სხვა

16:50 | 17.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

კახი კახიაშვილი: “დარწმუნებული ვარ, უახლოეს წელიწადში ტალახაძე რეკორდებს ცალკეულ მოძრაობებშიც გააუმჯობესებს”
ელგუჯა ბერიშვილი: “ოლიმპიადაზე ყველაზე სწრაფი სპორტსმენი იამაიკელი ბოლტია, ყველაზე ძლიერი მამაკაცი – ტალახაძე”

2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე გასული დღე ქართული დელეგაციისთვის ისტორიული გამოდგა. თუკი ოლიმპიადის საწყის ათ დღეში ქართველთა მონაგარი თითო ვერცხლი და ბრინჯაო იყო, 16 აგვისტოს ყულაბას ძალოსნების ლაშა ტალახაძის და ირაკლი თურმანიძის ოქრო-ბრინჯაო და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძის ბრინჯაო შეემატა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვებ-გვერდთან ქართული ძალოსნობის ისტორიული გამარჯვება საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმაც შეაჯამა:

“ამ წარმატებას წინ უძღვოდა მთელი რიგი სამუშაოები. ფაქტიურად დაშლილი ფედერაცია ნელ-ნელა ჩავაყენეთ მწყობრში და დღევანდელ გამარჯვებამდე ლოგიკურად, ნაბიჯ-ნაბიჯ მოვედით. ლაშამ და ირაკლიმ თავიანთი შესაძლებლობები გამოიყენეს და ორი მედალი მოვიპოვეთ. ამასთან, ტალახაძემ მსოფლიოს ახალი რეკორდიც დაამყარა ორჭიდში. დარწმუნებული ვარ, უახლოეს ერთ წელიწადში ცალკეულ მოძრაობებშიც გააუმჯობესებს რეკორდებს”.

სამმედლიანი დღის შესახებ კომენტარი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველმა ვიცეპრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმაც გააკეთა:

“დღევანდელი დღე აუცილებლად შევა ქართული სპორტის ისტორიაში, რადგან მართლა უმნიშვნელოვანესი ამბები მოხდა – კვარცხლბეკზე ერთდროულად ავიდა ორი ქართველი გმირი სპორტსმენი. ლაშა ტალახაძე ერთ-ერთი ფავორიტი იყო, თუმცა ყველაფერი შეიძლება მომხდარიყო, რადგან მეტოქედ ასევე უძლიერესი ირანელი ძალოსანი ჰყავდა.

საბოლოოდ გამოჩნდა, რომ ირანელს არ ეყო ფიზიკური და ფსიქოლოგიური რესურსი წარმატების მისაღწევად. ლაშას გამოსვლამ კი დაგვანახა, რომ უფრო მაღალ წონებთან შეჭიდებაც რომ დასჭირვებოდა, მაინც ასწევდა. არანაკლებ სასიხარულოა ირაკლი თურმანიძის ბრინჯაო. ამ ბიჭმა ძალიან ბევრი იშრომა და შედეგიც სახეზეა.

რაც შეეხება ჭიდაობას, შმაგი ბოლქვაძე დღეს საოცრად კარგად გამოვიდა და მედალიც აშკარად დაიმსახურა. ბოლო წლებში ჩვენ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში სერიოზული პრობლემები გვქონდა და ამ სახეობაში წარმატებამ ძალიან გაგვახარა.

ამრიგად, დღეს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დღე იყო. მიმდინარე ოლიმპიადაზე ყველაზე სწრაფი სპორტსმენი იამაიკელი მძლეოსანი უსაინ ბოლტია. ყველაზე ძლიერი მამაკაცი – ლაშა ტალახაძე”.

0.116646