ჭადრაკი

22:46 | 27.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფანცულაიას ბოლო ტურებში ხელი მოეცარა

დღეს ჩატარებული 5 პარტიიდან ლევან ფანცულაიას 4 მეტოქე შვიდასიანთა, ხოლო ერთი რვაასიანთა კლუბის წევრი იყო. შესანიშნავად დაწყებული პარტიების შემდეგ, სადაც ჯერ მელქუმიანს და ვაშიე-ლაგრავს დაუზავდა, შემდეგ კი რვაასიანთა წარმომადგენელი ნაკამურა დაამარცხა, დანარჩენ ორ ტურში შვიდასიანთა კიდევ ორ წარმომადგენელთან ვასილ ივანჩუკსა (2771) და ალექსანდრ გრიშჩუკთან (2767) ორივე პარტია წააგო.

ათი ტურის შემდეგ ლევან ფანცულაიას 6 ქულა აქვს და ერთპიროვნულ ლიდერ ივანჩუკს 2 ქულით ჩამორჩება. ქართველ მოჭადრაკეს დარჩენილ 5 პარტიაში შედარებით სუსტი მეტოქეები ეყოლება, აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი საპრიზო ადგილზე გასვლის შანსს ინარჩუნებს.

სხვა ქართველ მოჭადრაკეებს- ბაადურ ჯობავას, მიხეილ მჭედლიშვილსა და გიგა ყუფარაძეს 4,5-4,5 ქულა აქვთ.

ქალთა შორის 7 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს უკრაინელი ანა მუზიჩუკი ( 2570), რომელიც უახლოეს მდევრებს 1,5 ქულით უსწრებს. სხვა მოჭადრაკეებთან ერთად 5-5 ქულით V-X ადგილებს ნანა ძაგნიძე (2549) , ლელა ჯავახიშვილი ( 2461) და ნინო ბაციაშვილი (2417) ინაწილებენ. სოფო გვეტაძესა ( 2326) და მერი არაბიძეს ( 2395) კი 4-4 ქულა აქვთ და XIV-XXII ადგილებს იყოფენ. რაც შეეხება მაკა ფურცელაძეს( 2359) , იგი 3,5 ქულით XXIII-XXVII ადგილებზე გასულთა შორისაა.

მსოფლიო ჩემპიონატი რაპიდში ხვალ დასრულდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1151