კალათბურთი

11:03 | 20.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზაზამ და "გოლდენ სტეიტმა" "ლეიკერსს" ისევ აჯობეს

ზაზა ფაჩულიამ „გოლდენ სტეიტის“ შემადგენლობაში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა. ოკლენდურმა გუნდმა შემდეგი საგამოფენო შეხვედრა ისევ "ლეიკერსთან" გამართა, რომელიც 5 დღის წინ 112:107 დაამარცხა. შეხვედრა ნეიტრალურ ტერიტორიაზე, სან დიეგოში გაიმართა და „ვორიორსმა“ ამჯერადაც იმარჯვა - 123:112.

ქართველი ცენტრი ტრადიციულდ სასტარტო ხუთეულში იყო და საერთოდაც, „გოლდენ სტეიტმა“ 6-ვე საგამოფენო შეხვედრა ერთი და იგივე ხუთეულით დაიწყო, რომელიც შემდეგნაირია: სტეფ კარი, კლეი ტომპსონი, კევინ დიურანტი, დრეიმონდ გრინი და ზაზა ფაჩულია.

ფაჩულიამ ახალ გუნდში სარეკორდოდ მეტი - 22 წუთი ითამაშა და შეხვედრა სროლათა ასპროცენტიანი მაჩვენებლით დაასრულა. ზაზამ 1-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მოპოვებულ 4 ქულას მან 6 მოხსნა, "გოლდენ სტეიტში" პირადსარეკორდო 5 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაყოლა, ხოლო ბურთი ერთადერთხელ დაკარგა.

ზაზას ლეიკერსელმა ოპონენტმა, ტიმოფეი მოზგოვმა 16 წუთი ითამაშა და 4 ქულა, 2 მოხსნა, 2 დაფარება და 1 პასი მიითვალა. მოზგოვმა 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო. ლოსანჯელესელთაგან 21 ქულით საუკეთესო იყო ახალბედა ბრენდონ ინგრამი. რაც შეეხებათ გოლდენსტეიტელ ლიდერებს, 32 ქულა ჩააგდო სტეფ კარიმ, ხოლო კევინ დიურანტმა 27 მიითვალა. ოკლენდელთა მეორე ცენტრმა, ჯავალ მაკგიმ 7 წუთი ითამაშა და 4-დან 4 ორქულიანით 8 ქულა დააგროვა.

„გოლდენ სტეიტი“ ბოლო საგამოფენო მატჩს 21 ოქტომბერს გამართავს შინ „პორტლენდთან“, ხოლო 25 ოქტომბერს ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის პირველ მატჩში „სან ანტონიოს“ უმასპინძლებს.

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117325