გუშინ, რუსთავში დაწყებული საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის III წრის მე-3 ტური დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაგრძელდა.
პირველები პარკეტზე „კაკტუსი“ და „ბათუმი“ გავიდნენ, რომლებსაც ამ შეხვედრამდე 22-22 ქულა ჰქონდათ და მეხუთე-მეექვსე ადგილებს ინაწილებდნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ მატჩის შედეგს ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მიუხედავად თანაბარი ქულებისა, ფავორიტად მაინც მასპინძლები მიიჩნეოდნენ, რადგან ზღვისპირელებს ამ შეხვედრამდე ზედიზედ 5 მარცხი ჰქონდათ და უნდა ითქვას, რომ კრიზისში იმყოფებიან. დღევანდელმა შეხვედრამ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რადგან ბათუმელებმა ზედიზედ მე-6 შეხვედრა წააგეს, მე-6 ადგილზე მყარად დამკვიდრდნენ და გასავარდნ ზონას საკმაოდ მიუახლოვდნენ.
როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა „კაკტუსის“ უპირატესობით დაიწყო. შეიძლება ითქვას, რომ მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, რომელიც არჩილ ჟღენტის შეგირდებმა დიდი ანგარიშით - 48:27 მოიგეს. მეორე ტაიმში „ბათუმი“ შედარებით უკეთ ათამაშდა, მაგრამ მხოლოდ ანგარიშში სხვაობის შემცირებით დაკმაყოფილდა. ამ შეხვედრის საბოლოო ანგარიშია 85:68 „კაკტუსის“ სასარგებლოდ.
მატჩში ყველაზე შედეგიანი „ბათუმის“ უკრაინელი ლეგიონერი იგორ კრივცოვი იყო, რომელმაც 24 ქულა დააგროვა. მასპინძელთა გამარჯვებაში 21-21 ქულით ყველაზე დიდი წვლილი ირაკლი ჩლაიძემ და ბექა ჩიკვილაძემ შეიტანეს. მათი თანაგუნდელი ჯონ ფლოვიესი ამ შეხვედრაში ერთადერთი კალათბურთელი აღმოჩნდა, რომელმაც 13 ქულით და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.
ამჟამად მიმდინარეობს მატჩი, სადაც ერთმანეთს „სოხუმი“ და „დინამო“ ხვდებიან.
„კაკტუსი“ – „ბათუმი“ 85:68
(19:12, 29:15, 16:19, 21:22)







