ფეხბურთი

0:26 | 26.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბოლო 4 ევრომატჩი, 4 მარცხი, 0:8

თბილისის "დინამომ" სტუმრად 0:3 აღარ წააგო, ამჯერად 0:2 დამარცხდა სალონიკის პაოკთან. ამასაც არაუშავს პირველი თამაშიდან გამომდინარე - ბევრნი უფრო დიდ ანგარიშს ელოდნენ. არანაირი ირონია, უკვე ყველაფერი ჩავლილია და ისედაც ყველამ ვიცით, რომ "დინამო" ხელახლა შეიცვლება: ახალი გუნდი გაკეთდება და ეგებ, როდესმე ისე მოხდეს, რომ ევროტურნირებისთვის ბრძოლისუნარიანი კლუბის შექმნა მოხერხდეს.

მიდის დრო, წაგებას კი ვეგუებით. პაოკ-ი ძლიერი გუნდია, მაგრამ არც იმდენად, საშუალოზე თუნდაც დაბალი კლასის გუნდმა მასთან ორი მატჩის ჯამში 5 ბურთის სხვაობით წააგოს. პაოკ-ი ის გუნდია, რომელსაც უნდა ებრძოლო მაინც.

მე-5 წუთზევე ცივი შხაპი გადაგვასხეს მასპინძლებმა, კაბევერდელმა ფორვარდმა გარი როდრიგესმა ფაკუნდო პერეირასგან მიიღო პასი და ზუსტად დაარტყა. მეკარე ანტუან სკრიბე უძლური გახდა - 1:0. მალევე, ავსტრიელ მსაჯ ჰარალდ ლეხნერს შეეძლო პაოკ-ის კარში პენალტის დანიშვნა, მაგრამ გაჭირვებულს ქვა აღმართში დააწია: არადა, გიორგი პაპუნაშვილი საჯარიმოში წააქციეს.

ლეხნერმა "დინამოს" კარში დანიშნა პენალტი, რომელიც არ გავიდა: სკრიბემ კუთხურზე მოიგერია კამპოსის დარტყმული. სწორედ ეს კუთხური, ჩაწოდება და ცაველასის თავური ახლო მანძილიდან - 2:0. სკრიბემ ვერც გამოსვლაზე ივარგა და ნორმალურად არც კარში იდგა.

მატჩის ნახვა ინტერნეტში მოვახერხეთ და ცალკეულ მომენტებზე საუბრით თავს აღარ შეგაწყენთ. "დინამო" ამ შეხვედრაში განწირული იყო,. მითუმეტეს, სალონიკის გიჟმაჟი ფანებიც დამატებითი ფაქტორი იყო მასპინძელთა სასარგებლოდ.

ველოდებით სიახლეებს, რა მოხდება, რამდენად შეიცვლება შემადგენლობა. ისე კი, იურაი იარაბეკის გუნდიდან წასვლა, როგორც შევიტყვეთ, თითქმის გადაწყვეტილია. ისიც ვიცით, რომ მარტო მწვრთნელის ბრალი არაა ასეთი წაგებები, "დინამო" ვერ მოემზადა ამ ევროტურნირებისთვის, სატრანსფერო პოლიტიკა გაუგებარი იყო და შედეგიც სახეზეა.

ბოლო 4 მატჩში 4 მარცხი, ბურთების შეფარდება 0:8. ასე უსახელოდ დაასრულა "დინამომ" ევროტურნირებზე გამოსვლა. ანალიზია საჭირო და იმედია, როდესმე სწორ გეზს მაინც აიღებენ.

ამასობაში, აზერბაიჯანმა ორი გუნდი გაიყვანა ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე... დიდი ხანია, გაგვისწრეს საკლუბო ფეხბურთში, აღარ გვიკვირს.

ევროპის ლიგა. ფლეი ოფის საპასუხო მატჩი. პირველი - 3:0

პაოკ (სალონიკი) - დინამო (თბილისი) 2:0 (2:0) VIDEO

პაოკ: გლიკოსი, მატოსი, კრესპო (ვარელა 76), ცაველასი, ლეოვაცი (კიტსიუ 66), შახოვი (ბისესვარი 57), კანიასი, ციმირო, კამპოსი, როდრიგესი, ფ. პერეირა

მწვრთნელი: ვლადიმირ ივიჩი

დინამო: სკრიბე, ლობჟანიძე, რენე, ამისულაშვილი, შპიჩიჩი, ცინცაძე (ველევი 73), პარუნაშვილი, ალვარო, პაპუნაშვილი, კიტეიშვილი (ჭანტურიშვილი 62), დვალიშვილი (მიქელთაძე 77)

მწვრთნელი: იურაი იარაბეკი

გოლები: 1:0 გარი როდრიგესი (5), 2:0 ცაველასი (45)

44-ე წუთზე კამპოსმა ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)

გაფრთხილება: ალვარო (39), დვალიშვილი (62), პარუნაშვილი (63)

მსაჯი: ლეხნერი (ავსტრია)

0.138587