კალათბურთი

21:42 | 6.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

,,დინამო“ კვლავ დაუმარცხებელია

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის მეორე ტურის ოთხივე შეხვედრას დღეს თბილისის ახალმა სპორტის სასახლემ უმასპინძლა.

უკვე ტრადიციად დამკვიდრდა, რომ იშვიათი გამონაკლისის გარდა სუპერლიგის თითქმის ყველა შეხვედრა უაღრესად დაძაბულად მიმდინარეობს. დღევანდელი მატჩებიდან გამორჩეულ ინტერესს სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფი ,,დინამოსა“ და ,,ბათუმის“ შეხვედრა იწვევდა. დღევანდლამდე ,,დინამომ“ ყველა შეხვედრა მოიგო, ხოლო ,,ბათუმს“ სამი წაგება ჰქონდა და 8 გუნდს შორის მეოთხე ადგილზე იმყოფებოდა. რაღა თქმა უნდა, ფავორიტად მასპინძლები ითვლებოდნენ.

პირველ მეოთხედში სტუმრები მცირე უპირატესობას ფლობდნენ. დროის ეს მონაკვეთი ,,ბათუმს“ უნდა მოეგო, მაგრამ ბოლო წამზე ,,დინამოელმა“ მიხეილ ბერიშვილმა სამქულიანი ჩააგდო და თანაგუნდელებს 23:22 მოაგებინა. მეორე მეოთხედიდან უპირატესობას ,,დინამო“ დაეუფლა და მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა. მეოთხე მეოთხედში ზღვისპირელებმა ანგარიშში სხვაობა სამ ქულამდე შეამცირეს 78:81, მაგრამ მეტის გაკეთება ვერ შეძლეს. მატჩის საბოლოო ანგარიშია 97:90 ,,დინამოს“ სასარგებლოდ.

ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 37 ქულა ,,დინამოს“ უკანახაზელმა დეონტა ვონმა დააგროვა, ზღვისპირელთა შორის კი 25 ქულით ყველაზე შედეგიანი ილია შემოსიუკი იყო.

დღევანდელი შეხვედრებიდან ყველაზე დაძაბული ,,ოლიმპი“-,,რუსთავის“ მატჩი გამოდგა. გულშემატკივრებმა ორი ერთმანეთისაგან განსხვავებული ტაიმი იხილეს. პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით დაიწყო, მაგრამ შემდეგ უპირატესობას სტუმრები დაეუფლნენ. იყო მომენტი, როდესაც ქვემოქართლელები 12 ქულითაც კი დაწინაურდნენ 27:15. მასპინძელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი წაგებას არ შეეგუენ და პირველ ტაიმში ანგარიშში 12 ქულიანი სხვაობა 5 ქულამდე დაიყვანეს.

დიდი შესვენების შემდეგ სულაც დაწინაურდნენ და ახლა ,,რუსთავი“ აღმოჩნდა მდევრის როლში. ძირითადი დროის დასრულებამდე 2 წუთით ადრე ხანგრძლივი დროის განმავლობაში მდევრის როლში მყოფი ,,რუსთავი“ გუნდის კაპიტანმა რეზო ჩაჩანიძემ სამქულიანით დააწინაურა 59: 58. საფინალო სირენამდე 2 წამით ადრე ,,რუსთავი“ სამი ქულით 61:58 ლიდერობდა და ძალიან ახლოს იყო გამარჯვებასთან. ,,ოლიმპის’’ უკანახაზელმა ირაკლი მიქელაძემ, რომელმაც სამქულიანი ჩააგდო და ანგარიში გაათანაბრა 61:61, უმძიმეს სიტუაციაში მყოფ მასპინძლებს მატჩის ხსნის იმედი ჩაუსახა.

,,რუსთავის“ ხელმძღვანელობამ, როგორც მოსალოდნელი იყო, წუთშესვენება აიღო, მაგრამ გუნდმა გამარჯვების მომტანი ქულის მოპოვება მაინც ვერ შეძლო და ოვერტაიმი დაინიშნა.ოვერტაიმში ისევ მიქელაძემ გაიბრწყინა და ორქულიანით თანაგუნდელები ამჯერად ორი ქულით 63:61 დააწინაურა. მალე სერგო ათუაშვილმა ანგარიში კვლავ გაათანაბრა 63:63. ამის შემდეგ ,,რუსთავს“ უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია და თამაში გამარჯვებამდე მიიყვანა 74:68.

