ფეხბურთი

17:10 | 1.02.2017 | ნანახია [] - ჯერ

სად მიდიოდნენ საქართველოს ჩემპიონატის რჩეულები?

საქართველოს ჩემპიონატიდან ძლიერ ევროპულ ქვეყანაში წასვლა რომ გართულდა, ყველა ხედავს. ამაოდ ველით ტოპ-ჩემპიონატებში ტრანსფერებს და ღიმილისმომგვრელია ის ჭორები, ქართული კლუბის ფეხბურთელი "ვილიარეალს", "ლაციოსა" თუ "მონაკოს" რომ სურთ. უფრო მაღალ ეშელონებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია (არადა, ესენიც მოგვისმენია).

ამ შემთხვევაში ჩამოვთვალოთ ის ფეხბურთელები, რომლებიც ბოლო 10 წლის განმავლობაში უშუალოდ საქართველოს ჩემპიონატში კარგი თამაშის შემდეგ მოხვდნენ უცხოურ კლუბებში. ყველა ასე როდია - 1. ზოგიერთი ადრეულ ასაკშივე მიდის უცხოეთში, 2. ზოგიერთიც 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში გამორჩეული თამაშით იპყრობს ყურადღებას, ანუ როგორც იტყვიან, ნაკრებიდან იყიდება და არა - კლუბიდან.

პირველ კატეგორიას შეიძლება მივაკუთვნოთ ჯანო ანანიძე და სოლომონ კვირკველია (თენგიზ სულაქველიძის აკადემიაში იზრდებოდა, აწ გარდაცვლილი ვახტანგ კოპალეიშვილი წვრთნიდა), მეორეს - ვაკო ყაზაიშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ჭანტურია...

2007 - სანდრო იაშვილი თბილისის "დინამოში" ჩემპიონი გახდა და საუკეთესო ფეხბურთელიც. სანდრო გადავიდა შვეიცარიის "თუნში", რომელიც იმ პერიოდში ქვეყნის საუკეთესო კლუბი ნამდვილად არ იყო. სანდრო "თუნში" დიდი იმედებით მიიღეს, თუმცა ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც ელოდნენ. ქართველმა სეზონი ერთი გოლით დაასრულა, არადა, ორნიშნა ციფრს ელოდნენ.

2008 - ლევან ყენია გადავიდა თბილისის "ლოკომოტივიდან" გელზენკირხენის "შალკეში". სატრანსფერო თანხამ 3 მილიონი ევრო შეადგინა. ეს იყო ბოლო შემთხვევა, როცა საქართველოდან ტოპ-ჩემპიონატში მოხვდა ფეხბურთელი. მართალია, ლევანი თავიდან "შალკეს" 19-წლამდელებში იყო, მაგრამ როგორც კი 18 წლისა გახდა, მომენტალურად აიყვანეს მთავარ გუნდში. 2009 წლის შემოდგომიდან კი ყენიასთვის დანავსული პერიოდი დაიწყო, სულ ტრავმა, ტრავმა...

2010 - გიორგი მერებაშვილი ზამთრის შესვენებისას გადავიდა თბილისის "დინამოდან" სერბულ "ვოივოდინაში". იაშვილის მაგალითი არ გამეორებულა, მერებაშვილმა საკმაოდ კარგად ითამაშა სერბეთში და ელოდნენ, რომ უკეთეს ჩემპიონატში გააგრძელებდა კარიერას, თუმცა ორი წლის შემდეგ ისევ თბილისის "დინამოში" მობრუნდა.

2010 - გურამ კაშია თბილისის "დინამოდან" ჰოლანდიის "ვიტესში". გურამმა მშვენივრად გამოიყენა შანსი, დამკვიდრდა კლუბში და ცოტაა ვთქვათ, რომ გუნდის ლიდერია. ლიდერიცაა და მეტიც, "ვიტესი" მის გარეშე წარმოუდგენელია...

