ფეხბურთი

11:26 | 20.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი აბურჯანია: “სევილია” რომ გიწვევს, უნდა სცადო და შანსი გამოიყენო”
“როდესაც კვიპროსში წავედი, ბევრი ამბობდა, გაუმართლებელი ნაბიჯი გადადგაო”...

“სევილიას” ნდობით ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ. თუმცა, ეიფორიაში ნამდვილად არ ჩავვარდნილვარ, რადგან ვიაზრებ, რამდენადაც სასიხარულოა, იმდენად საპასუხისმგებლოა. უფრო მეტი მოთხოვნებია, უფრო დიდი კონკურენციაა. ვფიქრობ, კარიერაში ხშირად არ დგება ის მომენტი, როდესაც “სევილია” გიწვევს და ჩემი აზრით, ამ შანსის ხელიდან გაშვება ცოტა არ იყოს, უაზრობა იქნებოდა”, - ასე შეაფასა WORLDSPORT.GE-სთან საუბარში გიორგი აბურჯანიამ “სევილიაში” გადასვლა.

21 წლის ქართველი ფეხბურთელი ამ ეტაპზე “სევილიას” მეორე გუნდში ითამაშებს, მაგრამ კონტრაქტი მთავარ გუნდთან აკავშირებს. შესაბამისად, ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი, რომ გიორგი ევროპა ლიგის მოქმედ ტრიუმფატორში ვიხილოთ – კონტრაქტი კი 4-წლიანია.

როგორც ჩვენთან საუბარში თავად გიორგი ამბობს, ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. თავს თუ გამოიჩენს, ხორხე სამპაოლის ყურადღებას მიიქცევს, მთავარ გუნდში აუცლიებლად დაწინაურდება.

ისე, აღვნიშნოთ, რომ გიორგი აბურჯანია მესამე ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ესპანეთის პრიმერადივიზიონში ითამაშებს გიორგი დემეტრაძისა და შოთა არველაძის შემდეგ.

- გულშემატკივარს რომ ვუთხრათ, როგორია კონტრაქტის დეტალები. რა შემთხვევაში მოხვდები პირველ გუნდში?..

- კონტრაქტი, როგორც უკვე იცით, ოთხწლიანია, ხოლო ძირითად გუნდში იმ შემთხვევაში მოვხვდები, თუ მთავარი მწვრთნელის, ხორხე სამპაოლის მოწონებას დავიმსახურებ. ჩვენ სათამაშო პრაქტიკასთან და ვარჯიშთან დაკავშირებით რაც მოვითხოვეთ თავიდანვე, ამ ყველაფერზე დაგვთანხმდნენ და ვფიქრობ, საერთო ინტერესებიდან გამომდინარე ყველაფერი შევაჯერეთ.

- რას ნიშნავს შენთვის “სევილიას” ნდობა და როგორ ფიქრობ, რამდენად მალე შეძლებ მთავარ გუნდში დაწინაურებას?

- “სევილიას” ნდობით ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ. თუმცა, ეიფორიაში ნამდვილად არ ჩავვარდნილვარ, რადგან ვიაზრებ, რამდენადაც სასიხარულოა, იმდენად საპასუხისმგებლოა. უფრო მეტი მოთხოვნებია, უფრო დიდი კონკურენციაა...

- როდესაც ორი წლის წინ, “ანორთოსისში” გადადიოდი, რამდენად გჯეროდა, ლა ლიგაში მოხვედრის ასეთ მოკლე პერიოდში?

- როდესაც კვიპროსში მივდიოდი პირველ ყოვლისა ჩემი თავის მჯეროდა. იყო ხალხი, რომელიც ჩემს ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებდა. ისეთი ხალხიც იყო, რომელიც ამბობდა, “ანორთოსისი” დიდი გუნდია, იქ არ ათამაშებენო... ყოველთვის ვცდილობ, ასეთ კომენტარებს ყურადღება არ მივაქციო. ჩემი მიზანი მაშინ ერთადერთი გახლდათ – მომემატებინა როგორც ფეხბურთელს, გავზრდილიყავი და აღმოვჩენილიყავი გაცილებით მაღალი დონის ჩემპიონატში. ისე კი, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასე მალე მოხდებოდა ეს ყველაფერი. ჯერ “ხიმნასტიკი”, 6 თვეში “სევილია”... თუმცა, ფეხბურთია და ხანდახან სასიამოვნო სიურპრიზებსაც გვთავაზობს.