აღსანიშნავია, რომ ,,რუსთავმა“ მიმდინარე ჩემპიონატში ზედიზედ ორ შეხვედრაში ოვერტაიმი ითამაშა და ორივე მოიგო.

ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 19 ქულა ,,ოლიმპის“ უკანახაზელმა ირაკლი მიქელაძემ დააგროვა. 14 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი მისმა თანაგუნდელმა ტრე ბურნეთმა შეასრულა. სტუმართა შორის 18 ქულით ყველაზე შედეგიანი ჩაჩანიძე იყო. ორმაგი დუბლის ავტორები კი სერგო ათუაშვილი ( 15 ქულა, 12 მოხსნა) და ტომი სპანულო ( 10 ქულა, 16 მოხსნა) გახდნენ.

მესამე შეხვედრაში ერთმანეთს ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ,,ქუთაისი“ და მეექვსე ადგილზე მყოფი ,,სოხუმი“ დაუპირისპირდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, მთელი შეხვედრის განმავლობაში ქუთათურები ლიდერობდნენ. ეტყობა, კოტე ტუღუშის შეგირდებმა ნაადრევად ირწმუნეს გამარჯვება, რითაც ისარგებლა ,,სოხუმმა“ და საფინალო სირენამდე ორი წუთით ადრე ანგარიშში სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირა 79:80. დარჩენილ დროში სტუმრები ისევ გააქტიურდნენ და სასურველი გამარჯვება მოიპოვეს 90:86. ,,ქუთაისის“ გამარჯვებაში გამორჩეული წვლილი ეროვნული ნაკრების წევრმა გიორგი ცინცაძემ შეიტანა, რომელმაც 28 ქულა დააგროვა. ყველაზე შედეგიანი კი ,,სოხუმის“ წევრი უეიდ ლათანი იყო, რომლის ანგარიშზეც 35 ქულაა.

ტურის ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს ერთ-ერთი აუტსაიდერი ,,მგზავრები“ და სუპერლიგის დებიუტანტი ,,კაკტუსი“ დაუპირისპირდნენ. სატურნირო მდგომარეობის მიუხედავად, ფავორიტად ,,მგზავრები“ ითვლებოდა, რადგან ,,კაკტუსმა“ ტრავმის გამო სამი კალათბურთელი ტერიკ ბრიჯმანი, კირილე ტატუნაშვილი და ოთარ ამონაშვილი მოისაკლისა. რაც შეეხება გუნდის ერთ-ერთ ლიდერს ირაკლი ჩლაიძეს, ტრავმის მოშუშების შემდეგ უვარჯიშებელი იყო.

როგორც მოსალოდნელი იყო, პირველმა ტაიმმა ,,მგზავრების“ უპირატესობით ჩაიარა და მისივე გამარჯვებით დასრულდა 37:35. პროგნოზის საპირისპიროდ, მეორე ტაიმში ,,კაკტუსმა“ შეძლო უპირატესობის მოპოვება და უაღრესად მნიშვნელოვანი ორი ქულა აიღო.

,,კაკტუსის“ გამარჯვებაში გამორჩეული წვლილი დავით ლომიძემ და ჯონ ფლოვიესმა შეიტანეს. ლომიძის ანგარიშზე 30 ქულა და 9 მოხსნაა, ხოლო ფლოვიესმა 18 ქულითა და 17 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ,,მგზავრების“ მხრიდან ყველაზე შედეგიან ბრენდონ პიტერსის ანგარიშზე 20 ქულაა. ორმაგი დუბლი შეასრულა დერნერ ტეილორმა ( 17 ქულა, 10 მოხსნა).

,,ოლიმპი“-,,რუსთავი“ 68:74 (ძ.დ. 61:61)

(15:17, 14:17, 18:7, 14:20, დ.დ 7:13)

,,დინამო“-,,ბათუმი“ 97:90

(23:22, 25:20, 22:19, 27:29)

,,სოხუმი“-,,ქუთაისი“ 86:90

(23:28, 20:23, 17:19, 26:20)

,,მგზავრები“-,,კაკტუსი“ 82:87

(19:12, 18:23, 15:25, 30:27)

1 დინამო 9 9 / 0 772 / 626 18
2 ქუთაისი 9 7 / 2 736 / 696 16
3 რუსთავი 8 6 / 2 646 / 624 14
4 ბათუმი 9 5 / 4 701 / 665 14
5 კაკტუსი 9 4 / 5 731 / 768 13
6 მგზავრები 9 1 / 8 639 / 749 10
7 სოხუმი 8 2 / 6 654 / 713 10
8 ოლიმპი 9 1 / 8 589 / 627 9
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.079025