ქუთაისში მიმდინარე საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის ბოლო მეშვიდე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს მეორე ადგილზე მყოფი ,,ქუთაისი“ და ერთპიროვნული ლიდერი ,,დინამო“ ხვდებოდნენ. მესამე მეოთხედის დასრულებამდე 1 წუთითა და 58 წმ-ით ადრე, მაშინ, როცა ანგარიში იყო 68:56 სტუმართა სასარგებლოდ, მატჩი ჩაიშალა.
სიტუაციაში გასარკვევად worldsport.ge ,,ქუთაისის“ მთავარ მწვრთნელს კოტე ტუღუშს დაუკავშირდა.
,,შეხვედრა მოედნის მსაჯების გადაწყვეტილებით ჩაიშალა. მათ ჩათვალეს, რომ გულშემატკივართა ზღვარს გადასული ქმედებების გამო დარბაზში უსაფრთხოება არ იყო დაცული. ჩემთვის ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს კალათბურთის ფედერაცია“,- გვითხრა ტუღუშმა.
სიტუაციაში უკეთ გარკვევის მიზნით worldsport.ge საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურსაც დაუკავშირდა. დაგვპირდნენ, რომ დაწვრილებით ინფორმაციას მოგვაწვდიდნენ, რომელსაც ველოდებით და მიღების შემთხვევაში მოგაწვდით.







