თბილისის ახალმა სპორტის სასახლემ კალათბურთში დღეს 26-ე ეროვნული ჩემპიონატის კიდევ ერთ გადადებულ შეხვედრას უმასპინძლა, სადაც ერთმანეთს ერთ-ერთი აუტსაიდერი „ოლიმპი“ და საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „ქუთაისი“ დაუპირისპირდნენ.
როგორც მოსალოდნელი იყო შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო, რომლებიც პირველი მეოთხედის შემდეგ 12 ქულით 21:9 დაწინაურდნენ. მეორე და მესამე მეოთხედებმა გარდამავალი უპირატესობით ჩაიარეს. აღნიშნულიდან გამომდინარე სტუმრებმა 12 ქულიანი უპირატესობა ბოლო მეოთხედამდე შეინარჩუნეს - 43:55. მეოთხე მეოთხედი „ოლიმპის“ უპირატესობით დაიწყო, რომელსაც უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდა. ძირითადი დროის დასრულებამდე ორი წუთითა და 10 წამით ადრე მასპინძელთა ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშე რეზო როგავამ ანგარიში გაათანაბრა - 65:65. ამის შემდეგ სტუმრები ორი საჯარიმოთი გუნდისა და ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთმა საუკეთესო კალათბურთელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა გიორგი ცინცაძემ დააწინაურა - 67:65. ამის შემდეგ ქუთათურთა მსროლელმა აკაკი ლომოურმა სამქულიანი ჩააგდო და ანგარიშში სხვაობა 5 ქულამდე გაზარდა - 65:70. „ოლიმპმა“, კონკრეტულად კი როგავამ, ისღა შეძლო რომ ანგარიშში სხვაობა 3 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ მეტის გაკეთება ვერ შეძლო და 70:67 გაიმარჯვა „ქუთაისმა“. „ოლიმპი“ ბევრს ეცადა, მაგრამ მისთვის უაღრესად საჭირო გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო.
ამ შეხვედრაში საუკეთესო შედეგი როგავამ აჩვენა, რომლის ანგარიშზეც 32 ქულა, 6 მოხსნა და 6 პასია. სტუმართა შორის 20 ქულითა და 10 პასით ყველაზე შედეგიანი ცინცაძე იყო. აკაკი ლომოურმა 13 ქულითა და 10 მოხსნით და დრაგან ტუბაკმა 11 ქულითა და 15 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულეს.
ოლიმპი - ქუთაისი 67:70 (9:21, 18:18, 16:16, 24:15)
ბოლო შეხვედრას დღეს რუსთავი უმასპინძლებს, რომელიც 18 საათზე დაიწყება. ერთმანეთს „რუსთავი“ და „კაკტუსი“ შეხვდებიან.







