ფეხბურთი

10:52 | 6.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძე: “ვფიქრობ, ნაკრებში შანსს ვიმსახურებ”
“სამტრედიამ” ყველაფერი მომცა, რისი მოცემაც საქართველოში გუნდს შეუძლია”

საქართველოს უმაღლესი ლიგის გარდამავალ ჩემპიონატში თუ ვინმეს გამორჩევა შეიძლება, ეს პირველ რიგში “სამტრედიას” თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძეა. იმედისმომცემი ფორვარდი მართლაც ჩინებულ სეზონს ატარებს – 11 გოლი გარდამავალ ჩემპიონატში და ორი ერთმანეთზე უკეთესი გოლი ფინალური რაუნდის პირველ მატჩში. მოკლედ, ბუდუს საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირობა გარანტირებული აქვს და ჩემპიონობასთანაც ახლოსაა. მისმა “სამტრედიამ” ხომ პირველ მატჩში “ჩიხურას” 2:0 მოუგო, რაც სერიოზული ფორაა. მას შარშანაც წარმატებული სეზონი ჰქონდა, 29 მატჩში 16 გოლი შეაგდო, მერე ევროპა ლიგაზე “გაბალას” კარიც დალაშქრა. სწორედ ამ აზერბაიჯანულ გუნდში შეიძლებოდა გადასულიყო იგი ზაფხულში, მაგრამ ახლა მომხდარს არ ნანობს და ამბობს, კარგია ტრანსფერი რომ ჩაიშალაო.

ზივზივაძეს worldsport.ge დაუკავშირდა და საინტერესო საუბარიც გამოვიდა. 22 წლის ფორვარდს წინადადებები უცხოეთიდანაც აქვს, მაგრამ როგორც თვითონ გვითხრა, ახლა მხოლოდ ფინალურ მატჩზე ფიქრობს და მერე უფრო მეტი საინტერესო წინადადება მექნებაო.

იქვე, ბუდუს საქართველოს ეროვნულ ნაკრებზეც ჩამოვუგდეთ სიტყვა და აღნიშნა, რომ ყველაფერს ვაკეთებ სამწვრთნელო შტაბს რომ მოვეწონო და ვნახოთ რა იქნებაო. რაც შეეხება “სამტრედიაში” გატარებულ პერიოდს – ზივზივაძე მიიჩნევს, რომ იმერულმა გუნდმა მას მისცა ყველაფერი, რისი გაღებაც საქართველოში გუნდს შეუძლია ფეხბურთელისთვის... ბოლოსკენ საინტერესო ბლიც ინტერვიუც ჩავწერეთ – მოკლედ, მივყვეთ თავიდან...

- როგორ შეაფასებდი “ჩიხურასთან” პირველ მატჩს?

- ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა ფინალიდან გამომდინარე და ასეცი იყო. ყველას გაანალიზებული გვქონდა თუ რამდენად მნიშნვნელოვანი იყო პირველ თამაშში გამარჯვება და ძალიან მობილიზებულნი ვიყავით. მწვრთნელის ყველა დავალება შევასრულეთ. ვფიქრობ, დამსახურებულად გავიმარჯვეთ სოლიდური ანგარიშით, თუმცა ეს არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას, რადგან მეტოქედ ძალიან კარგი გუნდი გვყავს და ყველაფერს გააკეთებს მეორე შეხვედრაში წარმატებისთვის.

- გამოდის, რომ საპასუხო მატჩშიც იგივე შემართება გექნებათ?

- დიახ, რა თქმა უნდა. ჩვენ ვისაც არ უნდა ვხდებოდეთ, ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ და ასე იქნება “ჩიხურასთანაც”. 2:0 რომ მოვიგეთ, ეს არ ნიშნავს, შემართება დავკარგოთ. პირიქით, გვაძლიერებს და უპირატესობას გვმატებს.

- პირადად შენს თამაშზე რას იტყვი. ჩემი აზრით, საქართველოს ჩემპიონატში ასეთ ლამაზ გოლებს ხშირად ვერ ვნახულობთ...

- პირველი ტაიმი “სამტრედიამ” ძალიან მაღალ ტემპში ითამაშა და ვფიქრობ, კომბინაციური გოლებიც ამის დამსახურება იყო. ასევე, რა თქმა უნდა, ვარჯიშებზეც ვმუშაობთ ასეთ კომბინაციებზე და ეს გვეხმარება თამაშის მოსაგებად. პირველი გოლი ნამდვილად უმაღლესი დონის კონტრშეტევა იყო. გამოვყოფდი დავით ჯიქიას გადაცემას. სიმართლე გითხრათ, არ ვთვლი, რომ მატჩის გმირი ვარ, რადგან ყველა ფეხბურთელმა ძალიან კარგად ითამაშა. მე უბრალოდ, თავდამსხმელი ვარ, მევალება გოლის გატანა და გავიტანე კიდეც, გამოვიყენე ის შანსი, რაც მივიღე. ასე რომ არ ყოფილიყო, ალბათ არც გავხდებოდი საუკეთესო ბომბარდირი – მოკლედ, ვაკეთებ იმ საქმეს, რაც მევალება.

