ფეხბურთი

22:57 | 5.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლორიამ ოქრიაშვილს მოგება არ დაანება, ჯანო სკამზე დატოვეს (+VIDEO)

რუსეთის პრემიერლიგა დიდ, სამთვიან შესვენებაზე გავიდა. 2016 წლის დასკვნით სათამაშო დღეს კი, ქართული დერბი შედგა: თორნიკე ოქრიაშვილის "კრასნოდარი" და გიორგი ლორიას "კრილია სოვეტოვი" დაზავდნენ - 1:1. სტუმართა შორის, ტრადიციულად 90 წუთი გაისარჯა ლორია, რომელმაც დამაჯერებელი მატჩი ჩაატარა და მაღალი შეფასებაც მიიღო, 7 ქულა. რაც შეეხება ოქრიაშვილს, თორნიკე მოედანზე 59-ე წუთიდან გამოჩნდა, თუმცა თავი არაფრით გამოუჩენია. 17 ტურის თავზე "კრასნოდარს" 28 ქულა აქვს და "ტერეკთან" ერთად მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფს. ლორიას "კრილია" კი, 15 ქულით მეთორმეტე ადგილზეა. უშუალოდ ქართველებს რაც შეეხებათ: ლორიამ პრემიერლიგის 17-ვე მატჩი ჩაატარა (1530 წუთი) და 20 გოლი გაუშვა, ხოლო ოქრიაშვილმა 9-ჯერ იასპარეზა (350 წუთი) და ერთი გოლი გაიტანა.

დღესვე, წესით ქართველებს ერთმანეთის პირისპირ უნდა ეთამაშათ "სპარტაკისა" და "რუბინის" მატჩში, მაგრამ... საბა კვირკველიას უთამაშებლობას დავეჩვიეთ და განაცხადში ამჯერადაც ვერ მოხვდა, ხოლო ჯანო ანანიძემ 90 წუთი მინდორის ნაცვლად, სკამზე გაატარა, რაც მოულოდნელობა იყო. საბოლოოდ, "სპარტაკმა" 2:1 იმარჯვა და ლიდერია 40 ქულით. მეორე ადგილოსან "ზენიტს" 35 ქულა აქვს. "რუბინი" კი, 23 ქულით მეცხრეა. კვირკველიას მიმდინარე სეზონში არ უთამაშია და იმედია ზამთარში კლუბს შეიცვლის, ანანიძე კი, მოედანზე 11-ჯერ იყო (740 წუთი) და 4 გოლის გატანა შესძლო.

რუსეთის პრემიერლიგა დამდეგი წლის 3 მარტს განახლდება.

0.161825