ფეხბურთი

15:43 | 2.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზესტაფონი - ქალაქი ფეხბურთით, ქალაქი უფეხბურთოდ
17-წლამდელთა გუნდი და მოლოდინის რეჟიმი

ბევრს აღუნიშნავს და ამაში სადავო არც არაფერია, რომ "ზესტაფონი" დააკლდა ქართულ ფეხბურთს. დააკლდა იმიტომ, რომ რიგითი გუნდი ნამდვილად არ იყო, ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი და საქართველოს ჩემპიონატში გამოირჩეოდა შემტევი, სანახაობრივი თამაშით. უფრო იმიტომ დააკლდა, რომ "ზესტაფონში" იზრდებოდნენ ფეხბურთელები, რომლებმაც შემდგომში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ითამაშეს, უმეტესობა მათგანი 21-წლამდელებში ლიდერიც კი იყო.

არაფერს ვამბობთ ინფრასტრუქტურაზე. ზესტაფონის "დავით აბაშიძის" სტადიონზე მშვენიერი მინდორია, ქალაქში არსებულ ბაზაზე კი სამი სტანდარტული მოედანია, ხოლო კლუბს თბილისშიც, ზღვის პირას აქვს ბაზა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ვარჯიშობს. დაგვეთანხმებით, საქართველოს კვალობაზე მართლაც ბევრია.

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" სახელით დღეს ერთი გუნდი თამაშობს. ეს გახლავთ 17-წლამდელთა გუნდი, რომელიც U17-ის ცენტრალურ ზონაში გამოდის და საკმაოდ კარგადაც. ზესტაფონელებს 10 მატჩში 6 მოგება და 4 წაგება აქვთ, ფლეი-ოფში გასასვლელად იბრძვიან. ასეთი სულ სამი ზონაა და მეოთხედფინალურ ფლეი-ოფში გავლენ ორ-ორი საუკეთესო, პლუს ორი საუკეთესო მესამეადგილოსანიც.

რას ნიშნავს ეს გუნდი ზესტაფონელთათვის და საერთოდ, რას ელის ქალაქი უახლოეს მომავალში საფეხბურთო თვალსაზრისით, ამის შესახებ "ზესტაფონის" მენეჯერი სერგო ფუტკარაძე გვიყვება:

"17-წლამდელთა გუნდის ჭაბუკები ბავშვობიდან ერთად მოდიან. მთავარი მწვღთნელი გურამ მაზმიშვილია, თანაშემწე კი მისი ვაჟი - ლაშა მაზმიშვილი. ბიჭები 7-8 წლისა იყვნენ, როცა გურამ მაზმიშვილის ხელში მოხვდნენ, მერე ზესტაფონის "ამირანის" სახელით თამაშობდნენ. შარშან, როცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" უსამართლოდ მოკვეთა ჩემპიონატიდან, აღნიშნული ჭაბუკთა გუნდი ადგილობრივმა სპორტულმა სკოლა "მარგვეთი-2006"-მა შეიფარა. ერთი სეზონი ითამაშეს მარგველთა სახელით. ისე, "ამირანამდე" და "მარგვეთი-2006"-მდე "ზესტაფონის" სახელით გამოდიოდნენ. 17-წლამდელებში 1999 წელს დაბადებულებს შეუძლიათ თამაში, მაგრამ ჩვენს გუნდში 1999-იანი არავინ არაა, 2000 წელს დაბადებულებით გამოდიან და ორნი სულაც 2001-იანები არიან".

ფუტკარაძემ გვითხრა, რომ მაზმიშვილების გაწვრთნილი გუნდი დასავლეთის ჩემპიონატში გამოდიოდა და ორჯერ გახდა ჩემპიონი, თანაც, დამაჯერებლად. აღნიშნული ტურნირი იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ტარდებოდა. თუმცა 17-წლამდელთა ჩემპიონატში, სადაც ახლა თამაშობენ, გაცილებით მაღალი დონეა, აქ გამოდის საკმაოდ ძლიერი "ლოკომოტივი" (ასევე 2000 წელს დაბადებულებით), სფფ-ის აკადემია (2001 წელს დაბადებულები), ქუთაისის "ტორპედო", "ავაზა", "სამტრედია", გორის "დილა", საჩხერის "ჩიხურა".

