ჩოგბურთი

23:42 | 10.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

მძიმე ბრძოლაში - ბასილაშვილი სოფიის ტურნირის ნახევარფინალშია (+VIDEO)

საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბულგარეთის დედაქალაქში მიმდინარე სოფიას ღია ტურნირის მეოთხედფინალში 27 წლის სლოვაკი მარტინ კლიჟანი მძიმე ბრძოლაში 0:6, 6:3, 6:3 დაამარცხა და ნახევარფინალში შეჯიბრების მესამე ნომერ გრიგორ დიმიტროვს დაუპირისპირდება.

თითქმის ორსაათიან მატჩში მსოფლიოს რეიტინგში 87-ე ადგილზე მყოფმა ბასილაშვილმა შესაშური გამძლეობა გამოიჩინა და პირველი სეტის ჩავარდნის შემდეგ, შეხვედრის შემოტრიალება შეძლო. პირველ სეტში ნიკამ გეიმი ვერ მოიგო, სამჯერ დაბრეიკდა და 0:4-ის შემდეგ აღარც უცდია ბრძოლა. მეორე სეტში კი ქართველმა გულშემატკივრები მეხუთე გეიმზე გაახარა და მეტოქეს მოწოდება აუღო, თუმცა არც სლოვაკი ჩამორჩა მოწინააღმდეგეს და ანგარიში მალევე გაათანაბრა. ფსიქოლოგოური უპირატესობა უფრო მეტად კლიჟანს ჰქონდა, თუმცა ნიკამ მარტინის შეცდომებით და კარგი თამაშით ზედიზედ სამი გეიმის მოგება შეძლო.

მსოფლიოს რეიტინგის 36-ე ნომერი უკვე გამტყდარი იყო და გადამწყვეტი სეტი ბასილაშვილმა კარგად დაიწყო, თავის მოწოდება მოიგო და ბრეიკიც შეასრულა - 2:0. ამის შემდეგ კი გეიმები კვლავ არასტაბილურად წარიმართა და უპირატესობა ვერც ნიკამ და ვერც მარტინმა გამოიყენეს და უკუბრეიკების შემდეგ 3:1 გახდა. მეშვიდე გეიმზე მატჩს ინტრიგა სლოვაკმა შემატა, როდესაც ბასილაშვილის მოწოდებაზე მოიგო და ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა - 3:4. მიუხედავად ამისა, ნიკამ შესაშური გამძლეობა გამოიჩინა, ცდილობდა ნაკლები შეცდომა დაეშვა და ბრეიკი შეასრულა. ბოლო გეიმზე კი ფაქტობრივად ქართველმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და იოლად მოიგო - 6:3.

აღნიშნულ შეხვედრაში შეცდომები მეტოქეებს აშკარად ბევრი ჰქონდათ, თუმცა ლამაზ ჩოგბურთს ბასილაშვილი უფრო თამაშობდა. რამდენჯერმე სლოვაკი შეეცადა ბადესთან გასვლით ქულა აეღო, თუმცა ნიკამ ლამაზი დარტყმებით მეტოქეს შანსს არ უტოვებდა.

ნახევარფინალში ნიკას მეტოქე დიმიტროვი იქნება, რომელიც წელს ძალიან კარგად თამაშობს. გრიგორი ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში გავიდა, სადაც რაფაელ ნადალთან დამარცხდა. ბულგარელი და ქართველი ერთმანეთს პირველად შეხვდებიან. შეხვედრა 11 თებერვალს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

ბასილაშვილმა მეოთხედფინალში გამარჯვებით უკვე 90 სარეიტინგო ქულა და 24. 520 ათასი ევრო გამოიმუშავა.

0.121539