ფეხბურთი

10:00 | 1.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

თქვენ ირჩევთ – სექტემბრის თვის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი

თქვენ ირჩევთ – დღეიდან WORLDSPORT.GE წარმოგიდგენთ ახალ რუბრიკას ზემოხსენებული სახელწოდებით. წესები მარტივია: ჩვენ გთავაზობთ თვის განმავლობაში გამორჩეულ მოთამაშეთა სიას, თქვენ, გამოკითხვაში მონაწილეობით გამოავლენთ თვის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელს.

ვეცდებით კანდიდატურები მაქსიმალურად ობიექტურად შევარჩიოთ, დანარჩენი კი, უკვე ჩვენი მკითხველზე იქნება მინდობილნი და ასე გამოვლინდება თვეების მიხედვით საუკეთესო ქართველი ფეხბურთელები.

სექტემბერი უკვე მიილია – სანამ წარდგენილ ნომინანტებზე გადავალთ, მანამდე უნდა აღვნიშნოთ დანანებით, რომ დიდი არჩევანი მაინცდამაინც არ გვქონია – საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელებსა თუ ლეგიონერებს გასულ თვეში ციდან ვარსკვლავები არ დაუკრეფიათ და ამიტომაც, ამ თვის ნომინანტთა სია არცთუ ვრცელია.

აქვე, გეტყვით, რომ გამოკითხვა ჩვენს ვებგვერდზე ზუსტად სამი დღის განმავლობაში განთავსდება: 3 ოქტომბრის 23:59 საათამდე ვინც მიიღებს ხმათა უმრავლესობას, თვის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელიც ის იქნება. მოკლედ, დავიწყოთ, ჯერი თქვენზეა – თქვენ ირჩევთ!

ჯანო ანანიძე – “სპარტაკი”, რუსეთი

23 წლის ქართველი შემტევი კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს: 8 მატჩი 6 გოლი – ასეთია მისი საამსეზონო მონაგარი. რაც შეეხება უშუალოდ სექტემბრის თვეს, ჯანომ სამი შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. ჯერ საქართველოს ნაკრების რიგებში ავსტრიასთან მატჩში გამოირჩა კარგი თამაშით და “ოსტერეიხთან” მშრალზე რომ არ წავაგეთ, მისი ულამაზესი გოლის დამსახურებაა. მერე იყო გოლი “ორენბურგის” კარში, რომელიც რუსეთის პრემიერლიგის ტურის საუკეთესო გოლად დასახელდა, ხოლო “ო გლობოს” ვერსიით, კვირის ტოპ გოლებში მეორე ადგილზე გავიდა.

ვაკო გვილია - "ბატე”, ბელორუსი

ჯანოსი არ იყოს, საუკეთესო პერიოდი უდგას ვაკო გვილიასაც. 22 წლის ნახევარმცველი ბელარუსის ჩემპიონ “ბატეს” დღითიდღე უშინაურდება და გოლი გოლზე გააქვს – სექტემბერში მან 5 მატჩი ჩაატარა (4 “ბატეში”, 1 საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში) და 2 გოლი გაიტანა. ორივე საკმაოდ ლამაზი და ოსტატური. თასზე “ისლოჩის”, ხოლო ჩემპიონატში “ნაფტანის” კარში. საერთოდ, მიმდინარე სეზონში მას “ბატეს” რიგებში 4 გოლი დაუგროვდა. კარგი გარჯა ვაკოს დაუფასდა და ვლადიმირ ვაისმა იგი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მიიწვია – მის დებიუტს ოქტომბრის დასაწყისში უნდა ველოდეთ ეროვნულ გუნდში.

დავით ხოჭოლავა – “ჩერნომორეცი”, უკრაინა

თავდაპირველად ვთქვათ, რომ ოდესის “ჩერნომორეცს” უკვე მიჯრით 7 თამაშია გოლი არ გაუშვია. ამაში 23 წლის მცველის წვლილი დიდია. მას უკრაინაში ძალიან კარგი პრესა აქვს და ორჯერ ტურის სიმბოლურშიც მოხვდა – მათ შორის, ბოლოს ერთი კვირის წინ. ხოჭოლავას სექტემბერში უკრაინის პრემიერლიგაში სამჯერ მოუწია თამაში და მის გუნდს გოლიც არ გაუშვია. მთლიანობაში კი, ამ სეზონში 8 თამაშში 1 გოლი აქვს გატანილი (აგვისტოში “ზირკას” გაუტანა სამი ქულის მომტანი გოლი). იგი საქართველოს ნაკრებში ავსტრიასთანაც იყო გამოძახებული და სანაკრებო სიაში ამჯერადაც იმყოფება. ახალგაზრდა ფეხბურთელის პროგრესი თვალშისაცემია.

