ჩოგბურთი

1:50 | 16.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

დამაჯერებელი თამაშით - ბასილაშვილმა ტომპსონს რევანში აუღო (+VIDEO)

საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილამ მემფისის ღია ტურნირის პირველ წრეში ამერიკელი ჯორდან ტომპსონი დამაჯერებლად, ერთი ამოსუნთქვით, 1 საათსა და 6 წუთში 6:3, 6:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. მსოფლიოს რეიტინგში 67-ე პოზიციაზე მყოფმა ქართველმა მეტოქეს სრულფასონავი რევანში აუღო. მიმდინარე წლის 10 იანვარს ბრისბენის ტურნირის პირველ წრეში ნიკამ ტომპსონთან 5:7, 2:6 წააგო.

განვლილ შეხვედრაში ბასილაშვილი საკმაოდ კარგად თამაშობდა. პირველ სეტში პირველივე გეიმზე ქართველმა მსოფლიოს 63-ე ჩოგანს მოწოდება აართვა და ამის შემდეგ სეტში გამარჯვება არ გაუჭირდა. ტომპსონმა მერვე გეიმზე გაიბრძოლა და შეეცადა ნიკას მოწოდებაზე ანგარიში 4:4 გაეხადა, თუმცა ბასილაშვილმა კარგად ითამაშა და გეიმი შემოატრიალა.

მეორე სეტში ქართველმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და ერთი გეიმიც არ მოაგებინა, 6:0 გაიმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. მერვედფინალში ნიკოლოზის მეტოქე ტურნირის პირველი ნომერი ივო კარლოვიჩი იქნება. ხორვატი ჩოგბურთელი მსოფლიოს რეიტინგში მე-20 ადგილზე იმყოფება.

კარლოვიჩი აუღებელი დარტყმებითაა ცნობილი, ნიკას აქამდე ორჯერ შეხვდა და ორჯერვე ხორვატმა იმარჯვა. 2015 წელს კუალა ლუმპურში ივომ ქართველი 7:5, 4:6, 6:3 დაამარცხა, მანამდე კი დოჰაში მეტოქეს 7:6, 6:3 სძლია.

ტომპსონის დამარცხებით ბასილაშვილმა 20 სარეიტინგო ქულა და 10, 975 დოლარი გამოიმუშავა. ATP-ის ლაივ-რეიტინგში კი ქართველმა პოზიცია ორი ადგილით გაიუმჯობესა და 65-ე პოზიციაზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106531