ფეხბურთი

15:17 | 13.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგის წინ: დიდი ხუთეული და ბევრი ინტრიგა

ინგლისის პრემიერლიგის 2016-2017 წლების სეზონი დღეს იწყება. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი საფეხბურთო სეზონი დღეიდან იღებს სტარტს, რადგან ტოპ ჩემპიონატთაგან პრემიერლიგა პირველია, რომელშიც ბურთი გაგორდება.

საერთოდ ინგლისის ჩემპიონატს ინტერესი და მოლოდინი არასდროს აკლდა, მაგრამ ახლა ეს განსაკუთრებულად გაზრდილია. რატომ? – მიზეზი მარტივია: პეპ გვარდიოლა “მანჩესტერ სიტიში”, ჟოზე მოურინიო “იუნაიტედში”, ანტონო კონტე “ჩელსიში”, იურგენ კლოპი “ლივერპულში”, არსენ ვენგერი ისევ “არსენალში” და რაღა თქმა უნდა, არც კლაუდიო რანიერისა და მოქმედი ჩემპიონის, “ლესტერ სიტის” დავიწყება შეიძლება. მივყვეთ თანმიმდევრობით და გავიგოთ, ვისგან, რას უნდა ველოდეთ.

ჩემპიონი “ლესტერი”

ზუსტად ერთი წლის წინ “ლესტერი” ბუკმეკერთა მიერ პრემიერლიგიდან გავარდნის მთავარ კანდიდატად იყო შერაცხული, მაგრამ როგორც დაასრულა რანიერის გუნდმა სეზონი ყველამ კარგად ვიცით. იგივე შედეგის გამეორება ძალზე რთული რომ იქნება ცხადია – “ლესტერი” აღარავისთვისაა სიურპრიზი, მას უკვე, როგორც ანგარიშგასაწევ ძალას ისე შეჰყურებენ და ისტორიაც გვაჩვენებს, რომ მისნაირ პატარა გუნდებს დიდი ფურორის შემდეგ მიწაზე დანარცხება სჩვევიათ. ისე, ამ დროისთვის, ნგოლო კანტეს თუ არ ჩავთვლით, “მელიებმა” უკლებლივ ყველა მნიშვნელოვანი მოთამაშის შენარჩუნება შეძლეს. რიად მაჰრეზი, ჯეიმი ვარდი, მიუხედავად არაერთი სარფიანი წინადადებისა, ჯერ კიდევ რანიერის განკარგულებაში იმყოფებიან. შევსების მხრივ კი “ლესტერს” ხმაურიანი არაფერი შემოუთავაზებია და დიდად გასაკვირი ეს არცაა. ახალწვეულებიდან ნიგერიელ აჰმედ მუსას თუ გამოვარჩევთ, რომელიც მოსკოვის ცსკა-ში წლების განმავლობაში წარმატებით ირჯებოდა. მოკლედ, “ლესტერის” გასწვრივ დიდი კითხვის ნიშანი იკვეთება. პრემიერლიგის ახალი სეზონიც ამ გუნდის თამაშით გაიხსნება სტუმრად “ჰალ სიტის” წინააღმდეგ.

დიდი ხუთეული

“იუნაიტედი”, “სიტი”, “ლივერპული”, “ჩელსი” და “არსენალი” – მანჩესტერულმა გუნდებმა ტრადიციულად სატრანსფერო ბაზარზე ფული ბლომად ხარჯეს და ახალი ფეხბურთელების დამატებაში თანხის გადახდა ნამდვილად არ დანანებიათ. სხვა საკითხია, როგორ გაამართლებენ ისინი ავანსსა თუ მოლოდინს. “ოლდ ტრაფორდზე” ორწლიანი მოღვაწეობის მერე ლუის ვან გაალს კარისკენ მიუთითეს და ჟოზე მოურინიო მიიწვიეს. ეს ჯერ კიდევ მაისში მოხდა და შესაბამისად, “განსაკუთრებულს” საკმაო დრო ჰქონდა იმისთვის, რომ გუნდი თავის სტილზე მოერგო. ხელმძღვანელობამ ჟოზეს არც სასურველი ფეხბურთელები დააკლო: ზლატან იბრაჰიმოვიჩი მათ შორის გამორჩეულია, რომელიც “მანკუნიანელებს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. საინტერესოა “ღმერთი” შეძლებს თუ არა, 35 წლის ასაკში ნისლიან ალბიონზეც ისე ათამაშებს, როგორც სჩვევია. პოლ პოგბა კი “ოცნების თეატრში” დაბრუნდა. თუმცა, მისი დაბრუნება “მანიუს” მეტად ძვირი დაუჯდა – 105 მილიონი ევრო. ყველაზე ძვირი ტრანსფერი ფეხბურთის ისტორიაში. მოურინიოს განკარგულებაში ერიკ ბაილი და გენრიხ მხითარიანიც იქნებიან. მოკლედ, ჟოზეს ჩინებული შემადგენლობა ჰყავს და ჩემპიონობის გარდა, “მანჩესტერს” სხვა შედეგი ალბათ წარმატებად ვერ ჩაეთვლება.

