სხვა

17:53 | 9.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ტალახაძე: “განსაკუთრებული ემოციაა, როდესაც დაჯილდოვებისას შენი ქვეყნის ჰიმნი ისმის”

ლაშა ტალახაძე ევროპის და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია, რომელიც რიოში ერთ-ერთი ფავორიტია. ის მზად არის ოლიმპიური ზეწოლისთვის. ლაშას მაგრად ეხმარება ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე. ის უკვე იყო ოლიმპიური ჩემპიონი. ადრე, ათენში. ტალახაძე გადის აკლიმატიზაციას. ტალახაძე მზად არის.

პირველი ოლიმპიადა.

ლაშა ტალახაძე: ჩამოვედი, დავისვენე, აკლიმატიზაციისთვის აუცილებელი დრო გავიდა და ხვდები, რომ ოლიმპიადა ყველაზე დიდი, გამორჩეული ტურნირია. ეს იყო ჩემი ოცნება და ეს არის ბევრი სპორტსმენის ოცნება. ალბათ, განსაკუთრებული ემოციები მოდის, როდესაც დაჯილდოვების ცერემონიალის დროს შენს გვარს აცხადებენ. როდესაც გესმის შენი ქვეყნის ჰიმნი. ვეცდები, ყველაფერი ეს რიოში მოხდეს. სპორტში ამაზე დიდი სიხარული, ბედნიერება არ არსებობს.

ოლიმპიურ სოფელზე.

ლ.ტ: მომწონს, ნორმალური პირობებია. ალბათ, ყველაფერი, რაც სპორტსმენისთვის აუცილებელია. ჩემთვის საკმარისია.

სავარჯიშო ციკლზე.

ლ.ტ: ნორმალურად მიდის. აკლიმატიზაცია გავიარეთ, შევდივართ ფორმაში. სწორი ვარჯიშის, რეჟიმის დაცვის გარეშე ტურნირს ვერ მოიგებ. ნიჭიც უნდა ავარჯიშო.

- ლაშა, ჩვენთან საუბარში ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ აღნიშნა, რომ სპორტსმენისთვის მთავარია სიმშვიდის შენარჩუნება. გამოდის?

ლ.ტ: კი, გამოდის. მშვიდად ვარ. მთავარმა მწვრთნელმა იცის, რას ნიშნავს ოლიმპიური ციკლი, რა არის საჭირო ოლიმპიადის მოსაგებად. აქ მხოლოდ მაქსიმუმისთვის ჩამოდიან და ეს შანსი უნდა გამოიყენო. ეს შანსი მხოლოდ 4 წელიწადში ერთხელ გაქვს.

დროის დეფიციტზე.

ლ.ტ: „სამწუხაროდ, ვერ ვესწრები სხვა ქართველი სპორტსმენების გამოსვლებს. მინდა, მაგრამ არ გამოდის. საშეჯიბრო დარბაზები შორს არის და ზედმეტი გადატვირთვა ამ ეტაპზე არ არის მიზანშეწონილი. არც ფსიქოლოგიურად, არც ფიზიკურად. ბედნიერი ვარ, რომ დღეს პირველი მედალი ავიღეთ. ვულოცავ ამ წარმატებას მთელ საქართველოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ტალახაძე აგრძელებს ვარჯიშს, მომზადებას პირველი ოლიმპიური ვოიაჟის დროს. ჩვენც ვაგრძელებთ რიოს ჩანახატებს და ველოდებით საქართველოს შემდეგ მედალს.

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეს-ცენტრი

0.126733