ფეხბურთი

20:56 | 10.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ერთი ნაბიჯი ისტორიამდე

ერთი მატჩიც საქართველოში საფეხბურთო სეზონი დასრულდება. ერთი მატჩიც და საქართველოს ახალი ჩემპიონი ეყოლება, ერთი მატჩი რჩება ისტორიის დასაწერად. მნიშვნელობა არ აქვს ვინ მოიგებს, “სამტრედია” თუ “ჩიხურა” – ორივესთვის პირველი ჩემპიონობა იქნება არსებობის განმავლობაში.

ამ წუთის გამდოსახედიდან “სამტრედია” გაცილებით ახლოსაა ჩემპიონობასთან და ეს პირობითი “გაცილებით”, ორბურთიან, თანაც მშრალ უპირატესობაში გამოიხატება. თუმცა, წინ კიდევ 90 წუთია (მინიმუმ) და ეჭვგარეშეა, “ჩიხურა” მაქსიმუმს გაიღებს ოქროს მედლების მოსაპოვებლად.

ერთი კვირის წინ კი, “ეროსი მანჯგალაძეზე” მასპინძლებმა აშკარად დაჩაგრეს მეტოქე: ბუდუ ზივზივაძე გახდა იმ მატჩის გმირი, რომელმაც პირველივე ტაიმში დუბლი გაიფორმა. თანაც, დუბლსაც ხომ გააჩნია?! – ჯერჯერობით ორრაუნდიან დაპირისპირებაში სწორედ ამ გოლებითაა გია ცეცაძის გუნდი წინ. ისიც ვთქვათ, რომ მაშინ, მასპინძლებმა მეტოქე არათუ ანგარიშში, არამედ სათამაშო ხარისხის მხრივაც დაჩაგრეს.

საპასუხო თამაშს რაც შეეხება – ივანწმინდაში ცუდი საფარის გამო გადაწყდა, რომ “ჩიხურა” “მიხეილ მესხზე” გამართავდა ფინალურ მატჩს, მაგრამ თამაშამდე 4 დღით ადრე, “მასპინძელი” არენა კვლავ შეიცვალა – “დინამო არენა” იქნება ხვალ ჩემპიონის გამრკვევი სტადიონი. მასპინძელი კი, ბრჭყალებში შემთხვევით არ დამიწერია – რთულია, როდესაც საჩხერეს წარმოადგენ და თამაშის ჩატარება საკუთარი მოედნის ფაქტორით თბილისში გიწევს. ამ პრობლემის წინაშე კი, დღეს არამარტო “ჩიხურა”, არამედ კიდევ ბევრი გუნდი დგას. თუმცა, ეს ცალკე განსახილველი თემაა და ახლა უბრალოდ სიტყვას მოვაყოლე...

ახლა ისევ ფინალური რაუნდის განმეორებით მატჩს დავუბრუნდეთ და საკმაოდ საინტერესო ფაქტებსაც გავეცნოთ - ფინალისტებმა გარდამავალი ჩემპიონატის თავთავიანთი ქვეჯგუფები დამაჯერებლად მოიგეს და სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ყველაზე გამართულ ფეხბურთსაც აჩვენებდნენ. ოდნავ უკეთესად საჩხერელები გამოვიდნენ, რომელთაც თეთრ ჯგუფში 12 მატჩიდან 9 მოიგეს და ერთადერთხელ დამარცხდნენ. ამდენჯერვე წააგო “სამტრედიამ” წითელ ჯგუფში, მაგრამ 8 თამაში მოიგო. ზემოიმერლებმაც და ქვემოიმერლებმაც 27-27 გოლი გაუტანეს მეტოქეებს, ფრუიძის გუნდმა 11 გოლი გაუშვა, ცეცაძის – ცხრა.

მოკლედ, სტატისტიკაც მოწმობს, რომ წინ ნამდვილი ფინალი გველოდება. აქამდე, “სამტრედიას” საუკეთესო შედეგი საქართველოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი ყოფილა. “მტრედებმა” აღნიშნულ ჯილდოს ორჯერ, 1995 და 2016 წლებში უწიეს. შესაძლოა, მათთვის 2016 წელი კიდევ უფრო უკეთესად შემორჩეს ისტორიას. რაც შეეხება “ჩიხურას”, მათთვის მეოთხე ადგილი იყო ყველაზე კარგი შედეგი. მოკლედ, “ჩიხურასაც” და “სამტრედიასაც” ისტორიის გადაწერის დიდებული შანსი ეძლევათ.

მიმდინარე სეზონში გუნდებს ჩემპიონატში ბუნებრივია, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ ფინალამდე არ უთამაშიათ, სხვადასხვა ჯგუფებში ყოფნის გამო, მაგრამ სამაგიეროდ, საქართველოს თასის მეოთხედფინალში გადაიკვეთა მათი გზები. 19 ოქტომბერს, ივანწმინდაში, 120 წუთმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა. პენალტების სერიაში კი, უფრო მეტად ფრუიძის შეგირდებს გაუმართლათ – 5:3. ფინალური დაპირისპირების პირველ მატჩზე კი ზემოთაც მოგახსენეთ. აქვე, ბოლო შვიდ დაპირისპირებაზეც გეტვყით: უპირატესობას “სამტრედია” ფლობს – 4 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება. ბურთების შეფარდება 11:5 აქაც სამტრედიელთა უპირატესობაა. უშუალოდ “ეროსი მანჯგალაძეზე” ბოლო მატჩებს რაც შეეხება – მასპინძლებმა სამჯერ მოიგეს, სტუმრებმა ერთელ, 8:2 ბურთების ბალანსი ქვემოიმერელთა სასარგებლოდ.

აქვე გეტყვით, რომ შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გეგმავს.

„ჩიხურა“ – „სამტრედია“

11 დეკემბერი, 13:30 საათი

თბილისი, „დინამო არენა“

„ჩიხურა“ (4-2-3-1): ჰამზიჩი; გრიგალაშვილი, კაშია, რეხვიაშვილი, კორიფაძე; განუგრავა, გორგიაშვილი; სარდალიშვილი, ლეკვთაძე, ლობჟანიძე; მუმლაძე

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

„სამტრედია“ (4-2-3-1): მიგინეიშვილი; მჭედლიშვილი, გოგიაშვილი, სანდოხაძე, შერგელაშვილი; მანჯგალაძე, დათუნაიშვილი; ჯიქია, არაბული, რაჟამაშვილი; ზივზივაძე

მწვრთნელი: გია ცეცაძე

მსაჯი: ლაშა სილაგავა

სტატისტიკა
0.224203