პორტუგალიელისა არ იყოს, პეპ გვარდიოლაც ჯერ კიდევ გაზაფხულზე მივიდა “სიტიში” და მასაც თავზე საყრელად ჰქონდა დრო გუნდისთვის თავისი ფილოსოფია ჩაენერგა. მეორე მანჩესტერული გუნდისა არ იყოს, არც “სიტის” შეფებს დანანებიათ ფული ტრანსფერებისთვის: ლეროი სანე, ილქაი გუნდოგანი, ნოლიტო, გაბრიელ ჟესუსი და რაღა თქმა უნდა, ჯონ სტოუნსი, რომელიც მცველებს შორის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია 57 მილიონით... “სიტისგანაც” მხოლოდ ჩემპიონობას თუ მოითხოვს კაცი “იუნაიტედის” მსგავსად, მაგრამ საკითხავია, შეძლებს კი გვარდიოლა ინგლისში მისთვის ჩვეული ფეხბურთის ჩვენებას?..

იურგენ კლოპმა იმთავითვე აღნიშნა, ფეხბურთელში დიდ თანხას და მითუმეტეს 100 მილიონს არასდროს ვიხდიო და შესაბამისად, “ლივერპულს” განსაკუთრებული ტრანსფერები არ გაუჩარხავს. თუმცა, კლოპი, კლოპია. ყველამ კარგად იცის, როგორი გუნდის აწყობა შეუძლია გერმანელს არცთუ სახელოვანი მოთამაშეებით, თანაც მას დრო ბევრი ჰქონდა და “ლივერს” უკვე ძალიან კარგად იცნობს. ამასთან, გადაჭრით იმასაც ვერ ვიტყვით, რომ “ბითლომანების” შემადგენლობა ურიგოდ გამოიყურება. პირიქით, მეტად საინტერესო ფეხბურთელთა ნაზავმა მოიყარა თავი “ენფილდ როუდზე” და მთავარი კოზირი იურგენ კლოპიც იქაა.

გასული სეზონი “ჩელსისთვის” ყველაზე ცუდი იყო მას შემდგომ, რაც რომან აბრამოვიჩი პატრონობს. შესაბამისად ბევრი მოელოდა, რომ რუსი ოლიგარქი ჯიბეზე ხელს გვარიანად გაიკრავდა და “სტემფორდ ბრიჯზე” ვარსკვლავებს მიიწვევდა, თუმცა ასე არ მოხდა. ეს ალბათ ანტონიო კონტეს დამსახურებაა, რომელმაც არჩია, რომ ძველი გვარდიით იბრძოლოს მაღალი მიზნებისთვის. მაღალი მიზანი კი ერთადერთია – ჩემპიონობა. კონტემ თავად აღნიშნა, რომ სხვა დანარჩენი “ჩელსისთვის” წარუმატებლობა იქნება. მიუხედავად არცთუ ბევრი ახალწვეულისა, ლონდონელთა რიგები ორმა ფეხბურთელმა შეავსო და წესით, იტალიელი მათზე უნდა აპირებდეს გარკვეული იმედის დამყარებას: ნგოლო კანტე გასული სეზონის აღმოჩენა და ბევრისთვის საუკეთესო ფეხბურთელი პრემიერლიგაში და ნიჭიერი ბელგიელი მიჩი ბატჩუაი.

დიდი ხუთეულიდან ალბათ ყველაზე მცირე შანსი მაინც “არსენალს” უნდა მივცეთ, რომელიც ვიცე-ჩემპიონია. რატომ? მიზეზი მარტვია, “მეთოოფეებმა” სატრანსფერო ბაზარზე ჩვეულად “იაქტიურეს” – მათი ყველაზე ხმაურიანი შენაძენი გრანიტ ჯაკა გახლავთ “გლადბახიდან”. დანარჩენი ორის ვინაობა ბევრ თქვენგანს დააეჭვებს: ტაკუმა ასანო “იოკოჰამადან” და რობ ჰოლდინგი “ბოლტონიდან”. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ დიდი დროა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე და “არსენალს” შეუძლია შემადგენლობის გაძლიერება, მაგრამ იგივე სიტუაციაში მისი კონკურენტებიც არიან. და მაინც, ლონდონელთა ჩამოწერა არ ივარგებს, ეს ყველამ იცის. მესუტ იოზილისა და ალექსის სანჩესის კარგ თამაშზე შეტევაში ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. წესით, მათ არც აარონ რემზი უნდა ჩამორჩეს.