- რა წვლილი მიუძღვის ტრანსფერში ტარაგონას “ხიმნასტიკს?

- “ხიმნასტიკს” წვლილი იმ მხრივ მიუძღვის, რომ მქონდა ნდობა გუნდის ხელმძღვანელობისგან, მთავარი მწვრთნელისგან, თანაგუნდელებისგან. ჩემი აზრით, ფეხბურთელისთვის მთავარი ნდობაა, სათამაშო პრაქტიკა, რამაც გამოიწვია “სევილიას” ინტერესი და ყველაფერი გადაიზარდა კონკრეტულ ნაბიჯებში.

- “სევილიას” პირველი გუნდიდან ვინმე თუ გაიცანი, მათ შორის მწვრთნელი და თუ კი, რა გითხრა ხორხე სამპაოლიმ?

- დიახ, გავიცანი. სასტუმროში ყველა ახალი ფეხბურთელი ერთად ვართ, რომლებსაც ჯერ კიდევ არ აქვთ ბინები გუნდში. მთავარი მწვრთნელიც აქაა, თუმცა მასთან არ მისაუბრია. ოფისში ვესაუბრე გუნდის მთავარ სკაუტსა და პირველი გუნდის სპორტულ დირექტორს. ჩვეულებრივი საუბარი იყო, წარმატებები მისურვა, გაცნობითი ხასიათის...

- როდიდან გაჩნდა “სევილიას” მხრიდან ინტერესი?

- როგორც ვიცი, “სევილიას” ჰყავს დიდი სკაუტთა ჯგუფი, რომლებიც თამაშებზე დადიან და ყველა საინტერესო ფეხბურთელს აკვირდებიან, მერე აჯამებენ და ისე იღებენ გადაწყვეტილებას. როდესაც ზამთარში მივედი ტარაგონაში, იქედან დაიწყო ყველაფერი, მაკვირდებოდნენ, მაგრამ ტრანსფერისთვის რეალური ნაბიჯები ივლისის დასაწყისში გადაიდგა.

- რატომ გაიწელა ტრანსფერის გაოფიციალურება აქამდე?

- სამუშაო ვიზა არ მქონდა ესპანეთში აღებული და ველოდებოდი. “ხიმნასტიკში” რომ დავრჩენილიყავი, მქონდა თამაშის უფლება, მაგრამ ახალი ტრანსფერის დარეგისტრირების უფლება არ მქონდა პასპორტით. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ზურაბ პოლოლიკაშვილს, რომელმაც ვისი შეწუხებაც შეიძლებოდა და ვისიც არა, ყველა შეაწუხა და ფედერაციიდან ალექსანდრე იაშვილს, ვინც გულთან მიიტანა ეს პრობლემა და გვერდში დამიდგა. ყველას დიდი მადლობა, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ პრობლემის მოგვარებაში.

- თუ პირველ გუნდში არ დაგაწინაურეს, მაშინ რა მოხდება?

- თუ ისე მოხდა, რომ პირველ გუნდში არ დამაწინაურეს, არც იმაში ვხედავ დიდ პრობლემას, სეგუნდადივიზიონში რომ დავრჩე, რადგან ვფიქრობ, სასწავლი ჯერ კიდევ ბევრი მაქვს და ვინც ჩახედულია ესპანურ ფეხბურთში, სეგუნდაც საკმაოდ მაღალი დონისაა. თუმცა, რა თქმა უნდა, ვგრძნობ გუნდის მხრიდან ყველანაირად დამოკიდებულებას, რომ ჩემი ეიმედებათ და აქვთ სამომავლო გათვლები, რაც სიმართლე გითხრათ, ძალიან მსიამოვნებს.

- როგორ ფიქრობ, რამდენად სწორი ნაბიჯია “ხიმნასტიკიდან” “სევილიას” მეორე გუნდში გადასვლა?

