ფეხბურთი

11:22 | 13.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგა: “იუნაიტედის” და “ლიონის” ორმაგი მიზნები

ევროპა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველი რაუნდის ოთხივე დაპირისპირება დღეს, ერთმანეთის პარალელურად გაიმართება. ოთხივე შეხვედრა დაახლოებით თანაბარ ინტერესს იწვევს, თუმცა კლუბის სტატუსიდან გამომდინარე, “მანჩესტერ იუნაიტედის” თამაშს მაინც ყველაზე დიდი ყურადღება ეთმობა.

ჟოზე მოურინიოს შეგირდები გასვლაზე “ანდერლეხტს” დაუპირისპირდებიან და ფავორიტებადაც ითვლებიან, თუმცა უნდა ითქვას, რომ ბელგიური გრანდი ძალიან კარგ ფორმაშია, ქვეყნის ჩემპიონატს ლიდერობს და ინგლისელებს იოლი გასეირნება არ უნდა გამოუვიდეთ.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი, ორი წარმომადგელი სწორედ ბელგიელებს ყავთ და “ანდერლეხტის” გარდა, გათამაშებას “გენკიც” შემორჩა.

დედაქალაქური კლუბი ჩემპიონატის ფლეი-ოფში პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარ “ბრიუგეს” 4 ქულით უსწრებს. ისინი ყველა ტურნირზე ხუთმატჩიან წაუგებელ სერიას ითვლიან. მასპინძლებს დღეს ტრავმის გამო ნაჯარი ვერ დაეხმარება, ხოლო ტეოდორჩუკის თამაში საეჭვოა.

“მანჩესტერ იუნაიტედი” პრემიერლიგაში ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას ცდილობს, თუმცა რამდენად გამოუვა ეს ცალკე საკითხავია. ევროპა ლიგა კი, მათთვის ტიტულთან ერთად, ჩემპიონთა ლიგის საგზურისკენ მიმავალი მეორე გზაა და ამ ტურნირს ძალიან სერიოზულად ეკიდებიან.

“იუნაიტედს” ფილ ჯონსი, ხუან მატა და კრის სმოლინგი არ ეყოლება, ხოლო ეშლი იანგის და უეინ რუნის თამაში საეჭვოა.

ეს კლუბები აქამდე ერთმანეთს 6-ჯერ შეხვედრიან. 2 მატჩი ბელგიელების გამარჯვებით დასრულდა, ხოლო 4 – ინგლისელების.

ზემოთ ნახსენები მეორე ბელგიური კლუბი “გენკი” კი, ვიგოში “სელტას” ესტუმრება. გალისიელებმა წინა ორ ეტაპზე პოსტსაბჭოური კლუბების ბარიერი გაძლიეს და ახლა იგივეს ბელგიელებს უპირებენ, თუმცა რა გამოუვათ, ამას ერთად ვნახავთ. მასპინძელთაგან გამორიცხულია ჯოზეპე როსის თამაში, რომელმაც კვირას კიდევ ერთი მძიმე ტრავმა მიიღო. ბლანკოს, დიასის, გუიდეტის და ლემოსის თამაში კი საეჭვოა. სტუმრებს კარელისი არ ეყოლებათ, ხოლო ბიზოტის, შრივერსის, სუშიჩის და ვოუტერსის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა.

ეს კლუბები ერთამანეთს არასდროს შეხვედრიან.

ძალიან საინტერესო დაპირისპირება გაიმართება “პარკ ოლიმპიკ ლიონზე”, სადაც ადგილობრივი კლუბი “ბეშიქთაშს” დაუხვდება. ‘მანჩესტერ იუნაიტედის” შემდეგ ტურნირის მთავარ ფავორიტად სწორედ “ლიონი” ითვლება, რომელსაც ლიგა 1-დან ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი არ აქვს და შესაბამისად, ევროპა ლიგას გაორმაგებულ ყურადღებას აქცევენ. ფრანგებს დანაკლისი არ აქვთ, ერთადერთი მემფის დეპაი არ იქნება, რომელსაც ევროპა ლიგაზე თამაშის უფლება არ აქვს.

მშვენიერ ფორმაშია “ბეშიქთაში”, რომელიც თურქეთის ჩემპიონატს დასრულებამდე 7 ტურით ადრე 5-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს. დღევანდელ მატჩს სტამბოლური გრანდი დიდი დანაკლისით ხვდება: რიკარდო კვარეზმა ტრავმირებულია.

არც ამ კლუბებს უთამაშიათ ერთმანეთში.

საკმაოდ თანაბარი და ასევე ძალიან დამაინტრიგებელი ჯახი შედგება “ამსტერდამ არენაზე”, სადაც “აიაქსი” გელზენკირხენის “შალკეს” მიიღებს. ჰოლანდიური გრანდი ჩინებულ ფორმაშია, ერედივიზიონში მე-2 ადგილზეა და ლიდერს მხოლოდ ქულით ჩამორჩება. “შალკეს” საქმეები კი მთლად კარგად ვერ მიდის, “ხუმარები” ბუნდესლიგაში მხოლოდ მე-10 ადგილზე არიან.

მასპინძლები დე ლიგტს და შონეს მოისაკლისებენ, ხოლო სტუმრებს ბაბა, ემბოლო, ნალდო და ნეუმანი არ ეყოლებათ. აღსანიშნავია, რომ მშობლიური კლუბის წინააღმდეგ ითამაშებს კლას-იან ჰუნტელაარი.

“აიაქსს” გერმანული კლუბების წინააღმდეგ 32-ჯერ უთამაშია, საიდანაც 20 მოიგო, 5 ფრედ ითამაშა და 7 წააგო. “ამსტერდამ არენაზე” - 12 მოგება, 1 ფრე, 1 მარცხი. “შალკე” კი, ჰოლანდიელებს 8-ჯერ შეხვდა: 3 მოგება, 1 ფრე და 4 წაგება. ჰოლანდიაში: 0 მოგება, 1 ფრე და 4 მარცხი.

13 აპრილი, 23:05

აიაქსი – შალკე

მსაჯი: სერგეი კარასევი (რუსეთი)

ლიონი – ბეშიქთაში

მსაჯი: მატეუ ლაოსი (ესპანეთი)

ანდერლეხტი – მანჩესტერ იუნაიტედი

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

სელტა – გენკი

მსაჯი: კლემენტ ტურპინი (საფრანგეთი)

სტატისტიკა
0.254367