ფეხბურთი

10:14 | 21.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

"სიტის" თავადური გამოცდა

უეფას ჩემპიონთა ლიგა ერთკვირიანი პაუზის შემდგომ ორი მერვედფინალური მატჩით განახლდება. ერთ-ერთი მათ შორის, “მანჩესტერ სიტისა” და “მონაკოს” დაპირისპირებაა, რომელსაც ნისლიანი ალბიონი უმასპინძლებს.

ბევრისთვის ფავორიტი ინგლისური გუნდია, მაგრამ ფაქტებს თუ დავეყრდნობით, არც ასე ადვილადაა საქმე – “მონაკო” აქამდე ევროტურნირების პლეი-ოფში ინგლისურ კლუბებს 6-ჯერ შეხვედრილა და ყველა შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე მონეგასკები გავიდნენ. ამასთან, ლეონარდო ჟარდიმის გუნდი მიმდინარე სეზონში ჩინებულად თამაშობს, განსაკუთრებით ეფექტურად კი, გუნდის შეტევის ხაზი გამოიყურება. აქვე გეტყვით, რომ “თავადებმა” მიმდინარე სეზონში ინგლისში უკვე მოიგეს, როდესაც ლონდონში, “ტოტენჰემს” მოუგეს – 2:1.

თავის მხრივ, “სიტის” სასახელოდ ის მეტყველებს, რომ უკვე 9 თამაშია საკუთარ მოედანზე არ წაუგიათ ჩემპიონთა ლიგის ეგიდით (ბოლოს 2015 წლის სექტემბერში, “იუვენტუსთან” 1:2 წააგო). სათამაშო ფორმის მხრივ კი, ორივე გუნდი კარგ ფორმაშია: “სიტიმაც” და “მონაკომაც” ბოლო ხუთი მატჩიდან 4-4 მოიგეს და თითოჯერ ფრე ითამაშეს.

დღევანდელ მატჩში პეპ გვარდიოლას გაბრიელ ჟესუსის იმედი ვერ ექნება, ხოლო მის ვიზავის ჟემერსონი და ბოსკილია ვერ დაეხმარებიან. რაჰიმ სტერლინგი და კამილ გლიკი ფრთხილად უნდა იყვნენ, თორემ თუ ყვითელ ბარათს მიიღებენ, საპასუხო თამაშს გამოტოვებენ.

პეპ გვარდიოლა (“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი): “მონაკოს” ძალიან კარგად ვიცნობ და მათი თამაში შევისწავლეთ. ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია, ფლანგის მცველები თამაშობენ ისე, თითქოს ფრთები აქვთ, თავდამსხმელები კი, საჯარიმოში სასკვდილო დარტყმას აყენებენ მეტოქეებს. მათ არ სჭირდებათ ბევრი მომენტის შექმნა იმისთვის, რომ გოლი გაიტანონ – ჩემი აზრით, “მონაკოს” საჯარიმოში საუკეთესო თავდასხმა ჰყავს ევროპაში”.

ლეონარდო ჟარდიმი (“მონაკოს” მთავარი მწვრთნელი): ბოლო სამი წლის განმავლობაში “მონაკოში” ბევრი ფეხბურთელი შეიცვალა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მაინც გავედით. ამით ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ეს გვიჩვენებს, რომ მიუხედავად უამრავი ცვლილებებისა, ჩემს გუნდს ჯერ კიდევ შეუძლია მაღალ დონეზე კონკურენტუნარიანი იყოს. ორი წლის წინ, როდესაც “არსენალს” ვაჯობეთ, იმ გუნდიდან მხოლოდ ორი-სამი მოთამაშე არის ამჟამად გუნდში.

დღეს ჩვენთვის მე-11 თამაში იქნება ჩემპიონთა ლიგაზე საკვალიფიკაციო ეტაპსაც თუ ჩავთვლით და მოედანზე იმავე ფილოსოფიით გავალთ, როგორც აქამდე. დღეს ერთმანეთს ორი ისეთი გუნდი დაუპირისპირდება, რომელთაც ფეხბურთის თამაში უყვართ, ბურთის ფლობა და ტექნიკური მოთამაშეები ჰყავთ”.

სავარაუდო შემადგენლობები:

მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”

21 თებერვალი, 23:45 საათი

“მანჩესტერ სიტი” (4-2-3-1): კაბალიერო; ფერნანდინიო, ოტამენდი, სტოუნსი, კოლაროვი; ტურე, სილვა; დე ბრუინი, სტერლინგი, სანე; აგუერო

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

“მონაკო” (4-4-2): შუბაშიჩი; სიდიბე, გლიკი, რაჯი, მენდი; ბერნარდო სილვა, ფაბინიო, ბაკაიოკო, ლემარი; ჟერმენი, ფალკაო

მწვრთნელი: ლეონარდო ჟარდიმი

მსაჯი: ანტონიო მატეუ ლაჰოზი (ესპანეთი)

“მონაკო” პლეი-ოფში ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა, აჯობა რა, “ლევერკუზენს”, “ტოტენჰემსა” და ცსკა-ს, ხოლო “სიტი” მეორე პოზიციით – ჩამორჩა “ბარსელონას”.

ურთიერთშეხვედრები

აქამდე “მანჩესტერ სიტი” და “მონაკო” ერთმანეთს არ შეხვედრილან. შესაბამისად, ისინი პირველად 21 თებერვალს შეერკინებიან ერთმანეთს.

