ფეხბურთი

11:14 | 27.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ მარცვალაძე - აფეთქება ჯერ კიდევ მოსალოდნელია (+VIDEO)

ამ პატარა სტატიას მხოლოდ იმიტომ არ ვწერთ, რომ მარცვალაძემ ყაზახეთის ჩემპიონატში გოლი გაიტანა.

ოთარ მარცვალაძე ის ფეხბურთელია, რომელიც სტაბილურობით ვერ გამოირჩევა, ხშირად იცვლის კლუბებს და ამის გამო დროც უცდება, თუმცა მისგან მაინც განსაკუთრებულს ელიან: მარცვალაძეს შეუძლია აფეთქებები, გადამწყვეტ სიტუაციაში თამაშის საკუთარ თავზე აღება და ორიგინალურის შექმნა.

ოთარი 31 წლისაა და საერთო აზრით, მისი ნიჭის პატრონს უფრო კარგი კარიერა უნდა ჰქონოდა. ხან ტრავმები, ხან, როგორც ვთქვით, კლუბების ხშირი ცვლა. ვინ იცის, სხვაგვარი ფეხბურთელი დამდგარიყო, კიევის "დინამოში" თავის დროზე შანსი რომ გამოეყენებინა.

მარცვალაძე ბევრს აღარ ახსოვდა, მაგრამ ის ისევ საქართველოს ეროვნულ ნაკრებშია. და ნაკრებში გოლით მოდის: მშვენიერი საჯარიმო დარტყმით, "ორდაბასის" "კახა ცხადაძის გაწვრთნილ "ქაირათთან" 2:1 მოაგებინა (ქართველი ფეხბურთელის გოლი იხილეთ ვიდეოში 4:27 წუთიდან). ამ გამარჯვებით, "ორდაბასიმ" ევროპის ლიგაზე გასვლის შანსი შეინარჩუნა. ოთარის თანაგუნდელმა გოგიტა გოგუამ ბოლო 10 წუთი ითამაშა.

საინტერესოა, რას აჩვენებს მარცვალაძე ავსტრიასთან მატჩში, თუკი თამაშის საშუალება მიეცემა. მას ერთი დამატებითი კარგი თვისებაც აქვს: მეტოქის ავტორიტეტს სულაც არ უშინდება, სულერთია, ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ თამაშობს თუ საქართველოს უმაღლესი ლიგის აუტსაიდერთან.

ალბათ, ყველას 2011 წლის 26 მარტი გაახსენდება, როცა მარცვალაძემ ჯაბა კანკავას გრძელი პასის შემდეგ ბურთი ჩამოიღო, ერთი მოძრაობით დარიო სრნა პირღია დატოვა და ლევან კობიაშვილს დაუგორა. მერე კი იყო დარტყმა და გადარეული სტადიონი.

ბოლო პერიოდიდან მარცვალაძის ერთ განსაკუთრებულ მომენტს გავიხსენებთ, გორის "დილამ" თბილისში 1:0 რომ მოუგო "დინამოს", რა დრიბლინგი განახორციელა, როგორ ჩამოიტოვა რამდენიმე მეტოქე და თემურ ღონღაძეს გაატანინა.

ეტყობა, ამიტომაც დააბრუნეს ნაკრებში. მარცვალაძისგან აფეთქებები ჯერ კიდევ მოსალოდნელია...

0.156269