"გუნდში თითქმის ყველა ადგილობრივი ჭაბუკია. ზოგი ზესტაფონში მცხოვრებია, ზოგიც მიმდებარე სოფლებიდან. სამი თერჯოლელია, ახლა ფოთელი ბიჭიც შემოგვემატა. ისინი უზრუნველყოფილნი არიან ეკიპირებით და ტრანსპორტირებით. ესეც, რა თქმა უნდა, "ზესტაფონის" პრეზიდენტ ილია კოკაიას დამსახურებაა. ზოგადად, ბაზაზე ატარებენ საშინაო მატჩებს, თუმცა ერთი შეხვედრა "დავით აბაშიძეზეც" ჰქონდათ. ორი შეხვედრიდან ორივე მოვუგეთ სფფ-ის აკადემიას, ზესტაფონში "ლოკომოტივსაც" ვძლიეთ, ეს ორი გუნდი კი იმიტომ აღვნიშნე, რომ პირველ-მეორე ადგილზე არიან. ჩვენ მესამე-მეოთხე ადგილებს ვიყოფთ "სამტრედიასთან". თავიდან ძალიან გაუჭირდათ ბიჭებს და მიზეზი ერთია: ხელოვნურიდან ბუნებრივ საფარზე გადმოსვლა გაუჭირდათ, მიუჩვეველნი იყვნენ და კუნთების პრობლემა ჰქონდათ, რამაც ნელ-ნელა გაიარა".

ფუტკარაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, რომელმაც 100 ბურთი აჩუქა ამ გუნდს. სხვათა შორის, "ზესტაფონის" U17-მა გასულ ზაფხულს ლიტვაში მოიგო ტურნირი:

"ზესტაფონის საკრებულოს წევრი ვარ და ზაფხულში ლიტვაში ვიყავი, კერძოდ, ქალაქ ტაურაგეში. ზესტაფონი და ტაურაგე დაძმობილებული ქალაქებია, ჩვენ სამომავლო თანამშრომლობაზე ვისაუბრეთ, ჩატარდა სხვადასხვა ღონისძიებები და მათ შორის, საფეხბურთო ტურნირიც. დაპატიჟეს ჩვენი 17-წლამდელთა გუნდი, რომელიც იქ ჩემპიონი გახდა. ჩვენს გარდა, მოწვეულნი იყვნენ კლუბები კალინინგრადიდან, ლატვიიდან, ესტონეთიდან".

ზესტაფონში იგეგმება უფრო ქვედა ასაკის გუნდების ჩამოყალიბებაც. ფუტკარაძემ კი გვითხრა, რომ ჭაბუკთა გუნდს გათავისებული აქვს, რომ საქართველოს ორგზის ჩემპიონი კლუბის სახელს იცავენ:

"როდესაც ბიჭებმა გაიგეს, რომ "ზესტაფონის" სახელით უნდა გამოსულიყვნენ ასაკობრივ ჩემპიონატში, ძალიან გაუხარდათ. ეს მათ დიდ სტიმულს მატებს. გულშემატკივრებიც იმედიანად უყურებენ ამ გუნდს".