- ვფიქრობ, კარიერაში ხშირად არ დგება ის მომენტი, როდესაც “სევილია” გიწვევს და ჩემი აზრით, ამ შანსის ხელიდან გაშვება ცოტა არ იყოს, უაზრობა იქნებოდა. ფეხბურთელს ყოველთვის უწევს გუნდის გამოცვლა. თუ თვლი, რომ ამოწურე ერთ გუნდში შენი შესაძლებლობები, უნდა გადახვიდე სხვაგან. დღევანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობ, სწორი ნაბიჯია. თუ თავს კარგად წარმოვაჩენ, მაქვს შანსი რომ დიდ გუნდში ვითამაშო, ყველა იმ ტურნირში მივიღო მონაწილეობა, რომელსაც ტელევიზორში ვუყურებთ. თუმცა, რეალურად, რამდენად სწორი ნაბიჯი იყო, ამას მხოლოდ დრო გვაჩვენებს და დაველოდოთ... ნამდვილად არ მინდა, ვინმემ გაიგოს, რომ ეიფორიაში ვიმყოფები, თუმცა ახლა სწორ ნაბიჯად მიმაჩნია.

- რა ნომრით ვიხილავთ გიორგი აბურჯანიას “სევილიაში”?

- ნომერი ჯერ არ მაქვს არჩეული და ამ თემაზე არც გვქონია საუბარი. თუმცა, ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ცრუმორწმუნე არ ვარ.

- ფეხბურთელი, რომელსაც ლა ლიგაში მაისურს გაუცვლიდი?

- იმედია, ოთო კაკაბაძეს მომავალ წელს შევხვდები ლა ლიგაში და მას სიამოვნებით გავუცვლი მაისურს. ისე, არც ლუკა მოდრიჩზე ვიტყოდი უარს (იღიმის).

- საქართველოს ნაკრებზეც; ვლადიმირ ვაისი ჯაბა კანკავას შემცვლელად მოგიაზრებს. რას ფიქრობ ამის შესახებ?

- პირველ ყოვლისა მინდა ვლადიმირ ვაისს დიდი მადლობა გადავუხადო. ძალიან დიდი ბედნიერებაა საქართველოს ნაკრებში თამაში, თუმცა უდიდესი პასუხისმგებლობაც.

- 5 სექტემბერი და ავსტრიასთან მატჩიც მოახლოვდა. რას უნდა ელოდეს გულშემატკივარი შესარჩევ ციკლში და რის ხარჯზე შეგვიძლია წარმატების მიღწევა?

- ახალი ციკლი იწყება, ხალხს იმედი აქვს და ჩვენ ვეცდებით გავუმართლოთ ეს იმედი. ქართველი გულშემატკივარი ამას იმსახურებს, რასაც ევროპის თუ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში ჰქვია. რაც შეეხება რის ხარჯზე, ალბათ ისე, როგორც ესპანეთთან ვითამაშეთ. გუნდურად, ბრძოლისუნარიანობით. არის თამაშები, როდესაც იბრძვი, მაგრამ შედეგს ვერ აღწევ, თუმცა გულშემატკივარი, შედეგიდან გამოდინარე გამოიტანს დასკვნებს და იმედია, წარმატებული იქნება ეს შესარჩევი ციკლი.

- და ბოლოს, რას ეტყოდი ქართველ გულშემატკივრებს, რომელთაც წარუმატებლობების ფონზე ცოტა გულიც კი აუცრუვდათ ქართულ ფეხბურთზე...

- სამწუხაროდ ასეა – შეიძლება დაიღალნენ ამდენი იმედგაცრუებით. ვფიქრობ და დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველო საფეხბურთო ქვეყანაა, ნომერ პირველი სპორტის სახეობა და ხალხი ფეხბურთით იცხოვრებს. მინდა, რომ სტადიონზე დადიოდეს გულშემატკივარი და მათი საყვარელი გუნდი მოიგებს თუ წააგებს, გვერდში ედგნენ ბოლომდე. თუმცა, რაღა თქმა უნდა, ჩვენ, ფეხბურთელებმაც უნდა დავუფასოთ მათ გვერდში დგომა და შევძლებთ, რომ გავახაროთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113759