ფეხბურთი

21:37 | 30.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

მორიგი წარუმატებლობა: 17-წლამდე ნაკრები ელიტ რაუნდს მიღმა დარჩა

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ფინეთში მიმდინარე ევროპის 2017 წლის ელიტ რაუნდის შესარჩევ ციკლში ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრა ჩაატარა და ორი დღის წინანდელის მსგავსად წააგო. შესაბამისად, ჯგუფური ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, ელიტ რაუნდში გასვლის თეორიული შანსიც დაკარგა. გურამ ასპინძელაშვილის გუნდის მეტოქე ამჯერად მასპინძელი ფინეთი გახლდათ, რომელსაც I ტურში შვედეთთან 0:5 ჰქონდა წაგებული, თუმცა ქართველმა ფეხბურთელებმა ვერც მათთან შესძლეს რაიმე დასამახსოვრებლის შექმნა.

პირველმა ტაიმმა უგოლოდ გასტანა და ყველაფერი იქეთკენ მიდიოდა, რომ გოლი არ გავიდოდა, მაგრამ 61-ე და 67-ე წუთებზე ცოტნე კაპანაძემ მსაჯს ორი ყვითელი ბარათი დასტყუა და მოედანი ნაადრევად დატოვა. რიცხობრივი უპირატესობა ფინეთის ნაკრებმა ჩინებულად გამოიყენა და ამ მომენტიდან ზუსტად 4 წუთში წინ გავიდა: დიმიტრი ბულისკერიას კარი მაქსიმო ტოლონენმა აიღო. შეხვედრის დასრულებამდე 10 წუთი რჩებოდა და ასპინძელაშვილის შეგირდებს უკან დასახევი გზა აღარ რჩებოდათ, ამიტომაც შეტევაში გადავიდნენ, თუმცა გოლი ისევ თავის კარში მიიღეს – მსაჯის მესამე დამატებულ წუთზე იაკო ოკსანენმა გაგვიტანა.

აღსანიშნავია, რომ მატჩი საქართველოს ნაკრებმა 9 ფეხბურთელით ჩაამთავრა: მე-80 წუთზე წითელი ბარათი კიდევ ერთმა მცველმა გიორგი ჯინჯოლავამ მიიღო.

ასე და ამრიგად, ორი ტურის მერე საქართველოს 17-წლამდე ნაკრების მონაგარი 0 ქულა, არცერთი გატანილი და სამი გაშვებული გოლია. შესაბამისად, ბოლო ადგილზე იმყოფება. ჯგუფის ლიდერი შვედეთია, რომელმაც ორივე თამაში მოიგო (დღეს, ბულგარეთთან 3:1), ხოლო ბულგარეთისა და ფინეთის ნაკრებებს 3-3 ქულა აქვთ.

ბოლო ტური 3 ოქტომბერს გაიმართება: საქართველო ლიდერ შვედეთს ეთამაშება, ხოლო მასპინძელი ფინეთი ბულგარეთს გაეჯიბრება. შეგახსენებთ, ელიტ რაუნდში ჯგუფიდან პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები გავლენ. თუმცა, სამწუხაროდ მათ შორის, საქართველოს 17-წლამდე ვერცერთ შემთხვევაში ვეღარ მოხვდება...

საქართველო (U17) – ფინეთი (U17) 0:2 (0:0)

რაატი, “უოლუ არენა”

საქართველო (4-4-2): ბულისკერია; კაპანაძე, ჯინჯოლავა, გელაშვილი, ჯავახიშვილი; ივანიაძე (გულიაშვილი 61), დარციმელია (ლორთქიფანიძე 67), მევქაბიშვილი, ბაბუნიძე; დავითაშვილი, გაბუნია (გრძელიძე 77)

მწვრთნელი: გურამ ასპინძელაშვილი

გოლები: 0:1 ტოლონენი (71), ოკსანენი (80+3)

გაფრთხილება: მექვაბიშვილი (46), კაპანაძე (61, 67) - კატცი (5), სუჰონენი (15), იოკელაინენი (75), რაცი (80)

გაძევება: კაპანაძე (67), ჯინჯოლავა (80)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (2) – 13 (6) კუთხურები: 5:6 თამაშგარე: 1:3 ჯარიმა: 16:18

მსაჯი: პოლ მაკლაგინი (ირლანდია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111974