კალათბურთი

16:13 | 17.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

რევანში  შედგა

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის II წრის მე-4 ტური გუშინ ბათუმში დაიწყო და დღეს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გაგრძელდა.

პირველები სარბიელზე სატურნირო ცხრილის ქვედა ნახევარში მყოფი „კაქტუსი“ და „სოხუმი“ გავიდნენ. ამ გუნდების პირველი წრის შეხვედრა „კაქტუსმა“ დამაჯერებელი ანგარიშით - 91:73 მოიგო. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზღვისპირელებს რევანშზე უნდა ეზრუნათ. ასეც მოხდა. „სოხუმმა“, მართალია, გაიმარჯვა და რევანში შედგა - 99:82, მაგრამ სრულფასოვან რევანშამდე 1 ქულა დააკლდა, რადგან პირველ წრეში 18 ქულის სხვაობით ჰქონდა წაგებული.

შეხვედრა „სოხუმის“ უპირატესობით დაიწყო, მის რიგებშიც ოთო ბულიავა აქტიურობდა. აღსანიშნავია, რომ ამ კალათბურთელმა თავის გუნდს პირველ მეოთხედში 16 ქულა მოუტანა. დროის ეს მონაკვეთი ზღვისპირელებმა ასევე 16 ქულის სხვაობით - 31:15 მოიგეს.

მეორე მეოთხედი „კაქტუსის“ შეტევებით დაიწყო. განსაკუთრებით დავით ლომიძე აქტიურობდა. იყო მომენტი, როცა თბილისელებმა ანგარიშის სხვაობა 8 ქულამდე დაიყვანეს - 32:40, მაგრამ წინ გასვლა მაინც ვერ მოახერხეს. მესამე მეოთხედში ისევ „სოხუმი“ გააქტიურდა. ბულიავას მხარი სოხუმის უკრაინელმა ლეგიონერმა ალექსანდრ ტიშჩენკომ აუბა და ანგარიშის სხვაობამ 20 ქულას გადააჭარბა - 63:39. თითქოს, ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ „კაქტუსი“ მაინც არ ნებდებოდა. ისევ ლომიძის აქტიური თამაშის შედეგად, „კაქტუსმა“ სხაობა 7 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ მეტის გაკეთება ვერ შეძლო. როგორც უკვე აღვნიშნეთ, გამარჯვება „სოხუმს“ დარჩა.

ამ შეხვედრაში ყველაზე კარგი პირადი შედეგი დავით ლომიძემ აჩვენა, რომელმაც 32 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, რაც ტრავმით იყო გამოწვეული, „კაქტუსს“ ამ შეხვედრაში ერთ-ერთი ლიდერი ტერიკ ბრიჯმენი შეუერთდა, რომელმაც დაბრუნება 11 ქულითა და 7 მოხსნით აღნიშნა.

„სოხუმის“ შემადგენლობაში ყველაზე მეტი, 26 ქულა ოთო ბულიავამ დააგროვა. სოხუმელთა შემადგენლობაში ჩარიცხვის შემდეგ, საუკეთესო მატჩი ჩაატარა ტიშჩენკომ, რომელმაც 23 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. კარგი შედეგი ჰქონდა „სოხუმის“ კიდევ ერთ ლეგიონერ უეიდ ლათანს, მის ანგარიშზე 14 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასია.

დღეს დაგეგმილი შეხვედრებიდან, მორიგი მატჩი 18 საათზე დაიწყება - ერთმანეთს „დინამო“ და „მგზავრები“ შეხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ 16 საათზე დაგეგმილი, „ოლიმპისა“ და „ქუთაისის“ შეხვედრა მასპინძელთა მოთხოვნით გაურკვეველი ვადით გადაიდო.

„კაქტუსი“ - „სოხუმი“ 82:99

(15:31, 21:21, 20:19, 26:28)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.104932