელოდა და ასეთი შესაძლებლობა როგორც კი მიიღო, გამოიყენა კიდეც: 26-ე წუთზე ფელიპე ლუისის ჩაწოდებულს საულ ნიგუეზი გამოეხმაურა და თავური დარტყმით კასპერ შმეიხელს შორეულ კუთხეში გაუტანა, რითაც ფაქტობრივად ყველაფერს ნათელი მოჰფინა.

მეორე ნახევარში სტუმრებმა ორგანიზებულად დაიხიეს უკან და მეტოქეს აშკარად განზრახ დაუთმეს სათამაშო უპირატესობა. “მელიებმაც” ამით ისარგებლეს და როგორც შეეძლოთ შეუტიეს, რამაც შედეგი 61-ე წუთზე გამოიღო: ჯეიმი ვარდიმ მადრიდელი მცველების უყურადღებობით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა.

“ლესტერს” შემდეგ ეტაპზე გასასვლელად კიდევ ორი ბურთის გატანა სჭირდებოდა და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დიეგო სიმეონეს გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე ერთ მატჩში 3 ბურთი ბოლოს გაშვებული 2014 წლის 16 სექტემბერს “ოლიმპიაკოსთან” ჰქონდა, მათი შანსები ფაქტობრივად ნულს უდრიდა.

ინგლისის ჩემპიონებმა მაინც ბოლომდე იბრძოლეს, ვარდის და ულოას გოლის გატანის კარგი შანსებიც შეექმნათ, მაგრამ მეტის გაკეთება ვეღარ მოახერხეს და მათი ევროპული ზღაპარი ღირსეულად დასრულდა – 1:1.

ლესტერი – ატლეტიკო 1:1 (0:1) VIDEO

ლესტერი, “კინგ პაუერ სთედიუმი”

ლესტერი (4-4-1-1): შმეიხელი, ბენალუანი (ჩილველი 46), მორგანი (ამარტი 84), ფუქსი, სიმპსონი, დრინკვოთერი, ნდიდი, მაჰრეზი, ოლბრაიტონი, ოკაზაკი (ულოა 46), ვარდი.
მწვრთნელი: კრეიგ შექსპირი

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, სავიჩი, გოდინი, ლუისი (ა.კორეა 74), ხუანფრანი (ლ.ერნანდესი 55), გაბი, ხიმენესი, კოკე, საული, კარასკო (ფ.ტორესი 69), გრიზმანი.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გოლები: 0:1 საული (26), 1:1 ვარდი (61)
მსაჯი: ჯანლუკა როკი
სტატისტიკა – დარტყმები: 24 (5) – 5 (3), ბურთის ფლობა: 52% - 48%, კუთხურები: 7-1, თამაშგარეები: 1-2

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.151682