ხუთეულთან ერთ ნაბიჯში

დიდ ხუთეულთან ყველაზე ახლოს “ტოტენჰემი” დგას. გუნდი, რომელიც შარშან ძალზე ახლოს იყო ჩემპიონობასთან, თუმცა სეზონის ფინიშზე ფეხი დაუცდა და საბოლოოდ მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა. მაურისიო პოჩეტინიოს განკარგულებაში ყველა ის ფეხბურთელია, რომელიც “დეზების” წარმატების მთავარ საფუძველად მიიჩნევა – ერიკ ლამელა, დელეი ალი, ჰარი კეინი, უგო ლორისი თუ კრისტიან ერიკსენი. თუმცა, “მამლებს” სატრანსფერო ბაზარზე ჯერჯერობით განსაკუთრებულად არ უაქტიურიათ და მხოლოდ ვინსენ იანსენსა და ვიქტორ ვანიამას დასჯერდნენ. მიუხედავად ამისა, “უათ ჰართ ლეინის” ბინადართა შანსი მაინც სოლიდურად გამოიუყურება.

გასულ სეზონში რომ არა “ლესტერის” გასაოცარი ასპარეზობა, უდაო აღმოჩენად მეორე ლონდონური გუნდი “ვესტ ჰემი” ჩაითვლებოდა, რომელმაც ევროპა ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა. სლავენ ბილიჩის შეგირდთაგან ახლა გაცილებით მეტს მოელიან. მიზეზი მარტივია – “ჩაქუჩებმა” ძირითადი ბირთვი სრულად შეინარჩუნეს და ბაზარზეც იმაზე მეტად ნაყოფიერად იმუშავეს, ვიდრე აქამდე მათგან ვიყავით დაჩვეულნი. სხვა თუ არაფერი, ცოტა ხნის წინ “ვესტ ჰემმა” თავის ისტორიაში ყველაზე ძვირი შენაძენი განახორციელა: “სუონსიდან” 20 მილიონ ევროდ ანდრე აიუ დაიმატა. განელი შემტევი საკმაო გაქანების მოთამაშეა და ნამდვილად შეუძლია მაღალ დონეზე ბურთაობა. მის გარდა, უნდა გამოვარჩიოთ კიდევ ერთი აფრიკელი ახალწვეული ესპანური “ვალენსიადან” – სოფიან ფეგული, რომელსაც უმაღლეს დონეზე თამაშის გამოცდილება არ აკლია. საინტერესო მოთამაშეები არიან თურქი გოქან ტორე, არტუ მასუაკუ “ოლიმპიაკოსიდან” და ჰავარდ ნორდვეიტი “გლადბახის” ექსჩამშლელი. რაც მთავარია, “ვესტ ჰემმა” მიუხედავად დიდი ზეწოლისა, დღემდე მოახერხა და ფრანგი დიმიტრი პაიე შეინარჩუნა.

მეორე ათეული

ცხრილის მეორე ნაწილშიც მრავლადაა ისეთი გუნდი, რომლისგანაც “ლესტერ სიტიზე” ნაკლები იდეაში არ ჩამოყალიბდებოდა. განსაკუთრებით “საუთჰემპტონი” და “სუონსი” უნდა გამოირჩეს. ერთი ეგაა, “წმინდანებმა” ლიდერი სადიო მანე “ლივერპულს” მიასხვისეს, უელსელებმა კი ეშლი იანგი ლივერპულის მეორე გუნდ “ევერტონში” გაუშვეს. სხვათა შორის, არც ეს უკანასკნელი უნდა იყოს წესით, ხელწამოსაკრავი გუნდი. ანგარიშგასაწევი ძალაა მარკ ჰიუზის “სტოკ სიტიც”. სტოკელებმა ლიდერები მარკო არნაუტოვიჩი, ქსერდან შაქირი შეინარჩუნეს. აქვეა ბოიან კრკიჩი, ხოლო რაც შეეხება ახალწვეულებს, უდაოდ უნდა გამოვყოთ უელსელი ჯო ალენი, რომელსაც წარმატებული ევროპის ჩემპიონატი ჰქონდა ზაფხულში. სხვების მთავარი მიზანი კი, წესითა და რიგით, ოდენ არგავარდნა უნდა იყოს. მათ შორის, ახალწვეულების “ჰალ სიტის”, “ბარნლისა” და “მიდლსბროს”. საერთოდ, “ბორომ” ინგლისის ქვედა ლიგებში გაუთავებელი მოგზაურობა როგორც იქნა დაასრულა და პრემიერლიგას დაუბრუნდა. როგორც ჩანს, ამ გუნდს მიზნებიც სერიოზული აქვს. ყოველ შემთხვევაში სატრანსფერო პოლიტიკით “რივერსაიდელებმა” თავისი ეშელონის გუნდებს ნამდვილად აჯობეს. თუნდაც, ალვარო ნეგრედოს, ფაბიო და სილვას, ბრედ გუზანისა და ვიქტორ ვალდესის ტრანსფერებს თუ მივიღებთ მხედველობაში.

0.112055