მიმდინარე ჩემპიონატის მეორე წრის ბოლოსწინა, მე-6 ტურის მესამე შეხვედრას თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინლა, სადაც ერთმანეთს სუპერლიგის დებიუტანტი „კაქტუსი“ და მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთი აუტსაიდერი „ოლიმპი“ დაუპირისპირდა.
ისევე როგორც პირველ წრეში, ამ გუნდების შეხვედრა ამჯერადაც დაძაბული გამოდგა. პირველ წრეში „კაქტუსმა“ 1 ქულის სხვაობით შეძლო მეტოქის დამარცხება. ამჯერად „ოლიმპმა“ რევანში აიღო, 79:76 გაიმარჯვა და აუტსაიდერობას თავი დააღწია. ამრიგად, დაკარგული ქულებით „ოლიმპი“ ბოლოსწინა, მე-7 ადგილზეა, ხოლო ბოლო, გასავარდნ ადგილს „მგზავრები“ იკავებს.
აღნიშნული შეხვედრა „ოლიმპის“ უპირატესობით დაიწყო და თუ არ ჩავთვლით იშვიათ გამონაკლისს, ასევე გაგრძელდა მთელი შეხვედრის განმავლობაში. განსაკუთრებული აღნიშვნის ღისრსია ბოლო მეოთხე მეოთხედი. სამი მეოთხედის შემდეგ „ოლიმპის“ უპირატესობამ 11 ქულას მიაღწია - 59:48. დასკვნითი მეოთხედი „კაქტუსის“ უპირატესობით დაიწყო. არჩილ ჟღენტის შეგირდებმა 13-ქულიანი გაქცევა მოახერხეს და მე-5 წუთისთვის უკვე ლიდერის როლში მოგვევლინენ - 61:59. „ოლიმპი“ მხოლოდ ამის შემდეგ გამოფხიზლდა - მდევრის როლში მყოფმა ანგარიში ჯერ გაათანაბრა, შემდეგ კი რეზო როგავას სამქულიანით წინ გასვლაც მოახერხა - 66:63. ამის შემდეგ მატჩის ბოლომდე სულ „ოლიმპი“ ლიდერობდა. „კაქტუსი“ მეტოქეს კვალში ედგა და სოლიდური ანგარიშით დაწინაურების საშუალებას არ აძლევდა, მაგრამ წინ გასვლა ვეღარ მოახერხა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, სარბიელი დამარცხებულმა დატოვა.
ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი, 20 ქულა „კაქტუსის“ უკანახაზელმა ტაილერ უაითმა დააგროვა. 13 ქულითა და 15 მოხსნით ორმაგი დუბლი მისმა თანამემამულე და თანაგუნდელმა ჯონ ფლოვიესმა შეასრულა. „ოლიმპის“ რიგებში ყველაზე კარგი შედეგი უკანახაზელმა რეზო როგავამ აჩვენა, რომლის ანგარიშზეც 18 ქულა, 8 პასი და 3 მოხსნაა.
ამ ტურის ბოლო, მეოთხე შეხვედრა დღეს რუსთავში გაიმართება, სადაც მესამე ადგილზე მყოფი „რუსთავი“ ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერ „დინამოს“ უმასპინძლებს.
„კაქტუსი“ – „ოლიმპი“ 76:79
(17:21, 16:18, 15:18, 28:22)