ჭაბუკები გასაგებია, მაგრამ მთავარი გუნდი? ფუტკარაძემ გვითხრა, რომ მთელი ქალაქი მოლოდინის რეჟიმშია:

"ერთი წუთითაც არ მეპარება ეჭვი, რომ სფფ-ის დღევანდელი ხელმძღვანელობა ადეკვატურად უყურებს საკითხებს. ისინი შეგვპირდნენ, რომ სამართლიანობას აღადგენენ და დაგვაბრუნებენ იმ ლიგაში, საიდანაც უსაფუძვლოდ მოგვკვეთა ფედერაციის წინა ხელმძღვანელობამ. თანაც, გავითვალისწინოთ, რისთვის მოგვკვეთეს? იმიტომ, რომ გარიგებულ მატჩზე დავიწყეთ საუბარი. პირიქით, მადლობა უნდა გადაეხადათ, ამის ნაცვლად კი... ამჟამინდელი ფედერაცია კი მკაცრად ებრძვის თამაშების ჩაწყობას, მათი დიდი იმედი გვაქვს, რომ სამართლიანობას აღადგენენ. მგონი, ყველა თანხმდება, რომ დასაკარგი კლუბი არ ვართ. ჩვენს ბაზაზე ეროვნული ნაკრები ვარჯიშობს, ჩვენს სტადიონზე წლეულს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ორი მატჩი გამართა (უკრაინასთან და ხორვატიასთან) და სფფ-ის ხელმძღვანელობისგან დადებითი შეფასებაც მიიღო. არაერთი შემოთავაზება გვაქვს გუნდებისგან, რომ "დავით აბაშიძეზე" გამართონ საშინაო თამაშები. აი, ბოლო პრეცენდენტიც: სწორედ ზესტაფონი უმასპინძლებს საქართველოს თასის ფინალს. დიდი მადლობა ფედერაციას, რომ ასეთი პატივი გვარგუნეს. გვერდში გვიდგანან, ამას ვხედავთ, მაგრამ სამართლიანობის აღდგენას ველით".

worldsport.ge "ზესტაფონის" ფან-კლუბის პრეზიდენტ კოტე ბოჭორიშვილსაც ესაუბრა. აი, მისი კომენტარიც:

"უპირველესად, ჩვენი ჭაბუკთა გუნდიდან დავიწყებ. იმედის თვალით შევყურებთ და გვიხარია, რომ ბოლო მატჩებში თითქმის მუდმივად იგებენ. თავიდან გარკვეული მიზეზების გამო შედეგიანად ვერ თამაშობდნენ, თუმცა გამოასწორეს. ილია კოკაიამ კარგი საქმე გააკეთა, რომ ეს კლუბი "ზესტაფონის" სახელით გამოდის ძლიერ ასაკობრივ ლიგაზე. სამწუხაროდ, მთავარი გუნდის გარეშე ვართ დარჩენილნი, ზესტაფონს დიდი ფეხბურთი ენატრება და ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დანაპირებს შეასრულებს, უსამართლოდ მოკვეთილებს სამართლიანად დააბრუნებს კუთვნილ ადგილას. რისთვის მოკვეთეს "ზესტაფონი" უმაღლესი ლიგიდან? იმიტომ, რომ ჩაწყობილი თამაში ამხილა და ეს იყო ფედერაციის წინა ხელმძღვანელობის დროს. ამჟამინდელი ფედერაცია კი საქმით ამტკიცებს, რომ ამგვარ გარიგებულ თამაშებს ებრძვის. განიხილონ ჩვენი საკითხი და სამართლიანობა აღადგინონ, მანამდე კი ის დაგვრჩენია, რომ იმედით ვუყუროთ ჩვენს ჭაბუკებს".

ტორპედო   0 - 1    დინამო თბ

შემადგენლობა

მოვლენები

ლოკომოტივი   1 - 1    შუქურა

შემადგენლობა

მოვლენები

ჩიხურა   4 - 1    ცხინვალი

შემადგენლობა

მოვლენები

დილა   1 - 0    კოლხეთი

შემადგენლობა

მოვლენები

დინამო ბთ   0 - 1    საბურთალო

შემადგენლობა

მოვლენები

ზუგდიდი   0 - 5    სამტრედია

შემადგენლობა

მოვლენები

Loading...
სტატისტიკა
0.252713