ფეხბურთი

17:25 | 16.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

კარლეს პუიოლი: “ბარსას” დატოვების მიზეზი არ მქონია, მაგრამ “მილანში” სიამოვნებით გადავიდოდი”
“დარწმუნებული ვარ, ლიონელ მესი ისტორიაში საუკეთესოა”

ესპანური ფეხბურთისა და კატალონიის “ბარსელონას” ლეგენდამ კარლეს პუიოლმა საფეხბურთი კარიერა ორ წელზე მეტია რაც დაასრულა. მას შემდგომ კარლესი ჩრდილში მოექცა, რაც გასაკვირი არაა – არასდროს უყვარდა ჟურნალ-გაზეთების პირველ გვერდზე გამოჩენა.

თუმცა, 38 წლის პუიოლს იტალიური “გაძეტა დელო სპორტისთვის” საკმაოდ ვრცელი და საინტერესო ინტერვიუს მიცემა მაინც მოუწია. საუბარი სხვადასხვა თემას დაეთმო, მათ შორის “ბარსელონას”, ესპანეთის ნაკრებს, ლიონელ მესის და იტალიურ ფეხბურთსაც კი.

- რამდენად ხშირად გაქვთ ურთიერთობა ყოფილ თანაგუნდელებთან?

- “ბარსა” არის გუნდი, რომელიც მუდმივად ჩემს გულშია. 19 წელი ჩემი სახლი იყო. ბევრი მეგობარი მყავს იქ, მაგრამ განსაკუთრებთ ლუის ენრიკესთან, პიკესთან, ინიესტასთან, ჩავისთან და აბიდალთან ვურთიერთობ. დიდებულია, როცა ჩვენ ფეხბურთის შესახებ დისკუსია გვაქვს.

- არასდროს გიფიქრიათ “ბარსელონას” დატოვებაზე?

- ამისათვის მიზეზი არ მქონია – ჩემი გუნდი იყო ძლიერი, გამარჯვებული. მაგრამ თუ არჩევანი მექნებოდა, “მილანში” სიამოვნებით გადავიდოდი თავის დროზე. იმედია, “როსონერი” მალე ძველ დიდებას დაიბრუნებს.

- რომელმა მწვრთნელებმა იქონიეს ყველაზე დიდი გავლენა თქვენს კარიერაზე?

- პირველ ყოვლისა, ლუის ვან გაალი უნდა ვახსენო. სწორედ მის დროს მქონდა დებიუტი მთავარ გუნდში 1999 წელს. მისი ძალიან მადლიერი ვარ.

- პეპ გვარდიოლამ დამატებით ღირებულებები მოგცათ?

- ის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია – მის ხელში ნამდვილად უკეთესი გავხდი.

- მანამდე იყო ფრანკ რაიკაარდი...

- მან ჩემი აზროვნება შეცვალა. ჰოლანდიელთან ერთად ორჯერ ლა ლიგა და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ. რაიკაარდმა გუნდს ძალიან ბევრი რამ მისცა.

- დავასრულოთ დელ ბოსკეთი...

- ვისენტემ წარმატებით გააგრძელა ლუის არაგონესის დაწყებული გზა და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გახადა ესპანეთის ნაკრები, რითაც ისტორიაში შევიდა. მანაც დიდი სამუშაო გასწია.

- რას ფიქრობთ დღევანდელ ესპანეთის ნაკრებზე?

- მომწონს – ახალი პროექტია, ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელით. ზოგსაც საკმარისი გამოცდილება აქვს საერთაშორისო დონეზე.

- “ბარსელონაზე” რა აზრის ხართ?

- თუ არსებობს გუნდი, რომელსაც ყველაფრის მოგება შეუძლია, ეს “ბარსაა” – უბრალოდ საჭიროა საუკეთესო ფორმაში იყვნენ საჭირო მომენტში.

- ლუის ენრიკე იდეალური მწვრთნელი “ბლაუგრანასთვის”?

- აბსოლუტურად! ის ჩემთვის ნამდვილი ძმასავითაა. მას აქვს გამარჯვებისადმი მიდრეკილება.

- იტალიაში “იუვენტუსი” გახდება ჩემპიონი?

- ტურინში ძალიან კარგად მუშაობენ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთი მთავარი პრედენტია. მათ აქვთ იტალიური მენტალიტეტი, იტალიელებთან თამაში კი, ყოველთვის რთულია. ამასთანავე, თამაშობენ კარგ, ლამაზ ფეხბურთს. განსაკუთრებით შთამბეჭდავი კი სამკაციანი დაცვაა, რომელთა უკან ჯანლუიჯი ბუფონი დგას.

- რას ფიქრობთ, “ნაპოლის” შესახებ?

- არაა ადვილი გონსალო იგუაინი გაყიდო და მაღალ დონეზე დარჩე. მაგრამ ეს ერთიანი გუნდია, რომელთა შორის ესპანელები რეინა, ალბიოლი და კალეხონიც არიან.

- იტალიაში ბევრს საუბრობენ ბალოტელიზე...

- მარიომ სეზონი საუკეთესო კუთხით დაიწყო. მხოლოდ დისციპლინირებული უნდა გახდეს უფრო მეტად. მას აქვს იმდენი ხარისხი, რომ უმაღლეს დონეს კვლავ დაუბრუნდეს.

- ლიონელ მესი...

- ბურთით აკეთებს იმას, რაც წარმოუდგენელია. უკვე 10 წელია, რაც საოცარ დონეზე თამაშობს. ეჭვიც არ მეპარება, რომ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია.

- გრძელდება რონალდუსთან შედარებები, დაპირისპირებები...

- ორივეს აქვს სწორი მენტალიტეტი, ფეხბურთისადმი საოცარი ვნება. ჯერ კიდევ ახალგაზრდები გამოჩნდნენ ფეხბურთში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წელი ისევ ასეთ დონეზე იქნებიან.

- არავის ჰყავს “ბარსაზე” ძლიერი შემტევი ტრიო?

- მესი, სუარესი და ნეიმარი ერთად ბრწყინვალეა. რთულია მათ წინააღმდეგ მოთამაშე გუნდისთვის გააჩერო სამი ასეთი კალიბრის ფეხბურთელი.

0.111675