ძიუდო

21:25 | 16.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდებმა ოქროს ორი შანსი ვერ გამოიყენეს

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა ფინალურ ბლოკში ოთხივე შეხვედრა წააგეს და ევროპის ჩემპიონატის პირველი დღე ორი ვერცხლის მედლით ჩაამთავრეს. თორნიკე ნაგლიაშვილი (66 კგ) და გიორგი კაციაშვილი (73 კგ) პოდიუმის მეორე საფეხურზე ავიდნენ. ირაკლი კუპატაძე (55 კგ) და მარიამ ჯანაშვილი (52 კგ) კი რეპეშაჟის ფინალში დამარცხდნენ და საპრიზო სამეულს მიღმა დარჩნენ.

თორნიკე ნაგლიაშვილმა ფინალის გზაზე ოთხი მეტოქე ჩამოიშორა: ბერძენი ალექსიოს ცარმანტიდისი, ფინელი ჰენრი მაატა, თურქი ჩენგიზხან დონმეზი და შვეიცარიელი ნილს სტამპი. ოთხივე იპონით. საჩემპიონო ბრძოლაში კი ბელარუს დმიტრი მინკოუს დაეჭიდა და მესამე წუთზე, შეტევისას სუფთა გდებაზე წამოეგო.

თორნიკე ნაგლიაშვილმა ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატებზე მედალი ზედიზედ მესამედ მოიპოვა. ამასთან, სამივეჯერ სხვადასხვა წონით კატეგორიაში. 2014 წელს 55 კილოგრამში ვერცხლს დაეუფლა, ხოლო 2015-ში – 60 კილოგრამში, ბრინჯაოს.

გიორგი კაციაშვილი ტატამზე ევროპის შარშანდელი პირველობის ბრინჯაოს პრიზიორის რანგში გავიდა. თორნიკე ნაგლიაშვილის მსგავსად, მანაც იპონ-იპონ ჩაიჭიდავა დილის პროგრამა. ევროპირველობა მონტენეგროელი ბალსა სინანოვიჩის ერთ წუთში ძლევით გახსნა. შემდეგ იტალიელ ანდრეა ჯისმონდოს, აზერბაიჯანელ ჰასილ ჯაფაროვსა და რუმინალ მარსელ ჩერცეას აჯობა, ხოლო ფინალში 23-წლამდელთა ევროპირველობის აზერბაიჯანელ ბრინჯაოს პრიზიორს ჰიდაიატ ჰეიდაროვს დაუპირისპირდა და მეოთხე წუთზე მტკივნეული ილეთით წააგო.

66 და 73 კილოგრამების გარდა, დღეს ვაჟებს შორის მედლები ორ უმსუბუქეს წონაში: 55 და 60 კილოგრამებშიც გათამაშდა.

მსოფლიოს შარშანდელი ახალგაზრდული ჩემპიონატის მესამეადგილოსანმა ირაკლი კუპატაძემ ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი ნახევარფინალში დაკარგა, აზერბაიჯანელ ნათიგ გურბანლისთან წაგებით, რაც მნიშვნელოვანწილად მსაჯის შეცდომამაც განაპირობა. "ბრინჯაოს ფინალში” კი ფრანგ მაქსიმ მერლინთან დამარცხდა. ამ ორ შეხვედრამდე კუპატაძემ რუმინელი ვლად ლუნკანისა და აზერბაიჯანელი კარამატ ჰუსეინოვის ძლევა მოასწრო.

55 კილოგრამში საქართველოს დროშის ქვეშ ევროკონკურენციაში დავით გეჯაძეც ჩაერთო, მაგრამ პირველსავე მეტოქესთან – მაქსიმ მერლინთან დამარცხდა.

ჭაბუკებს შორის ევროპის ორგზის და მსოფლიოს სამგზის პრიზიორმა, 18 წლის რობინზონ ბეგლარაშვილმა (60 კგ) ახალგაზრდული ევროპირველობა უნგრელი ბენც პონგრაცის იპონით ძლევით გახსნა. შემდეგ უკრაინელი არტემ ლესიუკიც ჩამოიშორა, მაგრამ ძირითად ბადეში გამოსვლა მეოთხედფინალში დაასრულა, იტალიელ მანუელ ლომბარდოსთან წაგებით. რეპეშაჟში კი პირველსავე მეტოქესთან – ფრანგ ჟოლან ფლორიმონთან დამარცხდა და საბოლოოდ მე-7 ადგილს დასჯერდა. ევროპის ჩემპიონი კი 60 კილოგრამში თორნიკე ჭკადუა გახდა, რომელმაც ოქროს მედალი ჰოლანდიის ნაკრებს მოუპოვა.

