ფეხბურთი

15:47 | 24.01.2017 | ნანახია [] - ჯერ

ცოტა რამ იორდანიაზე

უზბეკეთთან მატჩი ისტორიაა. 2:2 და წინ იორდანიასთან თამაშია, რომელიც 25 იანვარს ისევ 17:00 საათზე დაიწყება დუბაიში. უზბეკეთისა არ იყოს, იორდანიაც საქართველოზე წინაა ფიფას რეიტინგში: 107-ე ადგილზე.

მწვრთნელი არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან არის. აბდულა მესფერი ჯერ 21-წლამდელთა ნაკრებში მუშაობდა, მერე 23-წლამდელებში და ერთი თვის წინ დააწინაურეს ეროვნულ ნაკრებში. ისე, შარშან ცოტა ხნით ჰარი რედნაპიც კი იყო იორდანიის ნაკრებების თავკაცი... მხოლოდ ორ შეხვედრაში: ბანგლადეშთან 8:0 მოიგო, ავსტრალიასთან 1:5 წაგების შემდეგ დატოვა პოსტი. სწორედ იმ მარცხის გამო, იორდანიამ მუნდიალ-2018-ზე გასასვლელად ბრძოლა ვეღარ გააგრძელა.

ევროპაში ერთადერთი ლეგიონერი ჰყავთ: რუმინულ "გაზ მეთანშია" ფორვარდი ტაჰერ ბავაბი. თუმცა ნაკრების ლიდერებად სხვები ითვლებიან: მეკარე ამერ შაფის 135 მატჩი აქვს ჩატარებული ქვეყნის მთავარ გუნდში, გამორჩეულია ფორვარდი ჰამზა ელ-დარდური, მცველი მოჰამად ალ-დმეირი.

გასული წლის ნოემბერში იორდანიამ სამი ამხანაგური მატჩი ჩაატარა: ერაყთან 0:0, უზბეკეთთან 0:1 და ლიბანთან 0:0.

იორდანიის ნაკრებთან საქართველოსაც უთამაშია. ეს 2005 წლის 16 ნოემბერს თბილისის "მიხეილ მესხზე", როცა "ჯვაროსნებს" გაიოზ დარსაძე წვრთნიდა. საქართველო ჯერ იგებდა, შემდეგ აგებდა და საბოლოოდ, 3:2 იმარჯვა. ორი გოლი გიორგი დემეტრაძემ გაიტანა, ერთიც - შოთა არველაძემ.

ის მატჩი საქართველოს ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით ჩაატარა: რევიშვილი, მჟავანაძე, ხიზანიშვილი, კალაძე, კანდელაკი, გოგუა (კვირკველია 74), განუგრავა (ბურდული 81), კანკავა, დემეტრაძე (დარასელია 78), მუჯირი (ჯაკობია 71), არველაძე (აშვეთია 81)

0.116013