ფეხბურთი

10:28 | 18.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ლეგიონის ამბები

ქართული ლეგიონის ამბები დავიწყოთ ყაზახეთიდან, სადაც კახა ცხადაძის გაწვრთნილმა "ქაირათმა" შინ "ირტიშს" 2:1 სძლია. ცხადაძის გუნდი მეორე ადგილზეა და სავარაუდოდ ამ პოზიციაზე დაასრულებს ჩემპიონატს, რადგან ლიდერი "ასტანა" ერთი ქულით წინაა და თან ორი მატჩი მარაგში აქვს.

ამ მატჩში "ირტიშიდან" ერთადერთი გოლი შოთა გრიგალაშვილმა გაიტანა. მან მეკარის მიერ მოგერიებულ ბურთს დაამატა. გრიგალაშვილის გუნდი მეოთხე ადგილზეა.

ყაზახეთშივე, "ორდაბასიმ" შინ 1:0 იმარჯვა "ოკშეპტესთან" და მესამეზეა. "ორდაბასის" არცერთ ქართველ ლეგიონერს არ უთამაშია: გოგიტა გოგუა დისკვალიფიცირებული იყო, ხოლო ოთარ მარცვალაძე - ტრავმირებული.

საბერძნეთის სუპერლიგის მეორე ტურში თემურ ქეცბაიას აეკ-მა სტუმრად 2:0 აჯობა "ვერიას", რომლის შემადგენლობაში 83 წუთი ითამაშა გიორგი ნავალოვსკიმ. აეკ-ს ორ ტურში 6 ქულა აქვს, ხოლო ნავალოვსკის გუნდს - ნული.

ჰოლანდიაში არნემის "ვიტესმა" 2:0 მოუგო "გოუ ეჰედ იგლზს" და ექვსი ტურის შემდეგ, მეხუთე პოზიციაზეა. "ვიტესის" ქართველმა კაპიტანმა გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა.

ბელარუსში ბატე-მ 4:0 მოუგო "ნემანს". ვაკო გვილია სასტარტოში არ იყო, მაგრამ მალევე შეიყვანეს: მე-18 წუთზე. ბატე პირველ ადგილზეა 18-ქულიანი ჰანდიკაპით, ანუ თითქმის ჩემპიონია.

კვიპროსზე, "ახნასმა" შინ 1:2 წააგო "ომონიასთან" და სამი ტურის შემდეგ, ერთი ქულა აქვს. "ახნასში" ნიკა კაჭარავამ შეუცვლელად ითამაშა, გიორგი ილურიძე და გია გრიგალავა კი სათადარიგოები იყვნენ. ამ გუნდში კიდევ ერთი ქართველია, მაგრამ რუსეთის მოქალაქეობა აქვს: ნიკოლაი ყიფიანი. მან ბოლო 25 წუთი დაჰყო მინდორზე.

ჩეხეთში "ტეპლიცემ" სტუმრად 2:3 წააგო "პრიბრამთან" და მეშვიდეზეა. "ტეპლიცეს" სათადარიგოებში იყო ზურაბ ცისკარიძე, რომელიც უთამაშებელი დარჩა.

დანიაში "სილკებორგმა" სეზონში პირველად მოიგო. ეს მეცხრე ტურში, "ორჰუსთან" 1:0. "სილკებორგის" სასტარტოში იყო და 73-ე წუთამდე ითამაშა დავით სხირტლაძემ. როგორც იცით, სხირტლაძე ადრე "ორჰუსში" თამაშობდა და ყოფილი კლუბის წინააღმდეგ მოუწია გამოსვლა.

უნგრეთში ბუბა დაუშვილის "დიოშდიორი" შინ 1:1-ზე გაეყარა "მეზოკოვეშდს" და მეათე (ბოლოდან მესამე) ადგილზეა. დაუშვილი ძირითადში გახლდათ და 56ე წუთზე შეცვალეს.

პოლონეთში გიორგი მერებაშვილის "პლოცკმა" შინ 2:0 სძლია "პოგონს" და მეოთხე საფეხურზეა. მერებაშვილმა 81 წუთი ითამაშა, 1:0-ზე შეცვალეს.

პორტუგალიაში "მორეირენსემ" სტუმრად 0:2 წააგო "ეშტორილთან" და მე-13 ადილზეა. "მორეირენსეს" კარში გიორგი მაკარიძე იდგა, რომელმაც ორთი რთული ბურთი მოიგერია.

რუსეთში "ურალმა" შინ 0:1 წააგო "ანჟისთან" და ბოლოდან მეოთხე საფეხურზეა. გიორგი ჭანტურია სასტარტოში გახლდათ და ტაიმნახევარიც ითამაშა. "ურალის" მწვრთნელმა ვადიმ სკრიპჩენკომ ქართველი შემტევი გააკრიტიკა:

"ჯანსაღი კრიტიკა სასარგებლოა. როცა ამბობენ, ჩვენ კრეატივი გვაკლიაო, ამ კრეატივს ჭანტურიასგანაც ველით. მას არ აქვს ბურთის ამდენჯერ დაკარგვის უფლება. ყოველი დაკარგვა პოტენციურად სახიფათო მომენტია ჩვენს კართან. თუმცა მხედველობაში უნდა მივიღოთ ისიც, რომ ფეხბურთელი ჯერ სათანადოდ არაა მზად".

ესპანეთის სეგუნდა დივიზონში "ხიმნასტიკმა" სტუმრად 0:1 წააგო "ნუმანსიასთან" და ხუთი ტურის შემდეგ აუტსაიდერტა შორისაა. "ხიმნასტიკის" განაცხადში ოთარ კაკაბაძე არ ყოფილა.

უკრაინაში ოდესის "ჩერნომორეცმა" ლვოვის "კარპატისთან" სტუმრად 0:0 ითამაშა. ოდესელები მეხუთე ადგილზე არიან. მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა დავით ხოჭოლავამ, რომელიც შეუცვლელად გაისარჯა.

0.111539