ფეხბურთი

16:26 | 8.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა კობერიძე: “ნაკრებში თამაში ღირსების საქმეა”

უკრაინის პირველი ლიგის გათამაშებაში ჩერნიგოვის „დესნას“ რიგებში ქართველი ფეხბურთელი, 21 წლის ნახევარმცველი ლუკა კობერიძე თამაშობს. დიდი ხანი არაა რაც ის უკრაინულ კლუბში გადავიდა, თუმცა სტაბილური თამაშით უკვე დაიმსახურა მწვრთნელის და ხელმძღვანელობის ნდობა. კობერიძე უკრაინაში გადასვლამდე ლანჩხუთის „გურიაში“ ირიცხებოდა, ორჯერ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებშიც უხმეს, თუმცა თამაშის შანსი არ ჰქონია. ქართველ ფეხბურთელს უკრაინაში შევეხმიანეთ.

- ლუკა, პირველ ყოვლისა მოგვიყევი , როგორ მოხვდი უკრაინაში?

- „დესნაში“ ლევან გულორდავას მოწვევით მოვხდი, რომელიც ამ კლუბში სპორტული დირექტორია. საკუთარ თავზე ძნელია საუბარი, უბრალოდ სადებიუტო მატჩშივე კარგად წარმოვაჩინე თავი, საგოლე პასიც გავაკეთე და მას შემდეგ სტაბილურად ვარ გუნდში. ხელმძღვანელობა ჩემით კმაყოფილია, მაგრამ უფრო მეტს ელოდებიან და ამისთვის ვმუშაობ.

- თუ შევადარებთ საქართველოს უმაღლეს ლიგას და უკრაინის პირველ ლიგას, სად უფრო უკეთესადაა საქმე?

- მე ქართველი ვარ და რა თქმა უნდა ყოველთვის მირჩევნია და ვცდილობ უკეთესი საქართველოში დავინახო, მაგრამ სამწუხაროდ, რეალობა სულ სხვა რამეს ასახავს. რთულია შედარება, აქ უფრო ორგანიზებული და დალაგებულია სიტუაცია.

- როგორც ვიცი, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში ორჯერ იყავი მიწვეული, თუმცა ნაკრების მაისურით ჯერ არ გითამაშია..

- დიახ ასეა, ორჯერ მქონდა მოწვევა. თავისი ქვეყნის ნაკრებში თამაში ყველა ფეხბურთელის ოცნებაა, ეს ღირსების საქმეა და ბევრს ვშრომობ იმისთვის, რომ მომეცეს შანსი 21- წლამდე ნაკრებში თამაშის. მთავარია მონდომება და ყველაფრის მიღწევა შეიძლება.

- „დესნაში“ როგორი სიტუაციაა ახლა?

- პირობები ნორმალურია. პირველი ლიგის გათამაშება ახალი დაწყებულია, 3 თამაში ვითამაშეთ აქედან ორი მოვიგეთ, ერთი წავაგეთ და სატურნირო ცხრილში ჯერჯერობით მე-5 ადგილზე ვართ.

0.13525