ჭადრაკი

1:31 | 5.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვაჟები დაუმარცხებლად თამაშობენ, ქალებმა სენსაციურად წააგეს

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადაზე 3 ტური მიილია და თუკი საქართველოს ვაჟთა ნაკრები, ჯერჯერობით, დაუმარცხებლად ასპარეზობს, ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეულ საქართველოს ქალთა გუნდმა 1 მოულოდნელი წაგება უკვე მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ქალმა მოჭადრაკეებმა პირველ ტურში სმენადათქვეითებულთა გუნდს იოლად 4:0 სძლიეს, მეორეში კი ფილიპინებთან სენსაციური მარცხი (1.5:2.5) განიცადეს. რანგით გაცილებით დაბლა მდგარ მეტოქეებთან პარტიები დათმეს ბელა ხოტენაშვილმა (2463) და სალომე მელიამ (2419), ნანა ძაგნიძემ (2522) პარტია ფრედ დაასრულა, ნინო ბაციაშვილის (2474) გამარჯვება კი არაფრის მომცემი აღმოჩნდა.

მე-3 ტურში საქართველოს ქალთა ნაკრებმა ესტონეთს 3.5:0.5 სძლია (პარტიები ძაგნიძემ, ხოტენაშვილმა და ბაციაშვილმა მოიგეს), 4 ქულა მოაგროვა და დამატებითი მაჩვენებლებით მხოლოდ 29-ე ადგილზე იმყოფება. ქართველები მე-4 ტურში ეგვიპტეს ეთამაშებიან და ცხადია, ფავორიტებად მოიაზრებიან. ქულათა მაქსიმუმით (6) ოლიმპიადას რუსეთი, საფრანგეთი, ინდოეთი, რუმინეთი, ლიტვა, სერბეთი, შვედეთი, უკრაინა, უნგრეთი, ისრაელი, ლატვია, აზერბაიჯანის პირველი გუნდი და ყაზახეთი ლიდერობენ.

ვაჟთა ტურნირში საქართველოს ნაკრები მიანმარის დამარცხების (3.5:0.5) შემდეგ, ირანს დაუზავდა (2:2), მე-3 ტურში კი ლევან ფანცულაიას (2601) და თორნიკე სანიკიძის (2497) მოგებული პარტიების წყალობით, სლოვაკეთს აჯობა – 3:1. ამგვარად, ქართველმა მოჭადრაკეებმა თავი 5 ქულას მოუყარეს და დამატებითი მაჩვენებლებით 24-ე პოზიციაზე არიან, დღეს კი ძალებს ბულგარეთთან მოსინჯავენ.

3 ტურის თავზე 6-6 ქულით წინ რუსეთი, აზერბაიჯანის პირველი გუნდი, კუბა, აშშ, ჩინეთი, ჰოლანდია, ბელარუსი, ინგლისი, ინდოეთი, უკრაინა, რუმინეთი, ჩეხეთი, სლოვენია, ლატვია, სერბეთი და იტალია გაიჭრნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.179478