ფეხბურთი

21:25 | 21.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე ოქრიაშვილის საგოლე პასი "კრასნოდარში" (+VIDEO)

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა რუსეთის თასის 1/16 ფინალურ მატჩში თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა. 24 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ნალჩიკში, “სპარტაკის” წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა და 87-ე წუთზე რიკარდო ლაბორდეს საგოლედ უპასა. “კრასნოდარმა” აღნიშნული თამაში 2:0 მოიგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

თორნიკემ ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო, სოლო რეიდით მეტოქის კარამდე იარა და ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ თანაგუნდელს გატანის შესაძლებლობა მისცა. შეგახსენებთ, ოქრიაშვილს დებიუტი “კრასნოდარში” სამი დღის წინ “როსტოვის” წინააღმდეგ ჰქონდა და არც იმ მატჩში უთამაშია ურიგოდ.

სამაგიეროდ, რუსეთის თასს დაემშვიდობა პრემიერლიგის ერთპიროვნული ლიდერი მოსკოვის "სპარტაკი". მასიმო კარერამ ხაბაროვსკის სკა-სთან სათამაშოდ სათადარიგო შემადგენლობა გაიყვანა და ეს მარცხად (0:1) დაუჯდა. 90 წუთი თადარიგში გაატარა ჯანო ანანიძემ, ხოლო რუსეთის მოქალაქე გიორგი მელქაძე ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა და 67-ე წუთზე შეცვალეს.

აქვე, მოგეხსენებათ "ურალის" რიგებში დუბლით გამოირჩა გიორგი ჭანტურია და ამის შესახებ WORLDSPORT.GE-მ მკითხველს უკვე აცნობა.

კვიპროსის ჩემპიონატის მეოთხე ტურში საკუთარ მოედანზე განადგურდა ქართველების "ახნასი", რომელმაც ლარნაკას აეკისგან სამი უპასუხო გოლი მიიღო. სამივე ჩვენებური, ნიკა კაჭარავა, გია გრიგალავა და გიორგი ილურიძე სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ - ამ უკანასკნელმა 55-ე წუთამდე ითამაშა, გრიგალავამ შეუცვლელად, ხოლო კაჭარავა მსაჯისგან 47 წუთში ორ ყვითელ და შესაბამისად წითელ ბარათს გამორჩა. "ახნასი" 4 მატჩში მოპოვებული ქულით ბოლო ადგილზეა.

0.107362