ფეხბურთი

18:26 | 2.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბრწყინვალე გოლები, ქუთაისელთა ფლანგები და ფინალი

ქუთაისის "ტორპედომ" თბილისის "დინამოს" საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალში 3:2 სძლია და ფინალში გავიდა, სადაც მარტვილის "მერანს" დაუპირისპირდება. ფინალი 22 ნოემბერს ზესტაფონის "დავით აბაშიძის" სახელობის სტადიონზე შედგება.

...თამაშს რაც შეეხება, ვისურვებდით, რომ ასეთები ბევრი იყოს როგორც თასზე, ასევე ჩემპიონატში. პრინციპული მეტოქეების დაპირისპირებამ გაამართლა, ლამაზი გოლებიც ვიხილეთ და დაძაბულობაც.

უფრო აქტიურად კახა ჩხეტიანის გაწვრთნილებმა დაიწყეს. თავიდან, 10 წუთის განმავლობაში უპირატესობა ჰქონდათ, ხოლო ოდნავ მოგვიანებით ანგარიშიც გახსნეს: ექს-დინამოელმა ვაჟა ტაბატაძემ შორიდან მძლავრად დაარტყა, ბურთი ძელს მოხვდა და ისე შევარდა კარში. მშვენიერი გოლი იყო...

მომენტი ჰქონდა ვახტანგ ჭანტურიშვილს, ოღონდ ვერ მოახერხა სიტუაციაში გარკვევა, ხოლო 29-ე წუთზე სუპერგოლი ვიხილეთ. ჯაბა ჯიღაურმა მაკრატელათი გაიტანა და 1:1. ჯიღაურმა ჯერ მკერდზე მიიღო ბურთი და შემდეგ მიაყოლა მაკრატელა.

უნდა ითქვას, რომ ტემპი დაბალი არ იყო, ორივე გუნდი გამწვავებას ცდილობდა და სანახაობრივი თამაში მიმდინარეობდა. ტორპედოელები ფლანგებიდან გაცილებით ეფექტურად თამაშობდნენ და ეს ეხებათ როგორც მცველებს (მარჯვნივ ვაჟა ტაბატაძე, მარცხნივ გიორგი ქიმაძე), ასევე ნახევარმცველებსაც (მარჯვნივ გრიგოლ დოლიძე, მარცხნივ ბექა ტუღუში).

მეორე ტაიმი დაიწყო თუ არა, ქუთათურები დაწინაურდნენ. მაღალი ჩაწოდება, ალეკო ამისულაშვილი უხეშად შეცდა და მკერდით ცუდად მოიგერია, გიორგი ქიმაძემ კი ახლო მანძილიდან ნუკრი რევიშვილს ზუსტად დაურტყა - 1:2.

კიდევ გაგრძელდა ქუთათურთა შეტევები, რევიშვილის კარი ერთხელაც გადარჩა (ტუღუშის აქტიურობისა და დოლიძის დარტყმის მერე), საპასუხოდ კი დინამოელებმა გაიტანეს: კარგი შეტევა მარჯვნიდან, ოთარ კიტეიშვილის პასი და ჯაბა ჯიღაურმა კუთხეში ზუსტად დაარტყა - 2:2.

ერთი წუთიც და "ტორპედო" მესამედ გადის წინ! დოლიძე მთელი მატჩის განმავლობაში აქტიური იყო და ამჯერად, გოლიც შეაგდო. ისევ ქიმაძე, მისი მშვენიერი გარღვევა, მეკარის ბაქანთან პასი და დოლიძემ დასწრებაზე ცარიელ კარში შეაგდო - 2:3.

ქიმაძეზე ცალკე ვთქვათ, რომ წლებია, სტაბილურად თამაშობს მარცხენა მცველად: მანამდე "ჩიხურაში" იყო და იქაც გამოირჩეოდა.

მალევე, შეცვლაზე შესული ბექა მიქელთაძის ჩაწოდების მერე ჯიღაური ახლოდან ურტყამდა ერთ შეხებაში და ოდნავ ააცილა. ცოტა დააკლდა ჰეთ-თრიქამდე. ეს თბილისელთა ბოლო სახიფათო მომენტი იყო, დარჩენილ დროში მხოლოდ შეტევის მცდელობები ვიხილეთ დინამოელთაგან - აქტიურობდნენ ოთარ კიტეიშვილი და მიქელთაძე, დანარჩენები კი მხარს ვერ უბამდნენ.

მე-80 წუთზე "დინამო" ათი კაცით დარჩა, რადგან ლადო დვალიშვილი გააძევეს. როგორც ჩანს, დვალიშვილმა უხეშად მიმართა მსაჯ არსენ ნონიკაშვილს. ასეა თუ ისე, "ტორპედომ" დამსახურებულად მოიგო და 2011 წლის შემდეგ პირველად გავიდა თასის ფინალში. 2011-ში მათ ფინალი წააგეს "გაგრასთან" (დამატებით დროში 0:1), ხოლო თასი ბოლოს 2001 წელს აიღეს.

"დინამოს" რაც შეეხება, გარდამავალ სეზონში უტიტულოდ დარჩა. ჩემპიონატში, მაქსიმუმ, მესამე ადგილს თუ დაიკავებს. ასეთი უიღბლო გამოდგა ვიაჩესლავ გროზნის დებიუტი დინამოელთა თავკაცის რანგში...

დინამო (თბილისი) - ტორპედო (ქუთაისი) 2:3 (1:1)

დინამო: რევიშვილი, ლოჩოშვილი (მიქელთაძე 55), ლობჟანიძე, ამისულაშვილი, ველევი, ცინცაძე, კიტეიშვილი, პარუნაშვილი (ზარია 59), ჭანტურიშვილი, ჯიღაური, დვალიშვილი

მწვრთნელი: ვიაჩესლავ გროზნი

ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე, გიორგი გურული, ჭიჭინაძე, ქიმაძე, ფალავანდიშვილი, მამასახლისი, ბაბუნაშვილი (კუჭუხიძე 62), კაპანაძე (ნერგაძე 88), დოლიძე (ბენაშვილი 85), ტუღუში

მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

გოლები: 0:1 ტაბატაძე (19), 1:1 ჯიღაური (29), 1:2 ქიმაძე (46), 2:2 ჯიღაური (62), 2:3 დოლიძე (63)

გაფრთხილება: ლობჟანიძე (12), კიტეიშვილი (72), ქიმაძე (76), ტაბატაძე (82), ჭანტურიშვილი (82)

გაძევება: დვალიშვილი (80)

მსაჯი: ნონიკაშვილი

0.130397