საბა ლობჟანიძე – “ჩიხურა”, საქართველო

საბა ლობჟანიძე “დინამო” თბილისმა “ჩიხურაში” გაანათხოვრა და შესაძლოა, ნანობდეს კიდეც. 21 წლის შემტევი ჩინებულ ფორმაშია: 5 მატჩი, 8 გოლი – ასეთია მისი იმერული მონაგარი. სექტემბერში, მან თასზე ხობის “კოლხეთს” ორჯერ გაუტანა, ხოლო ერთხელ ჩემპიონატში “გურიას” კარიც დალაშქრა ლამაზი გოლით.

ბუდუ ზივზივაძე – “სამტრედია”, საქართველო

რომ არა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ჩაშლილი ტრანსფერი, ახლა ბუდუ ზივზივაძე “გაბალას” ფეხბურთელი იქნებოდა. თუმცა, ფაქტია, წელს ისევ “სამტრედიას” მასიურით ირჯება და ჩვენს ჩემპიონატში კვლავ ერთ-ერთი საუკეთესოა. მისთვის ურიგო არც გასული თვე ყოფილა: ჩემპიონატში ფოთის “კოლხეთს” გაუტანა, ხოლო თასზე “ჩხერიმელას”.

გიორგი ნავალოვსკი – “ვერია”, საბერძნეთი

გიორგი ნავალოვსკი გასულ ზაფხულს საბერძნეთის სუპერლიგის ბინადარ “ვერიაში” გადაბარგდა და ნელ-ნელა ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად ყალიბდება. სუპერლიგა სულ სამი ტურია რაც დაიწყო, ნავალოვსკი ორჯერ სასტარტოში იყო, ერთხელ შეცვლაზე შევიდა. ხსნებულ სამ მატჩში კი 30 წლის მცველმა თავი ძალზე კარგად წარმოაჩინა: 2 საგოლე პასი გააკეთა – ჯერ პირეოსის “ოლიმპიაკოსთან”, მერე “პანიონიოსთან”. აღსანიშნავია, რომ “ვერიას” ჯამში 3 გოლი აქვს გატანილი და აქედან ორი გიორგის ასისტენტობით. თავი არც ეროვნულ ნაკრებში შეურცხვენია – ავსტრიასთან საკმაოდ აქტიური იყო და ცდა არ დაუკლია.

დავით სხირტლაძე – “სილკებორგი”, დანია

ბოლო დროს, ძალზე იშვიათობა გახდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ ქართველი ფეხბურთელების დუბლები – დავით სხირტლაძემ კი, ეს მიმდინარე სეზონში უკვე ორჯერ გაახერხა. ჯერ აგვისტოში, “ჰორსენსთან” (ბრწყინვალე გოლები) და მეორედ ახლახან “ოლბორგთან”. ნურც დანიის სუპერლიგას დავაკნინებთ, მისი ჩემპიონი როგორ გამოდის ჩემპიონთა ლიგაზე კარგად ვიცით. სხირტლაძეს სექტემბერში ეროვნულ ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი - ავსტრიასთან ცვლილებაზე შევიდა. ანანიძის გოლის დროს ასისტენტი სწორედ 23 წლის ფორვარდი იყო. ნაკრებში ამჯერადაც მიწვეულია.

როგორც ხედავთ, ჩვენი სექტემბრის თვის ნომინანტთა რაოდენობამ შვიდი შეადგინა. იმედია, ოქტომბერში უფრო მეტი არჩევანი გვექნება, თუმცა ბუნებრივია, ეს ჩვენზე არაა დამოკიდებული. ისევე როგორც ამ თვის გამოკითხვა: ახლა თქვენ ირჩევთ...

0.11846