2011 - მათე ვაწაძე "დინამოდან" ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაში". რუსულ პრემიერლიგაში ისე შედეგიანი ვერ იყო, პრაქტიკაც აკლდა, დაბრუნდა საქართველოში, კერძოდ, გორის "დილაში" და ჩემპიონატში მშვენივრად ითანაშა, მერე ევროთასებზეც შეაგდო გოლები და გადავიდა დანიის "ორჰუსში".

2012 - ნიკოლოზ გელაშვილი ზამთრის შესვენებისას გადავიდა გერმანიის მეორებუნდესლიგელ "ბოხუმში". გადავიდა "ზესტაფონიდან", სადაც ყველაფერი მოიგო და საქართველოს ჩემპიონატში შესაძლებლობები მართლაც ამოწურა. გელაშვილმა "ბოხუმში" სადებიუტო მატჩში გოლი გაიტანა, მერე კი აშკარად მოუკლო. მან საუკეთესო სეზონები ზესტაფონში დატოვა.

2013 - გიორგი ილურიძე გორის "დილადან" სპლიტის "ჰაიდუკში" გაიყიდა. კლუბში, რომელიც "დილამ" დიდწილად სწორედ ილურიძის მშვენიერი თამაშით გამოთიშა. ილურიძემ ხორვატია ტრამპლინად ვერ გამოიყენა.

2014 - გიორგი ლორია "დინამოდან" ბერძნულ ოფი-ში. საერთოდ, მეკარეებისთვის უფრო ძნელია კლუბის მოძებნა, ლორიას შემთხვევაც ასეთი იყო. ოფი-დან ლორია "ოლიმპიაკოსშიც" კი მოხვდა, ოღონდ რამდენიმე თვით და შემდეგ იყო "კრილია". საერთო ჯამში, ლორიას ურიგოდ არ წაუყვანია თავის კარიერა და მეკარის კვალობაზე დაბერებულიც არ ეთქმის, 30 წლისაა.

2015 - გიორგი პაპუნაშვილი თბილისის "დინამოდან" ბრემენის "ვერდერში", ოღონდ მეორე გუნდში. ეს იჯარა იყო და პაპუნაშვილი ერთი წლის შემდეგ ისევ "დინამოში" დაბრუნდა. სამწუხაროდ, ბუნდესლიგის დონის ჩემპიონატებში ქართველ ფეხბურთელს დანატრებულნი ვართ...

2016 - გიორგი ქვილითაია ვენის "რაპიდში" გადავიდა. ბოლო წლებში ერთ-ერთი კარგი ტრანსფერია, რადგან ყველამ იცის, რომ "რაპიდი" ავსტრიის ყველაზე პოპულარული კლუბია, დიდი ისტორია აქვს და ევროპის ლიგაზეც გამოდიოდა. ქვილითაიას საქმეები ურიგოდ არ მიდის, ძირითად შენადგენლობაში ნელ-ნელა დამკვიდრდა და ევროპის ლიგაზე გადამწყვეტი გოლიც გაიტანა იტალიის "სასუოლოსთან".

2017 - ბუდუ ზივზივაძე და ჯაბა ჯიღაური. ერთი დანიის სუპერლიგის ბოლოდან მესამე ადგილზე მყოფ გუნდში ("ესბიერგში"), მეორე კი მაკედონიის ჩემპიონში ("ვარდარში"). ზივზივაძე გასულ გარდამავალ სეზონში ჩემპიონიც გახდა, საუკეთესო ფეხბურთელიც და საუკეთესო ბომბარდირიც. ჯიღაური კი "დინამოს" ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ითამაშა... იყო მოლოდინი, რომ უკეთეს კლუბებში გადავიდოდნენ, თუმცა ეს მათზე მეტად ვის უნდა?! ეტყობა, არ არის მოთხოვნილება.

Loading...
სტატისტიკა
0.25931