- რა არის “სამტრედიას” მთავარი პლუსი?

- გუნდს ჰყავს გია ცეცაძე, რომელიც გვათამაშებს გამართულ, ლამაზ, სწრაფ, კომბინაციურ ფეხბურთს. ასევე, რა თქმა უნდა, ფეხბურთელებიც – დავალებებსაც ხომ შესრულება უნდა. ასე რომ, ჩვენ ერთი მთლიანი გუნდის მექანიზმი ვართ და ამიტომ მოდის ის შედეგი, რაც “სამტრედიას” აქვს.

- რა მოგცა “სამტრედიაში” გატარებულმა პერიოდმა?

- ძალიან გავიზარდე, როგორც ფეხბურთელი. მადლობას გადავუხდი გუნდს და მწვრთნელს, რომელიც ბოლომდე მენდობა. ვიტყოდი, რომ საქართველოში რაც შეიძლება მოგცეს გუნდმა, ყველაფერი გააკეთა. გავხდი საუკეთესო ბომბარდირი, ჩემპიონობასთან ახლოს ვარ. ამაზე მეტი ჩვენს ჩემპიონატში აღარ არსებობს და ესაა იმის წინაპირობა, რომ ჩემი კარიერა განვითარდეს.

- ალბათ, უცხოეთს გულისხმობ...

- დიახ. შემოთავაზებები არის, მაგრამ ჯერ კონკრეტული არაფერია და არც ვჩქარობ. ვფიქრობ, ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კიდევ გამოჩნდება კარგი ვარიანტები. კარგად დავფიქრდები და სადაც მეტი სათამაშო დრო მექნება, იქ წავალ.

- უფრო რომ დავკონკრეტდეთ...

- პოლონეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან. ასევე უნგრული ვარიანტიც არის და ვნახოთ რა გამოვა. ყველა უმაღლესი დივიზიონის გუნდია.

- რა მოხდა ზაფხულში რეალურად, როდესაც “გაბალაში” ტრანსფერი ჩაგეშალა?

- მოხდა ის, რომ ჩემს გარდა კიდევ 10 ფეხბურთელი ჰყავდათ შერჩეული. არადა, მე მითხრეს, რომ მხოლოდ შენთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებასო. შემდგომ გავიგე, რომ ასე არ იყო... ბოლოს კი, გურბანოვი დაიმატეს.

- დღევანდელი გადმოსახედიდან, კარგია თუ ცუდი, ასე რომ მოხდა?

- ვფიქრობ, კარგია. გულის სიღრმეში მინდოდა, რომ ბომბარდირი გავმხდარიყავი და შემდეგ წავსულიყავი უცხოეთში. და რა თქმა უნდა, ჩემპიონიც.

- მაშინ არ გქონდა სხვა ვარიანტები?

- არა, მაშინ მხოლოდ “გაბალა” მიწვევდა.

- ვიცი, რომ ფინალის საპასუხო თამაშზე დასწრებას ვლადიმირ ვაისი აპირებს. საქართველოს ნაკრებში მოხვედრაზე ალბათ უკვე უნდა ფიქრობდე...

- რა თქმა უნდა. ყველა ფეხბურთელის ოცნებაა ნაკრებში თამაში და მათ შორის, მეც მსურს ეროვნული ნაკრების მაისური ჩავიცვა. ყველაფერს ვაკეთებ, რომ ვლადიმირ ვაისი ჩემით დაინტერესედეს და ვნახოთ, რას გადაწყვეტს. მთლიანად სამწვრთნელო შტაბზეა დამოკიდებული ფეხბურთელის გამოძახება, არგამოძახების საკითხი. თუმცა ვფიქრობ, რომ საქართველოს ჩემპიონატიდან თუ ფეხბურთელები იმსახურებენ გამოძახებას, მათ შორის, მეც უნდა ვიყო...

ბლიც ინტერვიუ:

- საუკეთესო მეკარე ისტორიაში?

- ჯანლუიჯი ბუფონი.

- მცველი?

- პაოლო მალდინი.

- ნახევარმცველი?

- ანდრეს ინიესტა, საუკეთესო ფეხბურთელი ჩემთვის.

- თავდამსხმელი?

- ბრაზილიელი რონალდო. ლიონელ მესი უფრო სხვა განზომილებაა.

- გუნდი?

- “ბარსელონა”.

- საუკეთესო მწვრთნელი დღეს?

- დიეგო სიმეონე – უმაგრესია!

- მეკარე, რომელსაც გაუტანდი გოლს და მერე იამაყებდი ამით?

- ბუფონი! ის ხომ ნომერ პირველია მსოფლიოში. შვილიშვილებს მოვუყვებოდი (იღიმის).

- ფეხბურთელი, რომლის გვერდითაც თუნდაც ერთი წუთი ითამაშებდი?

- ლიონელ მესი და ზინედინ ზიდანი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112143