ფაქტები, სტატიტიკა

“მანჩესტერ სიტი”

“სიტის” შანსი აქვე მეოთხედფინალში ზედიზედ მეორედ გავიდეს, რაც მისთვის პირველი შემთხვევა იქნება.

“ქალაქელებს” მანჩესტერში ზედიზედ 9 თამაში არ წაუგითა ჩემპიონთა ლიგაზე (6 მოგება, 3 ფრე). ბოლოს “ეტიჰად სთედიუმზე” ტურინის “იუვენტუსმა” მოიგო 2015 წელს (2:1).

შარშან მეოთხედფინალში “სიტიმ” მეორე ფრანგული გუნდი, პსჟ დაამარცხა (2:2, 1:0).

ამის გარდა, კიდევ ერთი შემთხვევა იყო ისტორიაში, როდესაც “სიტის” ფრანგულ კლუბთან მოუწია თამაში და მაშინაც პსჟ-სთან – უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გამართული მატჩი ინგლიში 0:0 დასრულდა. მაშინ მანჩესტერელთაგან მოედანზე ვინსენ კომპანი და პაბლო ზაბალეტა იყვნენ.

ხოსეპ გვარდიოლამ აქამდე შვიდი ცდიდან შვიდჯერ გადალახა მერვედფინალური ბარიერი “ბარსელონასა” და “ბაიერნის” თავკაცის რანგში.

“მონაკო”

“მონაკო” შეეცდება მეოთხედფინალში ბოლო სამი სეზონიდან მეორედ გავიდეს. “მონეგასკებმა” ბოლოს ამის გაკეთება 2015 წელს შეძლეს და მაშინ ინგლისური გუნდი გამოთიშეს გათამაშებას – “არსენალი” (3:1, 0:2).

ლეონარდო ჟარდიმის გუნდს ლიგაზე წელს უკვე მოგებული აქვს ინგლისში, როდესაც “უემბლიზე” “ტოტენჰემი” დაამარცხა (2:1) ბერნარდო სილვასა და ტომას ლემარის გოლებით. ლემარმა ლონდონელების წინააღმდეგ საშინაო მატჩშიც გაიტანა.

“თავადები” ინგლისში შემდეგნაირად თამაშობენ: 5 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება.

პლეი-ოფის სტადიაზე “მონაკოს” ინგლსურ გუნდებთან თამაში ისტორიაში ექვსჯერ მოუწია და ხუთჯერ შემდეგ ეტაპზე გავიდა. მათ შორის, 1998 წელს “მანჩესტერს” ძლია, 2004 წელს “ჩელსის” და 2015 წელს “არსენალს”.

გზაჯვარედინი: მწვრთნელები და ფეხბურთელები

პეპ გვარდიოლა ფრანგულ გუნდს 1997 წლის შემდგომ პირველად დაუპირისპირდება. მაშინ, ფეხბურთელმა პეპმა პსჟ-ს თასების თასის ფინალში მოუგო (1:0). ხოლო “მონაკოსთან” 1993-1994 წლების სეზონში იმარჯვა (2:0, 1:0).

ლეონარდო ჟარდიმი ინგლისურ გუნდს პირველად “ბრაგას” მთავარი მწვრთნელის რანგში დაუპირისპირდა – “ბირმინგემ სიტის” ევროპა ლიგაზე 2011-2012 წლების სეზონში (3:1, 1:0). მომდევნო სეზონში კი, უკვე “ოლიმპიაკოსის” თავკაცის რაგნში “არსენალსაც” გაეჯიბრა – 1:3, 2:1.

იაია ტურე 2006-2007 წლების სეზონში “მონაკოში” თამაშობდა და ლიგა 1-ში 27 შეხვედრა ჩაატარა.

ბაქარი სანია “მონაკოს” ხუთჯერ დაუპირისპირდა, როგორც “ოსერის” ფეხბურთელი (2 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება).

“პორტუს” მაისურით ჟოაო მოუტინიოს “სიტი” 4:0 ჰყავს დამარცხებული 2012 წლის 22 თებერვალს. პორტუგალიელთა რიგებში მაშინ ფერნანდო და ნიკოლას ოტამენდიც თამაშობდნენ.

2015 და 2016 წლებში “სიტის” წინააღმდეგ ითამაშა რადამელ ფალკაომ, ჯერ “მანჩესტერის” ფეხბურთელის რანგში, მერე “ჩელსის”.

ფალკაოს ინგლისური გუნდების, “არსენალისა” და “ჩელსის” კარში გაუტანია გოლი მაშინ, როდესაც “პორტუსა” და “ატლეტიკოს” ღირსებას იცავდა.

ჯიბრილ სიდიბეს საფრანგეთის ნაკრებში დებიუტი მაშინ ჰქონდა, როდესაც ბაქარი სანია შეცვალა 2016 წელს, ბულგარეთთან მატჩში.

ალექსანდრ კოლაროვს საფრანგეთის ნაკრების კარი აქვს დალაშქრული 2014 წელს ამხანაგურ მატჩში.

ერთად უთამაშიათ

ფერნანდოს, ნიკოლას ოტამენდის, ჟოაო მოუტინიოსა და რადამელ ფალკაოს (“პორტუში”).

ბაქარი სანიასა და ჯიბრილ სიდიბეს (საფრანგეთის ნაკრებში).

ფერნანდინიოსა და ფაბინიოს (ბრაზილიის ნაკრებში).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.153156