ფეხბურთი

3:10 | 26.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

კოპა დელ რეი: “რეალი” 1/2 ფინალს მიღმა დარჩა

ესპანეთის თასის 1/2 ფინალურ ეტაპზე გასული სამი გუნდის ვინაობა ცნობილია და მათ შორის, მადრიდის “რეალი” ვერ მოხვდა, რომელმაც მოულოდენლად “სელტას” ბარიერი ვერ დაძლია და ტურნირს დაემშვიდობა.

“ბლანკოსს” შინ 1:2 ჰქონდა წაგებული და უეჭველი მოსაგები ჰქონდა, თანაც ან ორბურთიანი სხვაობით, ან კიდევ ისე რომ, ორ რაუნდიან დაპირისპირებაში გასვლაზე მეტი ჰქონოდა გატანილი.

სტუმრებს 7 მოთამაშე აკლდათ და გვარიანად შესუსტებული შემადგენლობით მოუწიათ თამაში. ეს განსაკუთრებით დაცვის ხაზზე ითქმის, რადგან მარსელო, კარვახალი, ვარანი და პეპე ტრავმირებულნი არიან.

შეხვედრა გუნდებმა აქტიურად დაიწყეს და დაწინაურების შანსი ორივეს ჰქონდა. სტუმართაგან 100%-იანი შანსი კრიშტიანო რონალდუს შეექმნა, რომელმაც დაახლოებით ორი მეტრიდან ცარიელ კარში ვერ გაიტანა და ძელს მოარტყა ბურთი. საპასუსოდ, გალისიელთაგან იაგო ასპასს მართებდა ანგარიშის გახსნა, მაგრამ ერთი-ერთზე ვერ ივარგა.

პირველ ტაიმში გოლი მაინც გავიდა: ჯონ გუიდეტი მეკარესთან პირისპირ დარჩა, კიკო კასილიამ დანიელ ფორვარდს აჯობა, მაგრამ ბურთი დანილოს მოხვდა და მადრიდელთა კარში შევარდა.

“რეალისთვის” ამოცანა დიდად არ შეიცვალა, რადგან ზინედინ ზიდანის შეგირდებს ორი ბურთი ყველა ვარიანტში ჰქონდათ გასატანი. უბრალოდ, 1:2-ზე დამატებით დროში მოუწევდათ თამაში.

62-ე წუთზე კრიშტიანო რონალდუმ შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით წონასწორობა აღადგინა და შეხვედრა ძალიან დაიძაბა. მადრიდელები ბურთს დიდხანს ფლობდნენ და გამუდმებით უტევდნენ მეტოქეს, ხოლო მასპინძლები თავს ჭკვიანურად იცავდნენ და კონტრშეტევებით ცდილობდნენ ფონს გასვლას.

85-ე წუთზე “სელტას” მოთამაშეებმა ჩინებული კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც დანიელ ვასის გოლით დასრულდა. თითქოს ყველაფერი გადაწყვეტი იყო, მაგრამ სტუმრებმა ბოლომდე იბრძოლეს და 90-ე წუთზე ლუკას ვაზკესმა წონასწორობა აღადგინა.

მსაჯმა 4 წუთი დაამატა და გალისიელ ქომაგებს ნერვიულობა მოუწიათ, თუმცა უნდა ითქვა, რომ ამ დროში “სელტას” უფრო მართებდა გატანა, მაგრამ ბონგონდას 95-ე წუთზე კიკო კასილიამ აჯობა და მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა, ხოლო ორი მატჩის ჯამში “სელტამ” 4:3 იმარჯვა და 1/2 ფინალში სრულიად დამსახურებულად გავიდა.

სამაგიეროდ, შემდეგი ეტაპის საგზური იოლად გაიფორმა მეორე მადრიდულმა კლუბმა “ატლეტიკომ”, რომელსაც პირველი მატჩი “ეიბარისთვის” 3:0 მოეგო. შესაბამისად, “როხიბლანკოს” თავი აღარ მოუკლავს და “იპარუაზე” გამართული შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.

რაც შეეხება მესამე 1/2 ფინალისტს, ის გუშინ გამოვლინდა: “ალავესი”, რომელსაც პირველი მატჩი “ალკორკონისთვის” გასვლაზე ჰქონდა მოგებული, მეტოქეს დაუზავდა და ისიც შემდეგ ეტაპზე ითამაშებს.

ბოლო 1/2 ფინალისტი კი დღეს “ნოუ კამპზე” გამოვლინდება. შეგახსენებთ, რომ “ბარსელონამ” პირველ მატჩში “სოსიედადი” 1:0 დაამარცხა.

24 იანვარი

ალავესი - ალკორკონი 0:0 პირველი მატჩი 2:0

25 იანვარი

ეიბარი - ატლეტიკო 2:2 (0:0) პირველი მატჩი 0:3

გოლები: 0:1 ხიმენესი (49), 1:1 ენრიჩი (73), 2:1 პ.ლეონი (80), 2:2 ხუანფრანი (85)

სელტა - რეალი 2:2 (1:0)

გოლები: 1:0 დანილო (44 ს.კ.), 1:1 რონალდუ (62), 2:1 ვასი (85), 2:2 ლ.ვაზკესი (90)

სტატისტიკა
0.283712