დღესვე, ესპანურ ტატამზე საქართველოს გოგონათა ნაკრების წევრები სალომე მარგიანი (48 კგ), მარიამ ჯანაშვილი, მზია ბებოშვილი (ორივე 52 კგ), ხატია ჯანაშვილი და ეთერ ლიპარტელიანიც (ორივე 57 კგ) გავიდნენ. მარიამ ჯანაშვილის გარდა ყველამ მხოლოდ თითო შეხვედრა ჩაატარა. მარგიანი შეჯიბრებას ჰოლანდიელ ამბერ გერჟესთან მარცხით გამოეთიშა, ბებოშვილმა სერბ ნადეჟდა პეტროვიჩთან წააგო, ხატია ჯანაშვილმა – რუს კარინა ჩერევანთან, ხოლო ლიპარტელიანმა – თურქ ილაიდა სეისთან.

მარიამ ჯანაშვილი საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო და რუსი ნატალია მალიუკოვა 21 წამზე დაანარცხა ბრუნით ბეჭებზე. ბრიტანელ ჩელსი გილესს წუთი და 9 წამი აკმარა და ნახევარფინალში გავიდა. იქ კი, თურქ ირემ კორკმაზთან საფინალო გონგამდე 21 წამით ადრე იპონზე წამოეგო. გადამწყვეტ ილეთამდე ჯანაშვილი მეტოქეს იუკოთი უგებდა.

ხვალ საპრიზო სამეულები ვაჟთა და გოგონათა დარჩენილ ოთხ-ოთხ წონით კატეგორიაში შეივსება. საქართველოს სახელით იჭიდავებენ: თამაზ კირაკოზაშვილი, გიორგი ქურდიანი (ორივე 81 კგ), ონისე სანებლიძე (90 კგ), დავით ოზბეთელაშვილი (100 კგ), გურამ ქოსმენაშვილი (+100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ).

ძიუდო

ევროპის ჩემპიონატი

ახალგაზრდები

მალაგა

16 სექტემბერი

ვაჟები

55 კგ

1 ნათიგ გურბანლი (აზერბაიჯანი)

2 ალი პაფოვი (რუსეთი)

3 ანდრეა კარლინო (იტალია)

3 მაქსიმ მერლინი (საფრანგეთი)

5 ირაკლი კუპატაძე (საქართველო)

60 კგ

1 თორნიკე ჭკადუა (ჰოლანდია)

2 ნეილ მაკდონალდი (ბრიტანეთი)

3 იოლან ფლორიმონტი (საფრანგეთი)

3 მანუელ ლომბარდო (იტალია)

7 რობინზონ ბეგლარაშვილი (საქართველო)

66 კგ

1 დმიტრი მინკოუ (ბელარუსი)

2 თორნიკე ნაგლიაშვილი (საქართველო)

3 ალბერტო გაიტერ მარტინი (ესპანეთი)

3 ნილს სტამპი (შვეიცარია)

73 კგ

1 ჰიდაიატ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი)

2 გიორგი კაციაშვილი (საქართველო)

3 მარტინ ჰოჟაკი (სლოვენია)

3 კრისტოფერ ვაგნერი (ავსტრია)

გოგონები

44 კგ

1 ჟუსტინ დელოილი (საფრანგეთი)

2 მარინ ჟილი (საფრანგეთი)

3 ლოის პეტი (ბელგია)

3 ვლადლენა ზერშნიკოვა (რუსეთი)

48 კგ

1 დარია ბილოდიდი (უკრაინა)

2 დარია პიჩკალევა (რუსეთი)

3 რეკა პუპი (უნგრეთი)

3 მირიამ შნეიდერი (გერმანია)

52 კგ

1 ნადეჟდა პეტროვიჩი (სერბეთი)

2 ირემ კორკმაზი (თურქეთი)

3 ასტრიდ ნეტო (საფრანგეთი)

3 ტიჰეა ტოპოლოვეცი (ხორვატია)

5 მარიამ ჯანაშვილი (საქართველო)

57 კგ

1 პაულინ სტარკე (გერმანია)

2 ანდრეა ლესკი (სლოვენია)

3 სტეფანია ადელინა დობრე (რუმინეთი)

3 იულია კოვალჩიკი (პოლონეთი)

Loading...
0.171198