ფეხბურთი

13:02 | 8.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონის მწირი მოსავალი

არცთუ მოსავლიანი გამოდგა ქართველი ლეგიონერებისთვის გუშინდელი სათამაშო დღე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.

რუსეთის პრემიერლიგის მეორე ტურში ისევ მწირი სათამაშო დრო დაეთმო “ურალში” მოასპარეზე გიორგი ჭანტურიას, რომელმაც მოედანზე ოდენ 15 წუთი გაატარა. მისი გუნდი კი, გასვლაზე ვიცე-ჩემპიონ “როსტოვს” უგოლოდ დაუზავდა. “ურალს” ორი ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს და ლიდერთა შორისაა.

უკრაინის პრემიერლიგის მესამე ტურში ჯაბა ლიპარტიას “ზორიამ” შინ ოდესის “ჩერნომორეცი” 4:0 გაანადგურა. ქართველი შემტევი სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა, მაგრამ მწვანე მინდორზე 54-ე წუთიდან გამოჩნდა, როდესაც ანგარიში 3:0 იყო. სტუმართა რიგებში კი შეუცვლელად გაისარჯა ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავა, რომელიც 54-ე წუთზე გაფრთხილებას გამორჩა. სამი თამაშის შემდეგ “ზორიას” 7 ქულით მესამე ადგილი უკავია, ხოლო “ჩერნომორეცს” ჯერ ქულა არ აქვს და ბოლოსწინაა.

სანდრო კობახიძე ისევ ძირითად შემადგენლობაში გახლდათ და არც შეუცვლიათ ლვოვის “კარპატის” წინააღმდეგ. მისი “ვორსკლა” კი პოლტავაში მხოლოდ ქულას გამორჩა (1:1). სანდროს გუნდს სამ ტურში 4 ქულით მეხუთე ადგილი უკავია.

ნორვეგიის ტიპელიგის მე-19 ტურში გიორგი გოროზიას “სტაბეკი” შინ “ჰაგესუნდთან” დამარცხდა (0:1). გიორგი ტრადიციულად თავისი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა, მაგრამ ინერტულობის გამო 58-ე წუთზე შეცვალეს. “სტაბეკი” 19 ტურის მერე გასავარდნ ზონაშია 16 ქულით.

დებიუტის მოლოდინშია ვენის “რაპიდში” ახლახან გადაბარგებული გიორგი ქვილითაია. მას ტრავმის გამო ვენის დერბში “აუსტრიასთან” არ უთამაშია. მისმა თანაგუნდელებმა კი ადვილად იმარჯვეს – 4:1. “რაპიდს” 3 თამაშში 6 ქულა აქვს და მეორეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.136571