ძიუდო

21:00 | 25.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა შავდათუაშვილი დიუსელდორფის გრან პრის ვერცხლის პრიზიორია

73 კილიგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა დიუსელდორფის გრან პრის ქართულ მონაგარს – ვაჟა მარგველაშვილის (66 კგ) ოქროსა და ამირან პაპინაშვილის (60 კგ) ვერცხლს თავისი წილი ვერცხლი მიამატა.

შავდათუაშვილი მიმდინარე ტურნირზე პირველ ნომრად იყო განთესილი. საქმეში შვედ კრისტოფერ მაციაშთან დაჭიდებით ჩაება და მეტოქე მესამე წუთის დასაწყისში დასცა ბეჭებზე. მეორე წრეში, ქართველი ძიუდოისტი ყაზახ ჟანსაი სმაგულოვთან, მეორე წუთის ბოლოს ვაზარიზე დავარდა, მაგრამ დარჩენილ დროში თავად შეასრულა ორი ვაზარი და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ბრაზილიელ მარსელო კონტინის დაეჭიდა და ორი ვაზარით გასცდა.

ნახევარფინალში ლაშამ უილეთოდ იმარჯვა - ებრაელ ტოჰარ ბუტბულს 2 წუთსა და 53 წუთში ამოაწურინა გაფრთხილებების ლიმიტი. ოქროს მედლისთვის ბრძოლაში კი რუსეთის ნაკრების წევრ დენის იარცევს დაუპირისპირდა და რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშებისგან განსხვავებით, ამჯერად დამარცხდა.

73 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ქართული დროშის ქვეშ კონკურენციაში საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ფრიდონ გიგანიც ჩაერთო. საწყის ეტაპზე, ჩეხ იაკუბ იაჩმინეკთან გდებით და დაუსრულებელი შებოჭვით ორი ვაზარით დაწინაურდა, მაგრამ საფინალო გონგამდე სამი წამით ადრე გაფრთხილებების ლიმიტი ამოეწურა და გრან პრის გამოეთიშა.

გიგანის მსგავსად, საპრიზო სამეულს მიღმა დარჩნენ 81 კილოგრამში მოჭიდავე ამბაკო ავალიანი და ნუგზარ ტატალაშვილიც.

ავალიანმა ტურნირი მოლდოველ ნიკონ ზაბოროსჩიუსთან შეხვედრით გახსნა და მეტოქე ბოლო წამზე დაიჭირა შებოჭვაზე. მეორე წრეში ჩერნოგორიელ სრჟან მრვალიევიჩს სამ წუთში სამი შიდო მიაღებინა. მერვედფინალში ამერიკელ ჯეკ ჰატონს ოქროს დროში, მე-7 წუთზე დაფიქსირებული შიდოთი აჯობა. ძირითად ბადეში გამოსვლა კი მეოთხედფინალში დაასრულა - რუსეთის ნაკრების წევრ ასლან ლაპინაგოვთან შეხვედრაში, მესამე წუთის დასაწყისში ვაზარიზე დავარდა და შებოჭვაზე მოჰყვა.

რეპეშაჟის ნახევარფინალში ამბაკო ავალიანი პორტუგალიის სახელით მოჭიდავე ანრი ეგუტიძეს დაუპირისპირდა. ოქროს დროში, დაღლა შიდოდ დაუჯდა და საბოლოოდ მე-7 ადგილს დასჯერდა.

ტატალაშვილმა პირველ მოწინააღმდეგეს – სერბ სტეფან მაჟდოვს ორ წუთში მოუმთავრა საქმე ხელის მტკივნეულით. შემდეგ კი, მტკივნეულითვე დამარცხდა უნგრელ ატილა უნგვარისთან.

ხვალ, დიუსელდორფის გრან პრიზე მამაკაცებს შორის მედლების ბოლო სამი კომპლექტი გათამაშდება. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების სახელით ბექა ღვინიაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი იჭიდავებენ. 100 კილოგრამში – ლაშა ტაველური, ხოლო +100-ში – ლევან მატიაშვილი და ადამ ოქრუაშვილი. ასევე განაცხადშია ვარლამ ლიპარტელიანიც, რომელიც წინასწარი ინფორმაციით, თითის ტრავმის გამო შეჯიბრებაში სავარაუდოდ მონაწილეობას არ მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.067936